“„რესპუბლიკურ პარტიას“, ისევე როგორც ყველა სხვა პარტიას, წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა სრული თავისუფლება, თავისი სიტყვა ამომრჩევლამდე მიეტანა”

ბოლო 4 წლის განმავლობაში, კოალიცია „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა ისაა, რომ ქვეყანაში გაცილებით მეტი პოლიტიკური თავისუფლება დამკვიდრდა და გაჩნდა გაცილებით მეტი შესაძლებლობა, პოლიტიკურმა ძალებმა თუ მოქალაქეებმა თავიანთი მოსაზრებები თავისუფლად გამოთქვან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„ასევე, მედიაში დამკვიდრდა მეტი მრავალპარტიულობის ელემენტი. მედიაგარემომ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმას, რომ პარტიებს თავიანთი მოსაზრებები ამომრჩევლამდე მიეტანათ. „რესპუბლიკურ პარტიას“, ისევე როგორც ყველა სხვა პარტიას, წინასაარჩევნო პერიოდში ჰქონდა სრული თავისუფლება თავისი სიტყვა ამომრჩევლამდე მიეტანა. სხვა თემაა, პოლიტიკური პარტნიორები თუ კონკურენტები ერთმანეთს რამდენად სწორად და ეთიკურად ვეპყრობოდით. „რესპუბლიკელები“ პარლამენტში ვინმეს უნდა თუ არ უნდა, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ მაჟორიტარულ ოლქებში თუ პარტიულად, ძალიან დიდი წარმატების წინაპირობა აქვს.

„მაჟორიტარულ ოლქებში თუ პარტიულად, ძალიან დიდი წარმატების წინაპირობა გვაქვს. თუ ამომრჩეველი რამე მიზეზის გამო სახლში დარჩა, ეს იქნება ერთადერთი მიზეზი, რამაც შესაძლოა, ჩვენს წარმატებას ხელი შეუშალოს. ესეც ჩვენი გასაკეთებელია და უნდა მოვახერხოთ, რომ ხვალ, ხმის მისაცემად ყველა ამომრჩეველი მოვიდეს’, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება, რადგან წინასწარი მონაცემებით, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება.

„ამ არჩევნებს ბევრი გამოწვევა აქვს. სხვადასხვა კვლევებს შორის გაჩაღებულმა ომმა უკვე კომიკური ხასიათი მიიღო. ყველა ცდილობს, გარკვეული მოტივაცია შეიქმნას, მაგრამ მთავარია, ხალხი შეცდომაში არ შევიყვანოთ. როცა კვლევებით მანიპულირება ხდება, ეს ხალხის შეცდომაში შეყვანაა. არჩევნები 8 ოქტომბერს არ დასრულდება. წინასწარი მონაცემებით, ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური დაინიშნება და არჩევნების საბოლოო შედეგები მეორე ტურის დასრულების შემდეგ გამოჩნდება. ასე რომ, შესაძლოა, ხვალ სრული პოლიტიკური სურათი არ დაიდოს, მაგრამ ამან არავის არ უნდა უბიძგოს, ქვეყანაში სახელისუფლებო ვაკუუმი, თუ გაურკვევლობა შემოიტანოს.“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული
შემდეგი სტატიაIRI: საქართველოში წინასაარჩევნო გარემო მშვიდი და წყნარია