რელიგიური ორგანიზაციები მთავრობას: უმცირესობაში ყოფნა არ უნდა იყოს დაკნინების საფუძველი

რელიგიური გაერთიანებები ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხრიდან, რელიგიური კონფესიების მიმართ გადაიდგა დისკრიმინაციული ნაბიჯები. მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მართმადიდებელია, ისინი შობას აღნიშნავენ 7 იანვრის ღამეს და სწორედ ამიტომ იხსნება ამ პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა კომენდანტის საათთან დაკავშირებით.

რელიგიური ორგანიზაციები შეშფოთებას პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადების თაობაზეც გამოხატავენ.

“პანდემიასთან ბრძოლის დაწყებისას, 2020 წლის 14 აპრილს, საერთო შეშფოთება გამოიწვია საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას კომენტარმა, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციის დროს, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისთვის გათვალისწინებული განსხვავებული რეჟიმი საქართველოს სახელმწიფოს კონფესიურ ხასიათს ეფუძნება, მისი თქმით, იმას რომ ჩვენ მართლმადიდებლური სახელმწიფო ვართ”.

პრემიერმინისტრის ძირეულად მცდარი განცხადება, რასაკვირველია, საქართველოს კონსტიტუციასა და სახელმწიფო მოწყობის ხასიათს ეწინააღმდეგებოდა – საქართველოს კონსტიტუციით რელიგია და სახელმწიფო ურთიერთგამიჯნულია, ხოლო რელიგიური ნიშნით უთანასწორო მოპყრობა – აკრძალული. მაგრამ, მაშინ ხსენებულ კომენტარს არ გამოვხმაურებივართ, ვინაიდან მძიმე და დაძაბული დღეების გამო, უნებლიე შეცდომად მივიჩნიეთ. თუმცა შეიძლება სინანულით ითქვას, რომ ქალბატონ მაია ცქიტიშვილის პოზიცია, წინარე გამოცდილების გათვალისწინებით და მთავრობის მიერ შემუშავებული მიმდინარე შეზღუდვების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ახლა უკვე გამოკვეთილად დისკრიმინაციული დამოკიდებულების შესახებ მეტყველებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

რელიგიური ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, მათ წინააღმდეგ, დისკრიმინაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებას ქონდა ადგილი.

“თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის – გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორციელებლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრიცხოვანი მართლმაიდიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართველოს კანონმდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს. ჩვენ არ მივიღებთ ხელისუფლების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ უმცირესობაში ყოფნა შეიძლება იყოს დაკნინებისა და უთანსწორო მოპყრობის საფუძველად გამოცხადებული. ჩვენ, რელიგიური განსხვავების მიუხედავად, თანასწორი ვართ კანონის წინაშე, თანასწორების პრინციპი საქართელოს კონსტიტუციითაა დაცული”, – აცხადებენ რელიგიური ორგანიზაციები.

რელიგიური ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პანდემიასთან ბრძოლის ფონზე, არ დაუშვას დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამოვლინება დომინანტურისგან განსხვავებული რელიგიური გაერთიანებებისადმი და ამ ნიშნით არ შელახოს რელიგიის თავისუფლება.

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:

1. ქართველ მუსლიმთა კავშირი
2. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
3. ევანგელისტური ეკლესია
4. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია
5. სახარების რწმემნის ეკლესია.
6. აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება
7. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა.
8. მეგობრთა საზოგადება – კვაკერები
9. სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება.
10. დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია.
11. ხსნის არმია

ქვეყანაში კომენდანტის საათი 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე საღამოს 21:00-დან დაიწყება და დილის 05:00 საათამდე გაგრძელდება.

ამ დროის განმავლობაში იკრძალება ადამიანების მოძაობა როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე.

თუმცა, შეზღუდვები არ იხსნება იმ დღეებში, როდესაც შობას სხვა რელიგიის წარმომადგენლები ზეიმობენ.

banner
წინა სტატიაშითელავის მერიამ საახალწლო შესყიდვებზე გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა
შემდეგი სტატიაამდენი ადამიანი გვიკვდება ხელისუფლების უსულგულობის გამო – ჯანგირაშვილი ივანიშვილზე