რატომ უნდა დავიქირავოთ ინტერიერის დიზაინერი?

როცა საქმე სახლის გარემონტებაზე მიდგება, მნიშვნელოვანი კითხვის წინაშე ვდგებით: ავიღოთ საკუთარ თავზე ინტერიერის მოწყობა თუ დავიქირავოთ პროფესიონალი დიზაინერი? დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, რატომ შეიძლება ინტერიერის დიზაინერის დაქირავება ჭკვიანური გადაწყვეტილება იყოს. 

ინტერიერის დიზაინის გავლენა ფსიქოლოგიაზე

როგორც წესი, სახლის ყიდვა ცხოვრების მთავარ ინვესტიციად მიგვაჩნია ხოლმე, რაც სრულიად ლოგიკურია, განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით. მაგრამ გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ინტერიერის მოწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია. ინტერიერის დიზაინი არის ის მედიატორი, რომელიც უბრალო ოთხ კედელსა და სახლს ერთმანეთთან აკავშირებს. სენტიმენტალური ღირებულების გარდა, ინტერიერს მეცნიერულად დამტკიცებული ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ჩვენზე. 

 

ერთი შეხედვით, კავშირი ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ გარემოს შორის მარტივი აღსაქმელი არ არის, მაგრამ არც თუ ცოტა ხანია, რაც ფსიქოლოგიის დარგში ახალი მიმართულება, ინტერიერის ფსიქოლოგია გაჩნდა. ეს დისციპლინა შეისწავლის დიზაინის გავლენას ჩვენს ემოციებზე, ქცევასა და საერთო განწყობაზე. ყველა ვყოფილვართ ისეთ სივრცეში, სადაც თითქოს უმიზეზოდ ავნერვიულებულვართ და თავი არაკომფორტულად გვიგრძვნია. უნდა ვივარაუდოთ, რომ სტრესული სიტუაციის შექმნაში არასწორად დაგეგმილ ინტერიერსაც მიუღია მონაწილეობა. მეორე მხრივ, ზოგიერთ სივრცეს დამამშვიდებელი, კომფორტული და მეგობრული აურა აქვს. 

არ უნდა ვიფიქროთ, რომ არსებობს უნივერსალური სახელმძღვანელო, რომელიც ინტერიერის სწორად მოწყობაში დაგვეხმარება. 

გამოცდილი ინტერიერის დიზაინერები მხოლოდ ფერებსა და ავეჯს არ არჩევენ; ისინი ქმნიან სივრცეებს, რომლებიც ჩვენს ხასიათსა და განწყობას ეხმიანება. შესაბამისად, ინტერიერის დიზაინერის დაქირავება მხოლოდ ბინის გასალამაზებლად კი არა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად არის საჭირო. პრაქტიკული ცოდნის წყალობით, დიზაინერებმა იციან, როგორ გარდაქმნან ოთხი კედელი ადგილად, სადაც თავს ნამდვილად სახლში იგრძნობთ; ადგილად, რომელიც არა მხოლოდ აირეკლავს თქვენს პიროვნებას, არამედ მოსვენებისა და განვითარების საშუალებას მოგცემთ. 

ფინანსური ფაქტორი

თუ ბინის რემონტის მთავარი მოტივაცია სამომავლოდ მისი გაყიდვა ან გაქირავებაა, ინტერიერის დიზაინის მნიშვნელობა ამ სცენარშიც კარგად უნდა გვესმოდეს. შეიძლება მოცემულ მომენტში ფიქრობდეთ, რომ ინტერიერის დიზაინერის დაქირავება დამატებითი ხარჯია, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში ეს ფინანსურად მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

პროფესიონალურად მოწყობილი ინტერიერის დიზაინი შესამჩნევად ზრდის საკუთრების ღირებულებას, მოიზიდავს პოტენციურ მყიდველებს/მოიჯარეებს და განაპირობებს ინვესტიციის დაბრუნების (ROI) მაღალ მაჩვენებელს. გამოცდილმა დიზაინერმა იცის, როგორ გახადოს სივრცე უძრავი ქონების ბაზარზე უფრო მიმზიდველი და სხვებისგან გამორჩეული. ასეთი ფაქტორები შეიძლება იყოს მიმდინარე სტანდარტები ინტერიერის დიზაინში, სწორად შერჩეული ფერები, ჭკვიანურად დაგეგმილი სივრცე და სხვ. 

შეჯამება

როგორც ვნახეთ, ინტერიერის დიზაინერის დაქირავება ჭკვიანური გადაწყვეტილებაა როგორც სახლის, ისე გასაყიდი/გასაქირავებელი ქონების მოწყობისას. ერთი მხრივ, სწორად შერჩეული დიზაინი დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქოლოგიასა და ცხოვრების ხარისხზე, მეორე მხრივ კი, ქონებას დამატებით ფინანსურ ღირებულებას აძლევს.

banner
წინა სტატიაშითბილისი-მოსკოვის რეისის ერთ-ერთმა მგზავრმა ფრენის დროს თვითმფრინავში სტრიპტიზი იცეკვა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ველი ნატახტარი ლუდის საწარმოს აშენებს