25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

რევაზ სოხაძემ წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ვიზიტი მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში გაიმართა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას და პროექტის შესრულების ტემპსა და ხარისხს.

ამჟამად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის 7-კილომეტრიან მონაკვეთზე (კმ1–კმ7) სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაა და ადგილობრივი მოსახლეობა მას ყოველდღიურად აქტიურად იყენებს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის სრული რეაბილიტაცია. სამუშაოები მოიცავს ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემისა და წყალგამტარი მილების მოწყობას, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და ტროტუარების მშენებლობას, ასევე საგზაო ნიშნების განთავსებასა და ჰორიზონტალური მონიშვნის შესრულებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტზე სამუშაოების შესრულების ტემპი და ხარისხი ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ შეესაბამება. ამის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და კომპანიის შეცვლის შესაძლებლობასაც იმსჯელებს.

წალენჯიხა–ობუჯი–ჯიხაშკარის საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 14 კილომეტრია. მისი პირველი, 7-კილომეტრიანი მონაკვეთი 2019 წელს რეაბილიტირდა.

banner
წინა სტატიაშისოხაძე: წალენჯიხაში პროგრესი გვაქვს და მოსახლეობას კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუამ და რევაზ სოხაძემ წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი პედაგოგებსა და მშობლებს წარუდგინეს