პროკურატურის ცნობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარედგინა. უწყების განცხადებით, ჩხუბში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 19 იანვარს, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მათ თანმხლებ 2 პირთან ერთად ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს”. – წერია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, ოთხივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის “ბ” და ,”გ’’ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

















