Reuters-ის ინფორმაციით, ირანთან ომის გამო, ბენზინის გაძვირებამ ევროპაში მეორადი ელექტრომობილების გაყიდვები გაზარდა.
ეს არის ადრეული ნიშანი იმისა, რომ საწვავის გაძვირება მომხმარებლებს შიდა წვის ძრავებზე უარის თქმისკენ უბიძგებს.
“ამჟამად მეორად ბაზარზე ელექტრომობილების ბუმია”, – აღნიშნა ნორვეგიის უდიდესი მეორადი მანქანების ბაზრობის, Finn.no-ს ანალიტიკოსმა ტერჟე დალგრენმა და დასძინა, რომ საიტზე გაყიდვების მიხედვით, ელექტრომობილებმა ახლახან დიზელის მოდელებს გადაუსწრეს.
ომმა, რომელიც 28 თებერვალს დაიწყო, შეაფერხა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტი, რომელზეც გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% გადის.
ევროკომისიის მონაცემებით, ამან პირდაპირ იმოქმედა ბენზინგასამართ სადგურებზე არსებულ ფასებზე: 23 თებერვლიდან 16 მარტამდე პერიოდში ევროკავშირში ბენზინის საშუალო ფასი 12%-ით გაიზარდა და ლიტრზე 1.84 ევრო შეადგინა.
ფრანგულმა ონლაინ მეორადი მანქანების საცალო მოვაჭრე Aramisauto-მ განაცხადა, რომ ელექტრომობილების გაყიდვების წილი 16 თებერვლიდან დაწყებულ კვირასთან შედარებით 9 მარტიდან დაწყებულ კვირაში თითქმის გაორმაგდა – 6.5%-დან 12.7%-მდე გაიზარდა.
კომპანიამ, რომლის საკონტროლო პაკეტს ავტომწარმოებელი Stellantis-ი ფლობს, მსგავსი ტენდენცია 2022 წელსაც შენიშნა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ნავთობპროდუქტების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
“როგორც კი ლიტრ ბენზინზე ფასი 2 ევროს სცდება, ეს ადამიანების გონებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. ვხედავთ ვებსაიტზე ინტერესის მნიშვნელოვან ზრდას, რაც ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების შეკვეთებზე აისახება”, – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა რომენ ბოშერმა.
ამავე სამი კვირის განმავლობაში Aramisauto-ზე ბენზინის მოდელების გაყიდვების წილი 34%-დან 28%-მდე შემცირდა, ხოლო დიზელის მოდელებისა – 14%-დან 10%-მდე დაეცა.
თუ აშშ-სა და ევროპაში საწვავის ფასები მაღალი დარჩება, მოსალოდნელია, რომ ახალი მანქანების მყიდველებიც ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე გადაერთვებიან.
ამსტერდამში დაფუძნებულმა Olx-მა განაცხადა, რომ ელექტრომობილებზე მომხმარებელთა მოთხოვნებმა მკვეთრად მოიმატა მის პლატფორმებზე საფრანგეთში (50%), რუმინეთში (40%), პორტუგალიასა (54%) და პოლონეთში (39%). ზრდა “სტაბილურად ჩქარდება ყოველკვირეულად ყველა ბაზარზე”.
“განსაკუთრებით ნიშანდობლივია ის, რომ ბოლოდროინდელ მოვლენებამდე ელექტრომობილების მიმართ ინტერესი უკვე მზარდი იყო. როგორც ჩანს, არასტაბილურობამ დააჩქარა ტრანზიცია, რომელიც ისედაც მიმდინარეობდა”, – განაცხადა Olx-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან გიზიმ.
ევროპის მეორადი ელექტრომობილების ლანდშაფტიც გაფართოვდა. მოდელების უფრო ფართო არჩევანმა და ბატარეის სიჯანსაღის სერტიფიკატების გავრცელებამ ხელი შეუწყო მეორად ელექტრომობილებთან დაკავშირებული მყიდველთა შიშების გაქარწყლებას, რამაც ომის დაწყებამდეც შეუწყო ხელი გაყიდვების ზრდას.
Marketcheck-ის მიერ Reuters-ისთვის მიწოდებული მონაცემები აჩვენებს მეორადი ელექტრომობილების გაყიდვების “მკაფიო და მდგრად ესკალაციას” ომის დაწყებიდან მოყოლებული.
ნორდიკულ ქვეყნებში მეორადი მანქანების ყველაზე დიდი ვებსაიტები (რომელთაც ნორვეგიული Vend ფლობს) ასევე აფიქსირებენ ელექტრომობილების გაყიდვების მკვეთრ ზრდას.
შვედურ პლატფორმა Blocket-ზე EV-გაყიდვები მარტის პირველ ორ კვირაში წინა ორ კვირასთან შედარებით 11%-ით გაიზარდა, ხოლო EV მოდელების ნახვებმა 17%-ით მოიმატა.
დანიაშიც მსგავსი სურათია. ადგილობრივმა მეორადი მანქანების პლატფორმა Bilbasen-მა ელექტრომობილების ძიების ზრდის შესახებ განაცხადა, რისი მთავარი მიზეზიც ავტოანალიტიკოს იან ლანგის თქმით ბენზინზე გაზრდილი ფასებია.
გერმანიაში, ქვეყნის უდიდესმა ონლაინ ავტობაზარმა mobile.de-მა განაცხადა, რომ მარტის დასაწყისიდან მათ ვებსაიტზე EV ძიებების წილი სამჯერ გაიზარდა (12%-დან 36%-მდე), ხოლო ავტოდილერებმა თებერვალთან შედარებით მეორად ელექტრომობილებზე 66%-ით მეტი მოთხოვნა მიიღეს.


















