არჩილ თალაკვაძე: არჩევნები ჩატარებულია, თანაც ბუნებრივი ბარიერით – ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ

„არჩევნები ჩატარებულია, თანაც ბუნებრივი ბარიერით, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ. საბოტაჟი, რომელიც მათ სურდათ, პრაქტიკულად, განეიტრალებულია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ პარლამენტშია – შესაბამისად, მან არჩევნების შედეგებზე პასუხისმგებლობა აიღო. „ვინც არ არის მზად, ხედავს საზოგადოება და კარგად ჩანს – ეს არიან პარტიები, რომლებიც დღემდე არ შემოდიან პარლამენტში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებასაც. პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებას 8 მარტის შეთანხმება შეახსენა, სადაც მისივე თქმით, იყო პირობა, რომ არსებითად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით უნდა ჩატარებულიყო.

„მაშინაც იყო თუ არა ეს პირობა? შესრულდა? დიახ. ჩატარდა ბუნებრივი ბარიერით? ჩატარდა. და დღეს სად არის ეს ხალხი, რომელიც მაშინ პირობას დებდა, რომ პარლამენტში იქნებოდა? გარეთ. და მაშინ რატომ უნდა დავიჯეროთ ახალი პირობა, მით უმეტეს, რომელზეც დღეს, ერთსა და იმავე დროს, იაგო ხვიჩია აკეთებდა ერთ განცხადებას და დანარჩენი ოპოზიციონერები სხვა განცხადებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვისაც პარლამენტში შემოსვლა უნდა, მათთვის კარი ღიაა.

„არჩევნები ჩატარებულია, ვისაც უნდა შემოსვლა და პარლამენტი, კარი ღია დავტოვეთ და მეორე – საბოტაჟი, რომელიც მათ დაგეგმეს, პრაქტიკულად, განეიტრალებულია. ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ უარი თქვეს არჩევნების გაყალბების საკითხი შეესწავლათ, ისინი ამბობდნენ, ოცნება იქნება მარტო პარლამენტში, დღეს უკვე აშკარაა, რომ პარლამენტს ჰყავს 150 დეპუტატი, 96 მათგანი უკვე არის პარლამენტში და ორი ოპოზიციური პარტია შესულია პარლამენტში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიდისტანციურ სწავლებაზე ონლაინ განაცხადის შევსება-რეგისტრაციის გაუქმება ყოველ ოთხშაბათსაა შესაძლებელი
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია- ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე