,,რესპუბლიკური“ პარტიის სპეციალური განცხადება – პარტია საჯარო დებატებს წყვეტს

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ,,რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე განცხადებას ავრცელებს და პარტიის წინააღმდეგ გოგი თოფაძის ბრალდებებს, ანტიდასავლური კამპანიის ნაწილად აფასებს.
,,ბოლო დღეებში რესპუბლიკელები იძულებული გავხდით საჯარო და მკაცრი პასუხი გაგვეცა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორი პარტიის წარმომადგენლისათვის. ეს განაპირობა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის და ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მიმართ გაჟღერებულმა განცხადებებმა, რომლებიც თავისი შინაარსით იყო არა მხოლოდ ცილისმწამებლური, არამედ ანტიკოალიციური და ანტისახელმწიფოებრივი.

აღნიშნული ტიპის ანტიდასავლური განცხადებები მრავალჯერ გაკეთებულა, რის გამოც კოალიციურ პარტნიორებს ხშირად გვიწევდა ხაზგასმა, რომ ეს იყო ერთი ადამიანის და არა კოალიციის პოზიცია. მიუხედავად შიდაკოალიციურად საკითხის არაერთგზის წამოწევისა, პრობლემა არ მოგვარებულა. ამ ანტიდასავლური კამპანიის ნაწილია რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული განცხადებები, რაზეც პირველ ეტაპზე თავი შევიკავეთ, რადგან განმცხადებლის მხრიდან ლაპარაკი იყო მედიის მიერ თითქოსდა აზრის დამახინჯებაზე და ველოდებოდით შემდგომ განმარტებებს. მიუხედავად ამისა, რამდენიმე დღეში ცილისწამება განმეორდა კიდევ უფრო მძიმე ფორმებში – საგარეჯოში სამართლიანად ჩატარებული შუალედური არჩევნების საბაბად გამოყენებით, ამჯერად უკვე პირდაპირი ანტიდასავლური თავდასხმებით როგორც თავდაცვის მინისტრზე, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეზე, რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ დამფუძნებელზე, ამ ყველაფერს სრულიად ცალსახად მიეცა დაგეგმილი შეტევის ხასიათი. ასეთ ვითარებაში ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ქვეყნის, კოალიციის, პარტიის და ჩვენი კოლეგების პრესტიჟი.

კოალიციის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საჯარო და მკაფიო შეფასება მისცა მომხდარს, განცხადებებს უწოდა მიუღებელი, რაც „ჩირქს სცხებს არა ერთ პარტიას, არამედ მთლიანად მთავრობას“. იმავდროულად, პრემიერმა საკითხის კოალიციურ ფორმატში გადაწყვეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი და დაადასტურა, რომ ეს არის არა პარტნიორებს შორის დაპირისპირება, არამედ ერთი ადამიანის დაპირისპირება კოალიციასთან.

აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ამ ეტაპზე ვწყვეტთ საჯარო დებატებს აღნიშნულ თემაზე, რადგან ველით კოალიციის შიდა ფორმატში, როგორც კოალიციური, ისე სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე შექმნილი ვითარების მიზეზებსა და მიზნებზე მსჯელობას, რის შედეგადაც მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს კოალიციის წარმატებულ ფუნქციონირებას მის სადამფუძნებლო დოკუმენტში გაცხადებული პრინციპებისა და ღირებულებების მტკიცე დაცვით. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მომავალში სათანადო რეაგირების გარეშე დავტოვებთ უსაფუძვლო ბრალდებებს, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“ – ნათქვამია სამნიძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძ: მეც ვერაფერი ვერ გავიგე რა ხდება “მაესტროში”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენი პარტია, როგორც კოალიციის წამყვანი ძალა, ევროპული კურსის უმთავრესი გარანტია