15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

Reuters: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავა და სტრატეგიულ საწყლოსნო გზაზე კონტროლი გაამკაცრა

აშშ-ის მიერ თავდასხმების განახლების გაუქმების შემდეგ, ირანი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს ამკაცრებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების ნიშნები კი ჯერ არ ჩანს – წერს Reuters.

ორი კვირის წინ დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სტატუსი (რომელსაც ვადა ამ კვირის დასაწყისში უნდა გასვლოდა) გაურკვეველი რჩება. თავდასხმების განახლების მუქარიდან რამდენიმე საათში პოზიციის მკვეთრად შეცვლის შემდეგ, ტრამპმა სამშაბათს ცალმხრივად განაცხადა, რომ აშშ ზავს გაახანგრძლივებდა მანამ, სანამ ორთვიანი ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში ირანულ წინადადებას არ განიხილავდა.

თუმცა ირანელ მაღალჩინოსნებს ზავის გახანგრძლივებაზე თანხმობა არ განუცხადებიათ. მათ გააკრიტიკეს ტრამპის გადაწყვეტილება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ირანის საზღვაო ვაჭრობის ბლოკადის შენარჩუნების შესახებ, რასაც თავად ირანი ომის აქტად მიიჩნევს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ორი გემი დააკავა და ისინი ირანის სანაპიროებისკენ გადაიყვანა, – ნათქვამია გადამზიდავი კომპანიებისა და ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის განცხადებებში.

გუშაგთა კორპუსმა დაკავებული გემები – ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი Epaminondas და პანამის დროშის ქვეშ მცურავი MSC Francesca – სათანადო ნებართვების გარეშე ოპერირებასა და სანავიგაციო სისტემების ხელყოფაში დაადანაშაულა.

საზღვაო უსაფრთხოების წყაროების ცნობით, იმავე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუხსნეს მესამე, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ საკონტეინერო გემს, თუმცა ის არ დაზიანებულა და ცურვა განაგრძო.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვინაიდან გემები არ იყო ამერიკული ან ისრაელის საკუთრება, მათი დაკავება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მან ამ ქმედებას “მეკობრეობის აქტი” უწოდა.

ოთხშაბათს აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ბლოკადის ფარგლებში, დღემდე 30-ზე მეტ გემს მიმართულების შეცვლა ან პორტში დაბრუნება მოსთხოვეს. სპარსეთის ყურის მიღმაც, აშშ-ის სამხედროებმა აზიის წყლებში სულ მცირე სამი ირანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი გააჩერეს და ისინი ინდოეთის, მალაიზიისა და შრი-ლანკას მახლობლად არსებული პოზიციებიდან გადაამისამართეს.

ირანის პარლამენტის სპიკერმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად ბაგერ ყალიბაფმა განაცხადა, რომ სრულფასოვან ზავს აზრი მხოლოდ ბლოკადის მოხსნის შემთხვევაში ექნება.

“ჰორმუზის სრუტის გახსნა “ზავის ასეთი უხეში დარღვევის” პირობებში შეუძლებელი იყო. თქვენ ვერ მიაღწიეთ მიზნებს სამხედრო აგრესიით და ვერც მუქარით მიაღწევთ მათ. ერთადერთი გზა ირანელი ხალხის უფლებების აღიარებაა”, – დაწერა მან ტრამპის განცხადების საპასუხოდ.

ტრამპმა კვლავ უკან დაიხია თავისი არაერთგზის გაჟღერებული მუქარისგან, დაებომბა ირანის ელექტროსადგურები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გაერო და სხვა ორგანიზაციები აფრთხილებდნენ, რომ ეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს დაარღვევდა.

ამის გამო ორივე მხარე მოლოდინის რეჟიმში რჩება. უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე კვლავ ფაქტობრივად ჩაკეტილია, რაც მთელ მსოფლიოში ეკონომიკებს აზარალებს. ახლო აღმოსავლეთში (ძირითადად ირანსა და ლიბანში) ათასობით ადამიანი დაიღუპა. ლიბანში ომს ისრაელის წინააღმდეგ ირანის მოკავშირე დაჯგუფება “ჰეზბოლაც” შეუერთდა.

ხუთშაბათს, აზიურ სავაჭრო სესიებზე საერთაშორისო ეტალონური ბრენტის (Brent) მარკის ნედლი ნავთობი ბარელზე 100 დოლარს ზემოთ რჩებოდა მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე, ბოლო ორი კვირის განმავლობაში პირველად, სამნიშნა ციფრს მიაღწია.

სამშაბათის განცხადებაში ტრამპმა თქვა, რომ აშშ დათანხმდა პაკისტანელი შუამავლების თხოვნას, “შეეჩერებინა თავდასხმები ირანის სახელმწიფოზე მანამ, სანამ მათი ლიდერები და წარმომადგენლები ერთიან წინადადებას არ წარმოადგენენ და დისკუსიები ასე თუ ისე არ დასრულდება”. თუმცა მას წინადადების ან დისკუსიებისთვის კონკრეტული ვადა არ დაუდგენია.

banner
წინა სტატიაში“რას ელოდით ახლა უკეთესს ამათგან”- შალვა ნათელაშვილი ზურაბ პატარაძის წარდგენაზე
შემდეგი სტატია„ევრონიუსის“ ცნობით, აშშ და აზერბაიჯანი პროექტ „ტრამპის გზის“ განხორციელებას იწყებენ