დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ანომალიური სიცხეების ტალღა, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აღმოსავლეთისკენ გადაადგილდება. შაბათს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა, სადაც თერმომეტრის სვეტმა 40°C-ს გადააჭარბა.
მეტეოროლოგების განცხადებით, ივნისის თვის რეკორდული სიცხეები უკვე გამოიარეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და შვეიცარიამ, ახლა კი ცხელი მასები გერმანიის გავლით პოლონეთისკენ მიემართება. მეცნიერთა შეფასებით, კლიმატის ცვლილების გარეშე მსგავსი ანომალია პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა — დღეს ღამის ანომალიურად მაღალი ტემპერატურის ალბათობა 100-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ორი ათწლეულის წინ.
ვითარება ქვეყნების მიხედვით:
გერმანია: საფრანგეთის საზღვართან ახლოს, წინასწარი მონაცემებით, რეკორდული 41.3°C დაფიქსირდა. ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა ექსტრემალური სიცხის გაფრთხილება, ხოლო ხელისუფლებამ მოსახლეობას წყლის დაზოგვისკენ მოუწოდა.
საფრანგეთი: სიცხის ტალღამ ათობით ადამიანის (როგორც ახალგაზრდების, ისე მოხუცების) სიცოცხლე შეიწირა. შეფერხდა სარკინიგზო მიმოსვლა, დროებით აიკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა, შეწყდა სასწავლო პროცესი სკოლებში და გადაიდო გარე ღონისძიებები.
იტალია: ჯანდაცვის სამინისტრომ 18 ქალაქში (მათ შორის მილანში, რომში, ტურინსა და ვენეციაში) უმაღლესი — „წითელი“ დონე გამოაცხადა. იტალიის ალპებში კი ივნისის ყველაზე ცხელი ღამე დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურა 25.4°C-ზე ქვევით არ ჩამოსულა.


















