რაულ ქირია: ამდენი სიყალბე, ვითომ პატრიოტიზმს ამოფარებული ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, არ გრცხვენიათ???

“მიუხედავად ჩემი ღრმა პატივისცემისა ზოგიერთი დეპუტატის მიმართ, დღეს თქვენ შექმენით პრეცენდენტი, როგორ შეიძლება დაკარგოთ სახე იმის შიშით, რომ არ დაკარგოთ სავარძელი, დღეს თქვენ წაახალისეთ და ტაში დაუკარით ოკუპაციას, დღეს თქვენს შვილებს და ჩემს შვილებს უთხარით, რომ მტერს თავი უნდა დავუხაროთ, მივიღოთ უპრობლემოდ, ვუმასპინძლოთ, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიც კი უნდა დავუთმოთ, აბა, სხვაგვარად როგორ იქნება?!

თქვენგან ერთადერთს, ვისაც ღირებულებები გააჩნია, ქალბატონი აღმოჩნდა, თამარ ჩუგოშვილი, რომელმაც შექმნილი ვითარება ასე თუ ისე, შინაგანად მაინც გააპროტესტა.

პარლამენტში, პარლამენტის სპიკერის სკამზე ზის და ოკუპანტის ენაზე მოგმართავთ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული ჩვენი ქვეყნის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დღეს ბაქოში ვიზიტით მიემგზავრება, რა პოზიცია აქვს? არ ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მეტი პრინციპული პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო?

დღეს ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატებმა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ოკუპაციაც მოახდინეს, თქვენი ხელშეწყობით, მოგწონთ? კმაყოფილები ხართ? იქნებ, რაღაც სხვა ჩანაფიქრებიც გაქვთ? არაფერი არ გაწუხებთ? სირცხვილს მაინც არ გრძნობთ? რამდენი კითხვაა ახლა თქვენს მიმართ, რა უნდა უპასუხოთ, რით უნდა “გაამართლოთ” თქვენი საქციელი? აქვს კი “გამართლება”?

ამდენი სიყალბე, ვითომ პატრიოტიზმს ამოფარებული ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, არ გრცხვენიათ??? არც უკრაინის ელჩის მიერ დაფიქსირებული პროტესტის შემდეგ შეგრცხვათ? მინიმუმ სირცხვილზე ვლაპარაკობ ახლა, სხვა არაფერზე. მოკლედ, ძალიან მიჭირს თავის შეკავება და მგონი, ახლა ყველა ამ აზრზეა, ვინც დღეს ეს ამაზრზენი კადრები ნახა”-წერს ჟურნალისტი რაულ ქირია.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს
შემდეგი სტატიარუსულ ენაზე დაწერილი დღის წესრიგის ავტორი არის კობახიძე -შარიქაშვილი