ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა – ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშებშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, უახლესი ანგარიში სექტემბრის ბოლოთი თარიღდება.
გამოცემა წერს, რომ ანგარიშები სრულიად განსხვავებულ სურათს წარმოგვიდგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილე მისი გუნდის მიერ დახატული სურათისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს კონფლიქტის დასრულება სურს.
წყაროების ცნობით, დაზვერვის ანგარიშები დიდწილად ემთხვევა ევროპელი ლიდერებისა და სადაზვერვო სააგენტოების შეხედულებებს.
„დაზვერვა ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინს მეტი სურს. ევროპელები ამაში დარწმუნებულები არიან. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები თვლიან, რომ ისინი პირველები არიან“, – განუცხადა Reuters-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა „დემოკრატიული პარტიიდან“ მაიკ კვიგლიმ.


















