Reuters-ის ინფორმაციით, კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთში, პერუს საზღვართან ახლოს ჩამოვარდა.
სანჩესის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელსაც კოლუმბიის შეიარაღებული ძალების სამხედროები გადაჰყავდა, ქალაქ პუერტო-ლეგისამოდან აფრენის შემდეგ ჩამოვარდა.
„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავარიის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია“, – განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა.
ადგილობრივი გამოცემა BluRadio ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავს 110 სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა.
















