რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ და კომიტეტის წევრმა, ბექა დავითულიანმა ლაგოდეხში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.

კომიტეტის წევრებმა ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ არის დაფინანსებული.

„ლაგოდეხის მუზეუმის საკუთრებაში მნიშვნელოვანი ისტორიული არტეფაქტებია, რომლებიც დღეისათვის ეროვნულ მუზეუმში ინახება. შენობის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ კი, მუზეუმი დაიბრუნებს თავის საგანძურს და მნიშვნელოვანი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, რომლის პროექტის ფარგლებშიც აღნიშნული მუზეუმის განახლება მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომიტეტის წევრები ქალაქის ცენტრში მდებარე, საქართველოს გმირის, ჯიმშერ მაისურაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოებსაც გაეცნენ.

„ჯიმშერ მაისურაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ის კიდევ უფრო გაალამაზებს, დაამშვენებს ქალაქის ცენტრს და მიმზიდველობის ახალ კერას და ლოკაციას შექმნის, როგორც ადგილობრივი ტურისტებისთვის, ასევე საერთაშორისო მოგზაურებისთვის“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

ისევე როგორც მუზეუმის რეაბილიტაცია, სკვერის განახლებაც რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის დაფინანსებით ხორციელდება და ორივე ინფრასტრუქტურულ პროექტზე ჯამში 1.5 მლნ. ლარი დაიხარჯება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის პროცესს საიდუმლო სპეცოპერაციად განიხილავს – ვაშაკიძე
შემდეგი სტატიაკლიჩკოს თქმით, 8-9 მაისს კიევში კომენდანტის საათი არ დაწესდება, თუმცა ქუჩებში პატრულირება გაძლიერდება