რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა

რეგულირების სააგენტომ უკანონოდ გახსნილი კოვიდტესტირების დაწესებულებები გამოავლინა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, პერიოდულად, ახდენს კოვიდტესტირების სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გადამოწმებას, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

„სააგენტოს მიერ გატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა, რომ კოვიდტესტირების პუნქტი აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაში იყო განთავსებული. დაწესებულება მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სავალდებულო შეტყობინების გარეშე ფუნქციონირებდა. რეგულირების სააგენტოს მიერ დაწესებულების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სასამართლოს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მსგავსი შემთხვევები გამოიკვეთა ქალაქ რუსთავსა და ბათუმშიც.

„ძირითადად, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები იღებენ ნაცხს და აგზავნიან ლაბორატორიებში, თუმცა აუცილებელია, რომ მათ სააგენტოში გადმოაგზავნონ შესაბამისი შეტყობინება და აკმაყოფილებდნენ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკურ რეგლამენტს“, – აღნიშნავს რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია: პრეზიდენტს კონკრეტული პოზიცია არ ჰქონია, რომელი მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს და სად არის გამოსავალი ამ კრიზისული პროცესიდან
შემდეგი სტატიაადვოკატი: სააკაშვილი შთაბეჭდილების ქვეშაა სპეციალისტების კვალიფიციურობით და სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ