(video) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკანდალში ეხვევა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სკანდალში ეხვევა. საქმე დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას, მინისტრობის პერიოდს და უწყების მიერ დაფუძნებულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შპს სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას ეხება.

გადაცემა განსხვავებულმა აქცენტებმა მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ 2014 წლის 14 მარტს შპს ჯენერალ ბილდინგს სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 117-ე , 119-ე კილომეტრის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად 437374.80 ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა.

საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ეს კომპანია 2014 წლის 27 თებერვალს დაფუძნდა. კომპანიის 90% წლის მფლობელი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, ზვიად წიკლაურია.

მთავრობის განკარგულება სენაკ -ფოთი-სარფის საავტომობილო გზების აღდგენა-გამაგრების სამუშაოების გამარტივებულ შესყიდვაზე კი 2013 წლის 16 დეკემბრით თარიღდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჯელიძე, ამბობს, რომ სამ თვეში, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებიდან მის აღსრულების დაწყებამდე გავიდა, ორი სრულფასოვანი ტენდერის ჩატარება მოესწრებოდა. სამშენებლო ტენდერების ჩატარების დროს კი 15/20%-იანი ფასდაკლება ხდება.

მომხდარი კორუფციული გარიგების ეჭვებს აჩენს.

ეს ერთადერთი ხელშეკრულება არ არის, რომელიც სახელმწიფო კომპანიამ ჯენერალ ბილდინგს ტენდერის გარეშე გააფორმა. ამჯერად 8212414.22 ლარზე. ასევე 2014 -2015 წლებში ამავე კომპანიას გამარტივებული შესყიდვის ოთხი ხელშეკრულება დაიდო, რომელთა ჯამური ღირებულება 1. 093 .272 ლარს შეადგენს.

როგორც განსხვავებულმა აქცენტებმა გამოიკვლია, უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები არამარტო მერიის, არამედ მთელი ხელისუფლების ქმედების დამახასიათებელია. ამ ფაქტებს კი ორი საერთო ნიშანი აქვთ. პირველი, სახელმწიფო უწყებები მილიონობით ლარს გასცემენ კომპანიებზე, რომლებზეც ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე არიან შექმნილები. მეორე, გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის ერთი და იგივე მუხლის ერთი და იგივე ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება იდება მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. თუმცა, ამის საჭიროების დასაბუთება არსად არ არსებობს.

https://youtu.be/LeJATV4eaOc

banner
წინა სტატიაშიარაღიარებული რესპუბლიკების ფეხბურთის ჩემპიონატის პირველი მატჩი სოხუმის გუნდმა მოიგო
შემდეგი სტატიაvideo კორუფციის ნიშნები სახელმწიფო უწყებებში- ჯანდაცვის სამინისტრო