“რევოლუციური” – თურნავა ევროპაში დასაქმებაზე ივანიშვილის ინიციატივაზე

“რევოლუციური,” – ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველების გადამზადებისა და უცხოეთში დასაქმების შესახებ.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში, რომელიც იყო ყოვლისმომცველი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტით, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, აქცენტს დასაქმების ნაწილზე გავაკეთებ, რომელიც მართლაც რევოლუციურია, თუ ამას ობიექტურად და ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე შევხედავთ და გავაანალიზებთ,” – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ღირსეული დასაქმების ლეგალური შესაძლებლობების გაჩენა ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

“ე.წ. ცირკულარული მიგრაციის უფლება არის ის, რისთვისაც ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ ვიბრძოლეთ და 2014 წელს ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, მის საფუძველზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ თავს ვგრძნობთ საერთო ევროპული სახლის ნაწილად და მოდით, რეალურადაც გავხდეთ მისი ნაწილი, რომ დღეს, თუ ადამიანს ენდომება დასაქმება რომელიმე ევროპულ, განვითარებულ თუ ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოში, ჰქონდეს ამის გაკეთების ღირსეული იურიდიული გზა და ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიცავდეთ საკუთარ მოქალაქეს და მის შრომით უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ,” – აღნიშნა თურნავამ იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და ორი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ათწლეულები დასჭირდება. ივანიშვილის აზრით, “რეალობიდან უნდა გამოვიდეთ” და “არა ეიფორიულად ვიძახოთ, რომ ჩვენ უმუშევრობას აღმოვფხვრით, ყველას დავასაქმებთ, დავაბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს”.

banner
წინა სტატიაშისუს-ი – ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ვიდეომასალა არის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება
შემდეგი სტატიასულისშემძვრელი და ხელისუფლებისთვის საყურადღებო გზავნილი – ეკა ბესელია ოკუპირებული რეგიონიდან მიღებულ წერილს აქვეყნებს