რევაზ სოხაძე:“სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ, ვიდრე ამის მოლოდინი შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა“

„სამი წლის განმავლობაში უფრო მეტი გაკეთდა მუნიციპალიტეტის მიერ, ვიდრე ამის მოლოდინი შეიძლებოდა ვინმეს ჰქონოდა. ურბანული მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ვფიქრობ, რომ იყო ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ ქალაქის ურბანული პოლიტიკა კალაპოტში ჩადგა. რევაზ სოხაძის განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები ნებისმიერი სამშენებლო ნებართვის გაცემის დროს ხელმძღვანელობენ იმით, რომ რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე შეიქმნას, მეტი სტადიონი და სპორტული კომპლექსი გაჩნდეს.
„თამაშის წესები ამ მიმართულებით ყველასთვის ნათელია, ბიზნესიც შეეგუა და მიიღო ეს წესები. დღეს, მერიის მხრიდან სერვისები ოპერატიულად და სწორად მიეწოდება ბიზნესის მოთამაშეებს. შეიძლება ამას ჩვენი ოპონენტები ვერ და არ ხედავენ, თუმცა ვინც ამ სფეროში ჩართულია, ყველა გრძნობს და ხედავს გაუმჯობესებას.
ურბანული განვითარების ერთ-ერთი ნაწილია ასევე ქალაქის თანაბარი განვითარება. ის რომ, ქალაქის ცენტრი და გარეუბნები ერთნაირად ვითარდებოდნენ. წლევანდელი ბიუჯეტი ამის ნათელი მაგალითია. სატრანსპორტო და ურბანულ პოლიტიკას თუ გვინდა რომ შედეგი მოყვეს, უნდა გვქონდეს განვითარებული გარეუბნები. რთული იყო ამ ინერციის დაძლევა ბიუჯეტის დაგეგმარების დროს, რაც ამ ქალაქს წლების განმავლობაში მოჰყვება. მაგრამ ნელ-ნელა ამ მიმართულებით წინ მივდივართ, ბევრი ნაბიჯია კიდევ გადასადგმელი. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო უკეთეს ბიუჯეტს მივიღებთ,“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
საკრებულოს წევრმა სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით, ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხოებაზე, ჭავჭავაძის გამზირის მაგალითზე კი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებაზე ისაუბრა.
„ტრანსპორტის სფეროში პირველად შეიქმნა პოლიტიკა. ისევე როგორც სხვა სფეროებში, გვაქვს ჩამოყალიბებული გეგმა და სტრატეგია ყველა საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება და უსაფრთხოება პრიორიტეტული გახდა. მე ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ჭავჭავაძის გამზირი არის ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი, რაც ამ ქვეყანაში განხორციელებულა. ამასთან, ჩვენ აქტიურად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ სანქციები ტროტუარებზე არასწორი პარკირების თუ გადაადგილების მიმართულებით, გამკაცრდეს. სოციალური პოლიტიკის ნაწილია ასევე ბასლაინები. ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მოსწონთ თუ არა ცვლილებები, რაც ამ ქუჩაზე განხორციელდა?“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მან ეკოლოგიის გაუმჯობესების თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასურველია, კიდევ უფრო მეტი თანხები დაიხარჯოს გამწვანების მიმართულებით. რევაზ სოხაძე თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის ახალ ეტაპზე გადასვლასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის საქმიანობის გრძელვადიანი გეგმა უნდა ჩამოყალიბდეს.
საკრებულოს უმრავლესობის წევრი მერიის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების გაზრდის საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათი ხელფასები უნდა გაიზარდოს.
„ვინც მერიის სტრუქტურებში მუშაობს, მათი 24 საათიანი შრომის შედეგია, რითაც ვამაყობთ. ამიტომ ამ ადამიანებისთვის ღირსეული გასამრჯელოს მიცემა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანები არიან ამ ქალაქის ჯარისკაცები. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ქალაქს პროფესიონალები ემსახურებოდნენ და ისინი შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულად გადაიხედოს, მერიის თანამშრომელთა ანაზღაურება,“- დასძინა რევაზ სოხაძემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია – ერთია შეცდომა და მეორეა, როცა ხელისუფლებას ამ შეცდომის გამოყენება მისთვის არასასურველი დამოუკიდებელი ორგანიზაციის განადგურების გამო სურს
შემდეგი სტატიახოშტარია ISFED-ზე: “ოცნება” რაღაც კამპანიას აგორებს, არჩევნების მერე NGO სექტორს მიადგნენ 25 დეკ 202017:19