რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა ანგარიში უნდა წარადგინოს

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკანონმდებლო ორგანოსთვის პირველი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მოუწევს.

პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის ფორმატი განსაზღვრულია რეგლამენტით, რომლის გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილია, საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიაზე მიმართოს.

კერძოდ, რეგლამენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.

ამასთან, გამოსვლების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, დასკვნითი სიტყვით გამოვიდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად გასული წლის 16 დეკემბერს ინაუგურაციის შემდეგ დაიკავა, მას ანგარიშის წარდგენა იმ პერიოდზე მოუწევს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად 5 თებერვალს განაახლებს. დეპუტატები რეგლამენტის შესაბამისად, საგაზაფხულო სესიას თებერვლის პირველ სამშაბათს გახსნიან.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ძველით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა
შემდეგი სტატია“ივანიშვილის ჩინოსნები მოსკოვში, ტვერსკაიაზე ყიდულობენ უძრავ ქონებას” – ბარამიძე