კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, ადგილობრივი ფერმერები ატმის მოსავლის რეალიზებას ვერ ახერხებენ და პროდუქციას ნაგავსაყრელზე ყრიან. სამოქალაქო აქტივისტ უჩა ქემაშვილის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტერიტორია საღი ატმითა და ხილით სავსე ყუთებითაა გადავსებული.
ტვ პირველის ცნობით. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ შექმნილი ვითარების გამო იძულებული არიან, პროდუქცია მყიდველებს დაბალ ფასად გაატანონ, რათა მოსავალი სრულად არ გაუფუჭდეთ. ფერმერები ბაზარზე შექმნილ კონკურენციასა და რეალიზაციის სირთულეებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„ხალხმა გადაყარა ეს ატამი იმიტომ, რომ ვერ გაყიდა. ხეზე კიდევ ასხია მოსავალი და იმის იმედით უნდა მოკრიფონ, რომ იქნებ მომავალში მაინც გაყიდონ. ზევით ვნახეთ, რომ ყუთებით არის პირდაპირ გადაყრილი. ერთი-ორი რომ გაფუჭდება, მერე აღარავინ ყიდულობს და იძულებული არიან, ასე გადაყარონ. სომხეთიდან შემოიტანეს პროდუქტი, ჩვენთან კი ადგილობრივი არ იყიდება“, — აცხადებს ადგილობრივი ფერმერი.














