22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

“რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ”- გიორგი შარაშიძე

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვას ეხმაურება.

„ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მესამედ გათიშვის შემდეგ, სახელმწიფო ელექტროსისტემისა და შემდეგ სემეკის წევრის განცხადებამ, რომ ქვეყანაში დენის გათიშვა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე დაგეგმილმა ტესტირებამ გამოიწვია და სისტემის სრულად გათიშვის რისკის შესაძლებლობა მათთვის წინასწარ იყო ცნობილი, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს, თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში?! მარტივი კითხვა უჩნდება ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მეტროს ჩაბნელებული გვირაბების ფეხით გავლა მოუწიათ – თუ პასუხისმგებელმა ორგანოებმა იცოდნენ სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობა, რატომ არ მოხდა შესაბამისი ზომების გატარება და მოსახლეობის წინასწარ ინფორმირება? ეს კითხვა რომ ყველას გაუჩნდებოდა, ეს „ოცნებაშიც“ კარგად იცოდნენ, მაგრამ დიდი ალბათობით, რეალური მიზეზი იმდენად მძიმეა, რომ ნებისმიერი სხვა ხარვეზის აღიარება ურჩევნიათ ნამდვილი მიზეზის გამოაშკარავებას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია მესამედ გაითიშა. ასევე, გაჩერებული იყო მეტროც. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ “ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, “ენგურჰესზე” მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიაComCom-მა “პოსტვ” მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა