რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი იზრდება 70 მილიონი ლარით, გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ

ვიცე-პრემიერის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, 2020 წელს სამინისტროს ბიუჯეტი საჭიროებებიდან გამომდინარე 70 მილიონი ლარით იზრდება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს.

„ჩვენი ბიუჯეტი 2019 წლის განმავლობაში იყო უპრეცედენტოდ მაღალი, თუმცა 2020 წელს, საჭიროებებიდან გამომდინარე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იზრდება 70 მილიონი ლარით და გვექნება საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი დავაფინანსოთ. ყველაზე დიდი წილი ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას უჭირავს, რაც ასახავს იმ საჭიროებებს, რაც მოსახლეობას აქვს, მათ შორის ამაში შედის ის საერთაშორისო მაგისტრალები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის არის აუცილებელი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

„2020 წელს გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაში არის შესული როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის, ასევე სხვა საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები. ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. დაახლოებით ეს არის 600 მონაკვეთი გზების რეაბილატაცია, შეკეთება და ეს არის შედეგი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა იგრძნობს.

გარდა ამისა იცით, რომ მოსახლეობის საჭიროებები მნიშვნელოვანწილად არის გაზრდილი წყალმომარაგების ნაწილში. ეს არის სფერო, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. 2019 წელს ჩვენ 30 პროცენტით გავზარდეთ ამ მიმართულებით ბიუჯეტი, მაგრამ 2020 წელს შევძელით, რომ კიდევ გამოგვენახა ერთობლივად რესურსები, დაახლოებით 40 მილიონი ლარით ამ ბიუჯეტის გასაზრდელად, რაც დაახლოებით 18% და იმ პროექტების, ამ დაფინანსებით, 2020 წლისთვის შევძლებთ დამატებით 70 ათასი აბონენტის გამართული წყალმომარაგებით უზრუნველყოფას“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარების მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ასევე განათლების ინფრასტრუქტურა.

„მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის განათლების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით 2020 წელს მხოლოდ ჩვენი სამინისტრო ბიუჯეტი ორმაგდება, ეს არის 150 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება 50-ზე მეტი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას, 19 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და 70 მეტ სკოლაზე მეტის მშენებლობა და რეკონსტრუქცია დაიწყება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტები იყვნენ უზრუნველყოფილი 40 მილიონი ლარის რესურსით, რომლითაც მათ შეძლეს 600-ზე მეტი სკოლის მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება და ეს პროცესი შემდეგ წელს აუცილებლად გაგრძელდება. ასევე 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხერხდება 2020 წელს წელს და ეს იქნება ჩვენი სამინისტროს წვლილი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებაში“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია, 70 წელს ზემოთ 50-ით – გახარია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : „ეს არის ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობების ბიუჯეტი“