რესტორანში მომხდარ ინციდენტზე მომღერალი საბა სამუშიაა დაკავებული

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული მომღერალი საბა სამუშიაა. იგი გმირთა მოედანზე მდებარე ყოფილ “მატრიოშკაში” მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა და ჩხუბი სუფრის წევრებს შორის მოხდა.

ინციდენტის დროს მან თანასუფრელები დაჭრა და სამართალდამცველებმა მაშინ დააკავეს, როდესაც რესტორანს ტოვებდა.

ცნობილია ისიც, რომ მომღერალი 120-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მომღერლისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. როგორც დაკავებულის ადვოკატმა ირმა შალამბერიძემ ქრონიკას განუცხადა ბრალის წაყენების ვადა დღეს საღამოს იწურება.

ადვოკატის თქმით, დაკავებული ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არის, რადგან სახეზე დაზიანებები აქვს და მკლავზე ნაკბენი, შესაბამისად ბრალთან და ინციდენტთან დაკავშირებით გასაუბრება ვერ მოხერხდა და უცნობია მისი პოზიცია.

გარდა ამისა, რესტორანში სამი ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

„კლინიკაში შემოიყვანეს გვიან ღამით შოკურ მდგომარეობაში და ჰქონდა სისხლის ძლიერი დანაკარგი. აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობები, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება”, – განაცხადა ქირურგმა გივი პისარელმა.

წუხელ თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

banner
წინა სტატიაში“რ2”-ის საქმე და პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმება “საზმაუზე”- Human Rights Watch მედიაგარემოზე
შემდეგი სტატიაგლდანში აფთიაქი დააყაჩაღეს