“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”: 2016 წელს 74 ჟურნალისტი დაიღუპა

საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს მიღმამ” 2016 წელს ჟურნალისტების გარდაცვალების 74 შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც ასე თუ ისე, პროფესიულ საქმიანობასთან იყო დაკავშირებული. საუბარია 57 პროფესიონალ ჟურნალისტზე, რვა სტრინგერსა და ცხრა ბლოგერზე.
მოხსენებაში, რომელიც ორგანიზაციის საიტზეა გამოქვეყნებული, ნათქვამია, რომ ჟურნალისტების სიკვდილის უმეტესობა წინასწარ განზრახულად და მიზანმიმართულად მოხდა. ამით, მკვლელებს მათი საქმიანობისათვის ხელის შეშლა და დაშინება უნდოდათ.
აღნიშნული მაჩვენებლიდან 19 ადამიანი სირიის ომში დაიღუპა. ჟურნალისტებისათვის მეორე საშიში ქვეყანა ავღანეთია, სადაც 10 ჟურნალისტი მოკლეს.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს, ასევე მექსიკაზე, სადაც 2016 წელს 9 ჟურნალისტი მოკლეს – ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ომი არ მიდის. ჯამში, მექსიკაში მოკლულია იმაზე მეტი ჟურნალისტი, ვიდრე ერაყში (ექვსი) და იემენში (ხუთი).
ორგანიზაციის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ 2015 წელთან შედარებით წელს მოკლული ჟურნალისტების რიცხვი დაბალია (74 ადამიანი 101-ის წინააღმდეგ), ეს მსოფლიოში გაუმჯობესებული სიტუაციის გამო არ მომხდარა.
მათი აზრით, შედეგი გამომდინარეობს იქიდან, რომ პირველ რიგში, ბევრმა მათგანმა უარი თქვა საომარ ზონებში მუშაობაზე და საშიში ქვეყნები დატოვეს.
დასკვნაში ორგანიზაცია ამბობს, რომ მსოფლიოში გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც უკანონობა სუფევს, მაგრამ ამაზე ვერავინ იგებს, რადგანაც იქ არ არიან ჟურნალისტები, რომელთაც ინფორმაციის გამოტანა შეუძლიათ.
“რეპორტიორები საზღვრებს მიღმა”-ს მონაცემებით, უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 750 ჟურნალისტი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: ინგლისში სუიციდმა კატასტროფულ მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი სტატია101 წლის ბრიტანელს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა