კახა მიქაია: რატომ ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი “ოცნებას”

გინდ პლასტელინა ვეძახოთ და გინდ ხათრა-გიორგა, ფაქტია - საქართველოს პრეზიდენტს დოლარში ფული არა აქვს შენახული, არც ერთი ბანკის არც ერთ ანგარიშზე. ყოველშემთხვევაში, დეკლარაციაში ასეა მითითებული.

რატომ ვეღარ აკონტროლებს ივანიშვილი “ოცნებას”, ვინ გაატუტუცა კობახიძის ფლანგი, რისთვის ემზადება კალაძე და რის მერე უნდა გამოექანოს ის ნაციონალებთან ერთად ანძიდან? _ ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება.
კახა მიქაია:
_ მმართველ პარტიაში სერიოზული შიდა ბრძოლები მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ “ოცნების” რეიტინგის ვარდნით არის გამოწვეული. რეიტინგის ვარდნა კალაძის ახალგაზრდული ფრთის თავგასულობასა და ტუტუცობასთან არის კავშირში. ეს დაჯგუფება აგდებით უყურებს დანარჩენ გუნდს.
ამას დაამატეთ მურუსიძე-ჩინჩალაძის ამბავი, დაძაბული სოციალური ფონი, შეუსრულებელი დაპირებები და რა გასაკვირია, რომ რეიტინგი დაეცა. დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედია საერთოდ კატასტროფა იყო. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო.
აი, ასეთი მძიმე პროცესები მიდის “ოცნებაში”, რისი გაჩერებაც უკვე ძალიან რთულია.
_ ზემოთ აღნიშნეთ, რომ “ოცნების” ახალგაზრდულ ფრთას დანარჩენი გუნდის მიმართ თავგასული დამოკიდებულება აქვს. ივანიშვილისგან რომ არ ჰქონდეთ მხარდაჭერა, ასეთ თავგასულობას გაბედავდნენ?
_ ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაც არის, მაგრამ მთავარი ფაქტორი აქ კახა კალაძეა. სულ ტყუილად უყურებთ თბილისის მერს ასე არასერიოზულად. ის სერიოზულად არის დაპირისპირებული შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და `ოცნების~ ძველ გვარდიასთან.
`ოცნების~ ლიდერი ამ პროცესებს ვეღარ მართავს. ის ჩვეულებრივ მაყურებლად იქცა და ამ დაპირისპირებას გვერდიდან უყურებს.
_ ასეთ შავ დღეშია ივანიშვილი, რომ პროცესებს ვეღარ მართავს?
_ ივანიშვილის უძლეველობის მითი კარგა ხანია დაინგრა. ახლა ასპარეზზეა გამოსული კალაძე, რომლის მიზანიც არის პირველკაცობა. ამაში მას გიორგი გახარია ეცილება. ამიტომაც არის მათ შორის დაპირისპირება.
_ პირველკაცობა უნდაო და ალბათ ბიძინას შემდეგ პირველკაცობაზე აქვს პრეტენზია.
_ რა ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, უნდა, რომ თავად იყოს ამ ქვეყანაში პირველი კაცი.
_ ამ შემთხვევაში ბიძინაც უნდა ჩამოიშოროს.
_ მაგას აკეთებს სწორედ.
_ გამოდის, რომ ახლო მომავალში თბილისის მერი “ოცნების” ლიდერსაც დაუპირისპირდება.
_ ივანიშვილსა და კალაძეს შორის ფარული დაპირისპირება დიდი ხანია, რაც მიდის. მმართველ გუნდში ისეა ყველაფერი ჩახლართული, რომ, როგორც უკვე გითხარით, პარტიის ლიდერმა მართვის უნარი დაკარგა.
_ მართვის უნარი რატომ დაკარგა?
_ პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხის თვალში დაეცა მისი ავტორიტეტი. მერე პარტიაში დაეცა მისი რეიტინგი. შესაბამისად, დაკარგა მართვის უნარი.
პროცესებს სრულად ვეღარ აკონტროლებს, მაგრამ ცდილობს, ბალანსი მაინც დაიცვას. გახარიას სწორედ ბალანსის დასაცავად იყენებს.
_ შეძლებს შს მინისტრის დახმარებით ბალანსის დაცვას?
_ აბა რა გითხრათ, გახარიას არ ჰყავს თავისი გუნდი.
_ აბა ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კახა საბანაძე ვინ არიან?
_ არც ერთი მათგანი არ არის გახარიას გუნდის წევრი. ერთიც და მეორეც ძალოვან სისტემაში სოსო გოგაშვილმა მიიყვანა. ორივე გოგაშვილის კადრია. და რაკი გოგაშვილის გუნდს წარმოადგენენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხოჯევანიშვილი და საბანაძე კალაძის ფრთას წარმოადგენენ.
_ კალაძის ფრთას რატომ?
_ გოგაშვილის გუნდს თბილისის მერი აკონტროლებდა.
_ გახარია ასეთი გულუბრყვილოა, რომ მოადგილედ მასთან დაპირისპირებული კალაძის გუნდის წევრი ჰყავს?
_ აქ რა შუაშია შს მინისტრის გულუბრყვილობა? აქ არის ივანიშვილის ფაქტორი. “ოცნების” ლიდერმა გადაწყვიტა გახარიას წინ წამოწევა. შს მინისტრს თავისი გუნდი არ ჰყავს, მაგრამ საკმაოდ ძლიერი ფიგურაა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ `ოცნებაში~ მისი დახმარებით დაიცავს ბალანსს.
მიდის საუბრები იმაზეც, რომ “ოცნების” ლიდერი შს მინისტრს აბარებს ხელისუფლებას. ეს არაა სიმართლე. სხვა თუ არაფერი, მას გუნდი არ ჰყავს. ვიმეორებ, არც ხოჯევანიშვილი და არც საბანაძე გახარიას გუნდს არ წარმოადგენენ. იმას არ გამოვრიცხავ, რომ ახლა აქციოს ივანიშვილმა ისინი შს მინისტრის გუნდის წევრებად. გოგაშვილი გვერდზეა გაწეული და მის კადრებს პატრონი უნდა, ამ ეტაპზე, კალაძისგან განსხვავებით, გახარიას გუნდი არ ჰყავს.
_ კალაძე ხშირად იწონებს იმით თავს, რომ `მილანში~ თამაშისას იბრაჰიმოვიჩს ფეხს უდებდა. თქვენ შს მინისტრს იბრაჰიმოვიჩს ადარებთ ხოლმე და თბილისის მერს არც მისთვის უნდა გაუჭირდეს `პადნოჟკის~ დადება.
_ არ გაუჭირდება ფეხის დადება, მაგრამ გახარია შეეცდება, იყოს იბრაჰიმოვიჩი. იბრაჰიმოვიჩს კი პასუხის მწარედ დაბრუნება ახასიათებს. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მინისტრი ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლობს.
_ ეგ მხარდაჭერა იბრაჰიმოვიჩობაზე მეტია, მაგრამ დედაქალაქის მერიც ხომ სარგებლობს `ოცნების~ ლიდერის მხარდაჭერით?
_ არა მგონია, კალაძე ასეთი მხარდაჭერით სარგებლობდეს. ეს მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, ის და მისი ღლაპები ამდენს ვერ გაბედავდნენ.
_ კალაძის ღლაპებში ვის გულისხმობთ?
_ კობახიძეს, ზარდიაშვილს, მდინარაძეს. მათიკაშვილს.
_ აღარ ითქმის ამ ბიჭებზე ღლაპები, მაგათ 40 წელს გადააბიჯეს უკვე და ლამის გახარიას ასაკის არიან.
_ მერე რა, რომ 40 წელს გადააბიჯეს. პოლიტიკურად მაინც ღლაპები არიან. ბოკერია მაგათ ასაკში საოცრებებს აკეთებდა. შეადარეთ ახლა ესენი და `ევროპული საქართველოს~ ლიდერი.
თბილისის მერმა მთელი `ოცნება~, მათ შორის ივანიშვილიც დააშანტაჟა და ეს ყველაფრიდან ჩანს. მმართველ პარტიაში მისი გვარის ხსენებას ყველა ერიდება.
იმდენად ღრმა კრიზისშია `ოცნება~ შესული, რომ ივანიშვილს ღლაპებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია. ამიტომაც ფაფხურობს ის და ცდილობს გახარიას დაწინაურებას. იმ ადამიანს აწინაურებს, რომელსაც თავის გუნდი არ ჰყავს.
ივანიშვილი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, კარგა ხანია, რაც დამთავრდა. აქედან გამომდინარე არავის უნდა გაუკვირდეს ის პროცესები, რაც მმართველ პარტიაში მიდის.
ივანიშვილი რომ არ დასუსტებულიყო, ღლაპების გუნდი, თალაკვაძის თამადობით, ვერ გაძლიერდებოდა.
_ ბოლო დროს თალაკვაძე ძველებურად აღარ აქტიურობს და ძველ პარტიაში _ ნაციონალებში ხომ არ აპირებს დაბრუნებას?
_ თალაკვაძე იმიტომ გაჩერდა, რომ თბილისის მერმა უთხრა ასე. რაც შეეხება ნაციონალებს, არ გამიკვირდება, `ოცნებიდან~ პირველი კალაძე გადავიდეს მათ რიგებში და საჭიროების შემთხვევაში ბოკერიას შეეკრას. მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ისინი დღეს უკვე ერთად არიან.
_ ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს რა გაძლევთ?
_ თუნდაც მერის განცხადებები. კახა კალაძემ `ევროპულ საქართველოს~ კონსტრუქციული ოპოზიცია უწოდა და მათთან თანამშრომლობა არ გამორიცხა.
კალაძე ვერაგულ, მაგრამ ჭკვიანურ ნაბიჯებს დგამს. ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად მას თავისი ტვინი არ ეყოფა. არის მოსაზრება, რომ მის უკან დგანან ბოკერია და მისი გუნდი.
_ თქვენ კალაძის და ყოფილი ხელისუფლების შესაძლო თანამშრომლობა ახსენეთ. თბილისის მერმა მათთან დაკავშირებით თქვა, გამოექანონო.
_ გამოქანებისკენ მან სააკაშვილს და ლევან ხაბეიშვილს მოუწოდა, “ევროპული საქართველო” არ უხსენებია. თბილისის მერი ჯერ იმას მოყვეს, როგორ კენწლავდა სააკაშვილის დავალებით ბურთს და მერე გამოექანოს ნაცებთან ერთად ანძიდან, ამის წინააღმდეგი არავინ არა ვართ.
_ რა ბურთს კენწლავდა სააკაშვილის დავალებით?
_ მიშა პრეზიდენტი რომ იყო, გადაუგდებდა კალაძეს ბურთს, ეტყოდა, აკენწლეო და ისიც კენწლავდა.
დიღომში მომხდარი ტრაგედიის დღესვე ვთქვი, რომ ყალბი იყო ამათი მწუხარება. კალაძემ თავისი უაზრო განცხადებით გამოქანებაზე, ეს დაამტკიცა. მისი განცხადება მამუკა ბახტაძემ იუმორად შეაფასა.
საზოგადოება ჯერ 16 იანვარს დატრიალებული შოკიდან არ გამოსულა და ქალაქის მერი პრემიერთან ერთად იუმორის `კლასიკური შედევრით~ გვაწონებს თავს!
“მალადეც” ბიჭებო!

 

შორენა მარსაგიშვილი

“ახალი თაობა” 

banner
წინა სტატიაშიჩაანაცვლებს თუ არა გახარია ბახტაძეს?!-,,ძალიან ბევრი ცვლილება იქნება “
შემდეგი სტატია„ეს არის საზოგადოების პირველი გამარჯვება“ – რომან გოცირიძე მოსამართლეობის კანდიდატების თვითაცილებაზე