9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

რევაზ სოხაძე: ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება

აბსოლუტურად ლეგიტიმურია თქვენი სიბრაზე და წუხილი… ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს უთხრა, რომლებმაც დადიანის ქუჩაზე სკოლის აშენების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.

სოხაძე ცოტა ხნის წინ მათთან შესახვედრად აქციაზე მივიდა

„ჩვენ კარგად ვიცით ის პრობლემა, რაც არის კონკრეტულად ამ სკოლასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ლეგიტიმური არის თქვენი გულის წყრომა, სიბრაზე და ის წუხილი, რაც გაქვთ. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას იმიტომ, რომ არ არის ნორმალური, როდესაც წლების განმავლობაში ეს პრობლემა დგას და წლებია, ბავშვებს, მშობლებსა და პედაგოგებს უწევთ ამ სიტუაციაში ყოფნა.

იცით, რომ ამ სკოლის მშენებლობის პროცესში იყო გარკვეული შეფერხებები. ეს პრობლემები გადაილახა, კონტრაქტორმა უკვე შეიტანა განახლებულ ნებართვაზე [განცხადება]. როგორც ვიცი, მუნიციპალური განვითარების ფონდში მშობლების ნაწილს ჰქონდა უკვე შეხვედრა და კიდევ შეგვიძლია ეს შეხვედრა გავმართოთ.

უახლოეს დღეებში კონტრაქტორი განაახლებს მშენებლობას. ჩვენი ამოცანა და დავალებაა და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მომავალი წლის სექტემბერში ამ სკოლაში სწავლა დაიწყება. ეს არის ის რეალობა, რაც გვაქვს. მომავალი წლის სექტემბერში სწავლა დაიწყება ახალ სკოლაში. თუ არ დაიწყება, მე იქ აღარ ვიქნები, სადაც ვარ – თქვა სოხაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამომძიებლებმა პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ გამოკითხეს
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებული სასამართლო სხდომა დღეს განახლდება