15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?!”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” განათლების მინისტრს პარლამენტში იბარებს

პარტია “გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს იბარებს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა ტატა ხვედელიანმა.

“ინტერპელაციის წესით ვიბარებთ განათლების მინისტრს, გივი მიქანაძეს, რომელიც ვალდებულია მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და საზოგადოებას ამომწურავი პასუხები გასცეს. ჩვენ უკვე გავაგზავნეთ კითხვები, რომლებიც ეხება: განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას, ზოგად განათლებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების მომავალს.

პირველ რიგში, ვულოცავ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარის დღეს. ეს არის განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში – პერიოდი, როდესაც ახალგაზრდებმა უნდა გააკეთოთ არჩევანი, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს, არა მხოლოდ თქვენს მომავალსა და ცხოვრების გზას, არამედ სახელმწიფოს მომავალსაც.
დღეს ჩვენს აბიტურიენტებს სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა, რათა გადაწყვიტონ, სად სურთ სწავლის გაგრძელება, თან დაძაბული საგამოცდო პერიოდიც წინ აქვთ. ისედაც სტრესული გარემოს ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლება შემსუბუქების ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ გაურკვევლობაში და ქაოსში ამყოფებს ჩვენს ახალგაზრდებს. მათ არ აქვთ პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე: შეძლებენ თუ არა სწავლას მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში; რამდენწლიანი იქნება სასწავლო პროგრამები; რა დაუჯდება სახელმწიფოს მათი განათლება; მოუწევთ თუ არა ქალაქის შეცვლა და თუ მოუწევთ, როგორ შეძლებენ სხვა ქალაქში ცხოვრებასა და სწავლის გაგრძელებას. ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.
ასევე, მსურს, გამოვეხმაურო კიდევ ერთ მძიმე ფაქტს – თითქმის ყოველდღიურად, „ოცნების“ დავალებით, უნივერსიტეტებში განათლების მისაღებად მისულ ახალგაზრდებს პოლიცია აკავებს ტროტუარზე დგომის გამო.

ეს არის ის ძალადობრივი და რეპრესიული მიდგომა, რომელიც „ოცნებამ“ დაამკვიდრა ქვეყანაში. ახლა კი „ნაცების“ ციხეების უფროსის ხელით, რეპრესიებს ახორციელებს საგანმანათლებლო სივრცეებში, ვინაიდან რეპრესიების მოწყობა ვის გამოუვა გამოცდილ მიქანაძეზე უკეთ?!”_ აცხადებს ტატა ხვედელიანი.

banner
წინა სტატიაშისიტუაციას მხოლოდ თავისუფალი არჩევნები დაამშვიდებს – ზურა ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაცნობილია, ვინ არის მძღოლი, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა