რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გასვლითი საკომიტეტო სხდომა გამართა.

კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა კომიტეტის გასვლითი სხდომების ფორმატსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის საინტერესოა ადგილზე გაეცნოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან მოისმონოს ის საჭიროებები, რაც მათთვის გამოწვევებს წარმოადგენს. „კომიტეტს გასვლითი სხდომების მოწყობის დიდი ხნის ტრადიცია აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე გავეცნოთ იმ ვითარებას, რაც არის რეგიონში და ამ კუთხით განსაკუთრებული ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეთმობა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

გასვლით საკომიტეტო სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ მიმართეს.

კომიტეტის სხდომა დღის წესრიგის საკითხების განხილვით გაგრძელდა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი მამრიკიშვილმა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშები წარადგინეს.

„ბოლო დროს დამკვიდრდა ტრადიცია, რონ კომიტეტის გასვლით სხდომებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელიც ესწრება, რათა გავეცნოთ თუ რა დარღვევები იყო თვითმმართველობებში წინა წლების განმავლობაში და რა გაკეთებდა მათ აღმოსაფხვრელად. მინდა მივმართო თვითმმართველობების წარმომადგენლებს და ვუთხრა, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი დარღვევები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2021 წელს გურიისათვის 19,444,134.00 ლარი გამოიყო, რაც 52 პროექტის დაფინანსებას მოხმარდა. მუნიციპალიტეტების მიხედვით – ლანჩხუთში 8, ოზურგეთში 21, ხოლო ჩოხატაურში 23 პროექტი განხორციელდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კი, 2.564 ათასი ლარით, 374 პროექტი დაფინანსდა. რაც შეეხება სოფლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამას, 2021 წელს 6 პროექტის დასაფინანსებლად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, რომელიც რეგიონმა სრულად აითვისა და გამოიყენა.

მინისტრის მოადგილემ ინფორმაცია მიმდინარე წლის პროექტებზეც წარადგინა და აღნიშნა, რომ 2022 წელს საქართველო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გურიას 11 720 ათასი ლარი გამოეყო, რაც 27 პროექტის დაფინანსებას მოხმარდება. სოფლის მხარდაჭერის და სკოლების მცირე სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში კი, გურიის რეგიონში ჯამში 399 პროექტი განხორციელდება.

გურია ერთ-ერთია იმ 4 რეგიონიდან, სადაც საქართველო-ევროკავშირის დაფინანსებით საპილოტე პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნულის ფარგლებში, 2021-2022 წლებში გურიაში 20 982 649 ლარის ღირებულების 15 პროექტი დაფინანსდა. პროექტები მიმართულია ურბანული განახლების, რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და განვითარების, რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაციის, კულტურის და სპორტული ობიექტების მოწესრიგების, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის და ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილების მიმდებარედ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის“, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

სხდომაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით გეწაძემ რეგიონში ჩქაროსნული მაგისტრალისა და ადგილობრივი დანიშნულების გზების მშენებლობის კუთხით ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, გიორგი ციბაძის განცხადებით, 2021-2022 წლებში გურიის რეგიონის ჯამური ინვესტიცია 90 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც დაგეგმილი პროექტების ჯამური ინვესტიცია არის – 9,2 მლნ ლარი, მიმდინარე პროექტების ღირებულება – 54 მლნ ლარზე მეტი, ხოლო 27 მლნ ლარის სამუშაოები კი უკვე დასრულებულია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ნაფეტვარიძემ ინფორმაცია რეგიონში კომპანიის საქმიანობის შესახებ წარადგინა. მისი ინფორმაციით, 2021 წელს გურიაში 7.5 მლნ. ლარით 3 პროექტი განხორციელდა, დღეის მდგომარეობით კი 8 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 49.5 მლნ. ლარს შეადგენს. რაც შეეხება მყარი ნარჩენების კუთხით რეგიონში ჩატარებულ სამუშაოებს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორის, გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2021 წელს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისათვის შეძენილ იქნა სპეციალური დანიშნულების ტექნიკის 34 ერთეული და ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების 800 ერთეული. მიმდინარე წელს კი კომპანია ურეკის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების პროექტს ახორციელებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გაზიფიკაციის სამსახურის უფროსმა, გიორგი კაპანაძემ კი რეგიონში განხორციელებულ გაზიფიცირების სამუშაოებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. გურიის რეგიონში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ წარადგინა.

კომიტეტის გასვლით სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, სალომე ვარდიაშვილსაც მოუსმინეს, რომელმაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. მომხსენებელმა ყურადღება სტატისტიკურ მონაცემებზე, განხორციელებულ აქტივობებზე, ელექტეოენერგეტიკის მიმართულებით მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლის აუცილებლობაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე და გაზის უსაფრთხოების თემატიკაზე გაამახვილა.

სხდომა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა გამოსვლებით გაგრძელდა. მუნიციპალიტეტის მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა უკვე განხორციელებული პროექტები შეაფასეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც ადგილობრივ გამოწვევებს წარმოადგენს.

გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალი, არსებული ინფრასტრუქტურა და სამომავლო გეგმები მიმოიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში რეგიონში ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება, რამაც დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობა განაპირობა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში 5400 საწოლზე გათვლილი სასტუმროს ობიექტია. მარიამ ქვრივიშვილმა გურიის რეგიონის ტურისტულ ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და ყურადღება შიდა ტურიზმის სტიმულირებაზე, მარკირებულ ბილიკების მშენებლობაზე, „ღვინის გზის“ პროექტში ჩართულ სამანსპინძლო ობიექტების დამატებასა და გაცნობითი ხასიათის პრეს ტურების ორგანიზებაზე გაამახვილა.

სხდომის დასასრულს კომიტეტზე განხილული საკითხები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ შეაფასა. მისი განცხადებით, სხდომაზე განხილული იყო ყველა ის საკითხი, რაც გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია და ეს შეეხებოდა როგორც მიმდინარე პროექტებს, ასევე მუნიციპალიტეტების საჭიროებებს და გამოწვევებს. „ოპოზიციის წარმომადგენლების ჩართულობით საინტერესო დისკუსია გაიმართა და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იყო მსჯელობა. ჩვენ განვაგრძობთ რეგიონების მხარდაჭერას და იმ პროგრესის გადანაწილებას რეგიონებში, რომელიც აქვს საქართველოს. ჩვენ მომავალშიც ვუზრუნველყოფთ, რომ სოციალური, ჯანდაცვის, განათლების და ინფრასტრუქტურის საკითხები, ყველა რეგიონისთვის, შესაბამისად ავსახოთ ბიუჯეტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულო თავმჯდომარეები და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის შეფასება არის პირველი დოკუმენტი, სადაც რეალურად აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა – მაკა ბოჭორიშვილი
შემდეგი სტატიაჯონსონი-ზელენსკის შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე ისაუბრეს