14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

რევაზ სოხაძე: ბაღდათში სტიქიის შედეგად ათეულობით ოჯახი დაზარალდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანსა და სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, მინისტრმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაზიანებული ობიექტები დაათვალიერა და შესაბამის უწყებებს აღდგენითი სამუშაოების დროულად განხორციელების დავალება მისცა.

რევაზ სოხაძის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა ქალაქ ბაღდათში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის ფარგლებში შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების ნაწილი.

კონტრაქტორ კომპანიასთან გამართულ შეხვედრაზე განისაზღვრა პირველადი ღონისძიებები:

დროებით მოწესრიგდება დაზიანებული გზის მონაკვეთები შეუფერხებელი გადაადგილებისთვის;

ეტაპობრივად დაიწყება ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა.

ამ დროისთვის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე ათეული მძიმე და სპეციალური ტექნიკაა ჩართული. მიმდინარეობს ქუჩების, ეზოებისა და საცხოვრებელი სახლების გაწმენდა შეტანილი ნაშალი მასალისგან.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებული ოჯახების დახმარება. რამდენიმე ოჯახი ადგილზე მოვინახულეთ… მაქსიმალურად დავეხმარებით თითოეულ ოჯახს, რომ უმოკლეს ვადაში გაიწმინდოს მათი საცხოვრებელი გარემო, ტერიტორიიდან სრულად გავიტანოთ ნაშალი მასალა და გაიწმინდოს შესაბამისი არხები და კომუნიკაციები. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად არის მობილიზებული“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

სამუშაოები ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიების სრულ მოწესრიგებამდე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთმა მის საჰაერო სივრცეში შეჭრილ თურქულ დრონს F-16 გამანადგურებლებით გზა გადაუჭრა
შემდეგი სტატიაპოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კრემლის დაპირებებს არ ენდობა და თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს