რესტორანს, სახელმწიფომ 520 000 ლარის შეკვეთები მისცა

ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, რუსი პროპაგანდისტის, დიმიტრი პოზნერის მასპინძელ, ბენო ქაშაკიშვილის რესტორანს სახელმწიფო ორგანოებმა 2015-21 წლებში 520 000 ლარის შეკვეთები მისცეს.

დეტექტორი წერს, რომ ნახევარ მილიონზე მეტი ბენო ქაშაკაშვილის ბიზნესს ყოველგვარი ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის გზით გადაეცა.

ქაშაკაშვილი “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირია და 2016 წელს საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო.

გარდა ამისა, “ფლანგვის დეტექორის” მონაცემებით, 2016-20 წლებში ქაშაკაშვილმა და მისმა ცოლმა მმართველ პარტიას 405 000 ლარი შესწირეს.

 

ბიზნესმენი და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ბენედიქტე (ბენო) ქაშაკაშვილი, რომელიც 2016 წლის არჩვნების დროს ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 53-ე ნომერიც იყო, არაერთ კომპანიაში ფლობს წილებს.
მაგალითად, მის საკუთრებაშია შპს “აიღვინისახლი”, რომელიც სხვადასხვა მარკებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მათ შორის სასტუმრო/რესტორანი ‘ვინოტელი’-ს სახით. ამ რესტორანში 31 მარტის საღამოს რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი თანხმლებ პირებთან ერთად კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების დარღვევით ვახშმობდა.
შპს “აიღვინისახლი” 2019 წელს მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის მფლობელიც გახდა, რომელიც 2011 წელს აშენდა და რომელიც ბენო ქაშაკაშვილმა 7.5 მილიონ ლარად შეიძინა აუქციონზე. დაგეგმილია შენობის სასტუმროდ გადაკეთება.
მიუხედავად იმისა, რომ ბენო ქაშაკაშვილისთვის თავიდანვე ცნობილი იყო შეზღუდვების შესახებ და იცოდა, რომ საღამოს 8 საათის მერე მის რესტორანს მუშაობა არ შეეძლო, მან კანონის დარღვევით სტუმრები მაინც მიიღო, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა.
კითხვაზე, რატომ არ თქვა ბიზნესმენმა უარი კანონდარღვევაზე, რითაც თავიდან აიცილებდა ჯარიმასაც და ხალხის რისხვასაც, ბიზნესმენი აცხადებს, რომ მათ მოსვლა დააგვიანეს: „დააგვიანეს მოსვლა, უარს ვერ ვეტყოდი, ყველა ყოველთვის აგვიანებს და კანონი არა შეგნებულად დაირღვა, თანაც – პირველად. ასეთ დიდ ჯარიმას არ ვიმსახურებდით, მგონია, არც – რისხვას, გამომდინარე მათი ადრინდელი ვიზიტებიდან ჩვენთან, თუ სხვა სასტუმროში“, – აცხადებს ქა­შა­კაშ­ვილი.
შპს “აიღვინისახლმა” სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2015-21 წლებში, ყოველგვარი ტენდერის გარეშე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო. სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებმა, როგორებიცაა თბილისის მერია, სამინისტროები, შესყიდვების სააგენტო, საქართველოს რკინიგზა და სხვ. 525,168 ლარის გამარტივებული შესყიდვა გააფორმა ბენო ქაშაკაშვილის სასტუმროსთან, რითაც მათ სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება შეისყიდეს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ბიზნესმენისგან.
ამასთანავე, ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე- თეა ჯოხაძე მმართველი პარტიის მსხვილი შემომწირველები არიან. 2016-20 წლებში მათ მმართველ პარტიას სხვადასხვა დროს 405,000 ლარი შესწირეს.
აღსანიშნავია ბენო ქაშაკაშვილის დამოკიდებულებაც მცოცავი ოკუპაციისადმი, კერძოდ 2019 წელს მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საზღვრის მორიგი გადმოწევის შესახებ განაცხადა: „იმდენივე ტერიტორია როგორ წაგვართვეს, გადმოწიეს ჰა, ჰა 500 მეტრი. ქვეყნის 30% დავკარგეთ ამდენი არ გვინერვიულია… როგორ მოვიქცეთ? კრემლს შევუტიოთ, თქვენმა პარტიამ შეუტიოს. როგორ შეიძლება? აიღე თოფი, ჩადი კრემლში და შეუტიე მერე, შევარდი შიგნით. ერთადერთი მთავრობაა შვიდი წლის მანძილზე, რომელიც ომში არ გაეხვა.“
შსს-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათ 41 რუსი სტუმრიდან 32 დააჯარიმეს კარანტინის წესების დარღვევის გამო, მათ შორის იყო ვლადიმერ პოზნერიც, თუმცა 1 აპრილს რუსეთში დაბრუნებულმა ვლადიმერ პოზნერმა განაცხადა, რომ თბილისში ისინი არავის დაუჯარიმებია”-წერს დეტექტორი.
banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე: მავნებლურია კანონპროექტი, რომელიც კერძო სკოლების მოსწავლეს გადასახადის გადაუხდელობის გამო სასწავლო წლის დასრულებას უკრძალავს
შემდეგი სტატიავადამდელი არჩევნების ჩატარებას 45% ემხრობა, 45% არ ემხრობა – IRI-ის კვლევა