რეპრესიების ახალი სერია რუსეთში – „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონში ცვლილებები შედის

მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთმა“ 27 მაისს თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე ყოველგვარი საქმიანობა შეწყვიტა. მისი ყველა რაიონული განყოფილება დაიხურა და თანამშრომლების წევრობაც გაუქმდა.

გასულ კვირას პოლიცია „ღია რუსეთის“ და „მბხ მედიის“ მოსკოვისა და პეტერბურგის ოფისებში შეიჭრა და მასობრივი ჩხრეკა ჩაატარა. „ღია რუსეთის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეი პივოვაროვმა ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის გადაწყვეტილება კრემლის რეჟიმისგან მხარდამჭერებისა და თანამშრომლების დაცვის მოტივით ახსნა. ამ განცხადებიდან მეხუთე დღეს, რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტ „პულკოვო“-ში პივოვაროვი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააკავეს.

„ღია რუსეთის“ თვითლიკვიდაციაზე კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა „პოლიტიკური ველის წმენდას“ არ მოასწავებს: „პირიქით ის (პოლიტიკური ველი) მდიდარი და მრავალფეროვანია, ის ცოცხლობს, ვითარდება და დუღს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში.“

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პარლამენტში განსახილველად სამი კანონპროექტი შევიდა. ისინი სამოქალაქო საზოგადოებასა და რუსეთის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტულად“ გამოცხადებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფ ინდივიდებს შეეხება და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ მოქმედი კანონის გავრცელების არეალს მნიშვნელოვნად ზრდის. ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, კანონი რუსეთის მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს „არასასურველ ორგანიზაციებთან“ კავშირს არა მხოლოდ რუსეთში, ახლა უკვე საზღვარგარეთაც აუკრძალავს. ასევე, დამტკიცების შემთხვევაში ახალი ნორმები პუტინის რეჟიმს იმ ადამიანებისა თუ ბიზნესების „არასასურველად“ გამოცხადების უფლებას მიანიჭებს, ვინც უკვე არსებული „შავი სიიდან“ რომელიმე ორგანიზაციას ოდესმე ფულის გადარიცხვაში დახმარებია. მძიმდება ასეთ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის სისხლის სამართლის სასჯელიც. „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონის როგორც რუსულ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებზე გავრცელება პუტინს ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გასაჩუმებლად სჭირდება, რომ შემდეგ აგრესიული საგარეო პოლიტიკა მშვიდად აწარმოოს.

“არასასურველი ორგანიზაციების” შესახებ კანონი 2015 წელს მიიღეს. კანონი კრემლის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული რეგულაციების მხოლოდ მცირე ნაწილია. ის რუს პროკურორებს იურისდიქციის ექსტრატერიტორიული გამოყენების უფლებას აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ტერიტორიაზე „არასასურველად“ მიიჩნიოს და მათი ფილიალები ან მათ მიერ დაფინანსებული სხვა ორგანიზაციები რუსეთში დახუროს. იურიდიულ ენაზე, კრემლი ქვეყნის საზღვრებს გარეთ არსებულ სივრცეში თავისი იურისდიქციის განხორციელებას ცდილობს, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეში დარღვევაა.

კანონის ძალაში შესვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის მთავარმა პროკურორმა „შავ სიაში“ შეიყვანა დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) და „ღია საზოგადოების ფონდი“. ორივე ორგანიზაცია ხანგრძლივი დროის განმავლობაში რუსულ სამოქალაქო საზოგადოებას აფინანსებდა. პუტინის სურვილების შესაბამისად „შავი სია“ ეტაპობრივად ფართოვდებოდა. დასავლური დონორი ინსტიტუციებიდან 11-მდე ჯგუფი რეპრესიების მსხვერპლი გახდა, მათ შორის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). ეს ის ორგანიზაციებია, რომელთა დახმარებაზეც რუსეთში წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობა პირდაპირ არის დამოკიდებული. თავად „ღია რუსეთი“ „არასასურველ ორგანიზაციად“ 2017 წელს გამოცხადდა.

„ღია რუსეთის“ კოორდინატორი ტატიანა უსმანოვა აცხადებს, რომ ამჟამად რუსეთის დუმა სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლში ცვლილებებს განიხილავს, რომელთა ამოქმედების შემთხვევაში ორგანიზაციის ყველა მხარდამჭერს და კოორდინატორს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

„მბხ მედიამ“ იმ ადვოკატის კომენტარი გაავრცელა, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლიციელებს „ღია რუსეთის“ ოფისების ჩხრეკისას თან ახლდა. ადვოკატი ამბობს, რომ საპოლიციო ღონისძიებები ნიჟნი-ნოვგოროდელი აქტივისტის და ანტრეპრენერის, მიხაილ იოსილევიჩის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა. სამართალდამცავებს, იოსილევიჩის „არასასურველ ორგანიზაცია“ „ღია რუსეთთან“ კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები სჭირდებოდათ.

გლობალურმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო ამნისტია“ იოსილევიჩთან დაკავშირებით განცხადებაც კი გაავრცელა: „ღია რუსეთი შესაძლოა გაქრეს, მაგრამ მასთან ასოცირებული ადამიანები კვლავ მძიმე რეპრესიების მსხვერპლნი არიან. მიხაილ იოსილევიჩი, აქტივისტი რომელსაც თავისუფლება შეუზღუდეს მხოლოდ და მხოლოდ „არასასურველ ორგანიზაციასთან“ სავარაუდო კავშირის გამო, წინასწარ პატიმრობაში რჩება. ამასობაში მისი ჯანმრთელობა მკვეთრად უარესდება. ჩვენ მის გათავისუფლებას და „არასასურველი ორგანიზაციების“ კანონის საფუძველზე პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებების შეწყვეტას სასწრაფოდ მოვითხოვთ.“

პირველი ადამიანი, რომელიც „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონის მსხვერპლი გახდა, „ღია რუსეთის“ ყოფილი რეგიონული კოორდინატორი ანასტასია შევჩენკო იყო. ის 2019 წლის 21 იანვარს დააკავეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ამ პერიოდში ანასტასიას ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა, მისი მოზარდი ქალიშვილი საავამდყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ დედას რუსეთის სასამართლომ ბოლო დღეების შვილთან გატარების უფლება არ მისცა. სასამართლომ შევჩენკოს საქმეზე საბოლოო განაჩენი სულ ახლახანს, 2021 წლის 18 თებერვალს გამოიტანა. შევჩენკო „არასასურველ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობაში ბრალდებულად ცნეს და 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს.

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი მიზანში ადგილობრივ ორგანიზაციებს იღებს, რომ კრემლის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ მსოფლიო საზოგადოებას ინფორმაცია არავინ მიაწოდოს. ამავდროულად, კანონი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც უზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს. ახლახანს, ევროკავშირმა რუსი პროკურორების მიერ სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის „შავ სიაში“ შეყვანა გააპროტესტა და ფაქტს „რუსეთის მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობის უახლესი მაგალითი“ უწოდა. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარ როლს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაში სრულად უჭერს მხარს და აღნიშნა, რომ ორგანიზაციების საქმიანობის არც ერთი ნაწილი არ გამოდგება რუსეთის ქმედებების გასამართლებლად. „შავ სიაში“ შეყვანილი სამივე გერმანული ორგანიზაციის სათაო ოფისი ბერლინში მდებარეობს. პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრი“ ორგანიზაციაა, რომელიც მოსკოვში ადამიანის უფლებების დამცველ „სახაროვის ცენტრთან“ თანამშრომლობდა. „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრი“ რუსეთის პროკურატურის გადაწყვეტილებას „კაპრიზულ პოლიტიკურ აქტს“ უწოდებს. „შავ სიაში“ ახლახანს აღმოჩენილი „რუსულენოვანი ევროპელების ფორუმი“ თავის ვებგვერდზე აცხადებს, რომ ის ევროპაში კრემლის რუსულენოვანი მოსახლეობის აღიარების მოთხოვნის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ალბათ ყველასთვის გასაგებია რატომ გახდა ეს ორგანიზაცია მოსკოვისთვის „არასასურველი“ .

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონი გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, რომელიც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი ორივე დოკუმენტის ნებაყოფლობითი ხელმომწერია.

„არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველ რიგში გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, შემდეგ კი კრემლის აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. მნიშვნელოვანი დეტალია, რომ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის თანამედროვე ისტორიაში პირველად თავად რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პუტინის რეჟიმის როლს სირიის სამოქალაქო ომში ანგარიში მიუძღვნეს და რუსეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკეს. ორგანიზაციებს შორის რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“იყო, რომელიც წარსულში „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ კანონის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. სირიასთან დაკავშირებული ანგარიში ხაზს უსვამს, რომ რუსეთში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული თუ როგორ და რატომ ეხმარება მოსკოვი ომის დამნაშავე ასადის რეჟიმს. რუსული ორგანიზაციები საზოგადოების ინფორმირებას გეგმავდნენ, პუტინმა კი, რეპრესიები ახალ სიმაღლეზე აიყვანა, რადგან მას საკუთარი რეჟიმის შენარჩუნებისთვის უცოდინარი ხალხი სჭირდება.

ის, რასაც კრემლი რუსეთში აკეთებს, მჭიდროდ არის დაკავშირებული ყველაფერთან, რასაც პუტინის რეჟიმი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ახორციელებს. ნებისმიერი კრიტიკისა და განსხვავებული აზრის აღმოფხვრა, მითუმეტეს არჩევნების წინ, ავტოკრატიულ რეჟიმს ძალაუფლებაში დარჩენის გარანტიას აძლევს. ძალაუფლებაში დარჩენა კი, პუტინს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციისა და დასავლეთის ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის შესაძლებლობას უნარჩუნებს. ამიტომაც პუტინმა მის მამხილებელ ჯგუფებს ახალი ბრძოლა გამოუცხადა.

შალვა კერესელიძე

banner
წინა სტატიაშიალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში ადმინისტრაციული ზომები მკაცრდება
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „იფქლის“ ახალი საწარმო გაიხსნა