კრემლი პეტერბურგში აშშ-ს გენერალურ საკონსულოს დახურავს და დიპლომატებს გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში აშშ-ს ელჩს ჯონ ჰანტსმანს საპასუხო ზომები გააცნო იმის გამო, რომ ვაშინგტონმა 60 რუსი დიპლომატი, რომელთაც ოფიციალური ჯაშუშები უწოდა, ქვეყნიდან გააძევა. დღეს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი სანკტ-პეტერბურგში აშშ-ს გენერალურ საკონსულოს ხურავს, ამასთანავე, აძევებს იმდენ ამერიკელ დიპლომატს, რამდენიც ამერიკამ.

აშშ-მ, თავის მხრივ განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატების გაძევებას გამართლება არა აქვს და არ ღირს რუსეთი ისე მოიქცეს, თითქოს მსხვერპლია, ამიტომ, ვაშინგტონი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს.

ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსული წარმოშობის ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 16-მა უკვე დაითხოვა რუსი დიპმისიის წარმომადგენლები. თორმეტმა ქვეყანამ თავი შეიკავა.
აშშ-მ ქვეყნიდან 60 რუსი ჯაშუში გააძევა ბრიტანეთისადმი სოლიდარობის მიზნით. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო ნატოს პარტნიორებთან შეთანხმებით. ტრამპის გადაწყვეტილებით, სიეტლში რუსეთის საკონსულო დაიხურა – იმის გამო, რომ საკონსულო ამერიკის წყალქვეშა გემების ერთ-ერთ ბაზასთან ახლოს მდებარეობს, იქვეა კომპანია “ბოინგი”. სანქციებს შეუერთდნენ კანადა, ავსტრალია, საქართველო და უკრაინა.

უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული იპოვეს 4 მარტს. დღემდე ორივეს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ორივე კომაში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი საქართველოს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის
შემდეგი სტატიარუსეთმა აფხაზეთიდან მცენარეული წარმოშობის ყველა საქონლის იმპორტი აკრძალა