გამოცემა Reuters-ი საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ გამოსცა საგანგებო დირექტივა, რომლის მიხედვითაც მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი საზღვარგარეთ არ უნდა გაიგზავნოს. ამ ნაბიჯით თეირანმა მკვეთრად გაამკაცრა საკუთარი პოზიცია სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ურანის ქვეყნიდან გატანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, თუმცა ირანი უკან დახევას არ აპირებს.
„უზენაესი ლიდერის დირექტივა და სტრუქტურების შიგნით არსებული კონსენსუსი ის არის, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან. მასალების საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის აშშ-სა და ისრაელის მომავალი თავდასხმების მიმართ“, — განუცხადა Reuters-ს ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.
აღსანიშნავია, რომ ომამდე თეირანი მზად იყო 60%-მდე გამდიდრებული ურანის ნახევარი ქვეყნიდან გაეტანა, თუმცა პოზიცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ტრამპმა ირანზე თავდასხმის მუქარები გააჟღერა. როგორც ირანული მხარე აცხადებს, არსებობს სხვა „რეალიზებადი ფორმულებიც“, მაგალითად, მარაგის განზავება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობის ქვეშ.















