სააგენტო „როიტერის“ (Reuters) ინფორმაციით, გერმანიაში მაღალი ტემპერატურის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. დასავლეთ ევროპაში დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელი ივნისი დაფიქსირდა.
გერმანიაში გარდაცვლილთა უმრავლესობა — დაახლოებით 4 270 ადამიანი — 75 წლის ან უფროსი ასაკის იყო.
ანომალიური სიცხის ტალღა მთელ რეგიონს შეეხო. საფრანგეთის, ბელგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ეროვნულმა უწყებებმა 20-28 ივნისის პერიოდში სიცხესთან დაკავშირებული 4 700-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაარეგისტრირეს.
რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) მონაცემებით, ბოლო ათწლეულში გერმანიაში სიცხით გამოწვეული სიკვდილიანობის პიკი 2018 და 2019 წლებში დაფიქსირდა, როდესაც დაღუპულთა საერთო რიცხვმა 8 400-ს გადააჭარბა.















