ამერიკის ხმა: რატომ “უარყოფს რეალობას” “ქართული ოცნება”

ამერიკელი ანალიტიკოსები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ ანტიდასავლური, ანტიამერიკული განცხადებების კეთება.

“ყველაფერი რასაც ისინი [ქართული ოცნების ლიდერები] ახლა ლაპარაკობენ და აკეთებენ, უნდა შეწყდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ურთიერთობა დარჩება ცივი და ის შეიძლება გახდეს ნაკლებად მეგობრული ვიდრე დღეს არის,”- ამბობს “ამერიკის ხმასთან” ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ახლა კი ატლანტიკურ საბჭოში ევრაზიის ცენტრის დირექტორი.

ცივ და ნაკლებად მეგობრული ურთიერთობებში ანალიტიკოსი გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლოა საქართველო ახალი საბიუჯეტო წლიდან, რომელიც ამერიკაში 1 ოქტომბერს იწყება, ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშეც დარჩეს. დემოკრატი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, ამის შესახებ კონგრესში მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.

სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში, ვაშინგტონში, ისე როგორც ბაიდენის ადმინისტრაციაში, ასევე კონგრესში, აქტიურად მსჯელობენ ქართველი ოფიციალური პირებისთვის ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შემოღების შესახებაც. მიმდინარე კვირაში ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა: “მივიღეთ ზომები და ვფიქრობ მეტს ნახავთ”.

“ახლა საქართველოსთან პრობლემური ურთიერთობების ეტაპზე ვართ, სადაც ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიმუშაოთ მათთან დახურულ კარს მიღმა და არა საჯაროდ,”- ეუბნება “ამერიკის ხმას” ლუკ კოფი, “ჰადსონის ინსტიტუტიდან”.

მოლაპარაკებები და ვიზიტები სანქციების ფონზე
ამერიკელი ანალიტიკოსები, ისევე როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, “ამერიკის ხმას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ მიმდინარეობს საუბრები ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის.

“ჩვენ ვაგრძელებთ რუტინულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, როგორც თბილისში, ასევე ვაშინგტონში”,- უთხრა “ამერიკის ხმას” მეთიუ მილერმა გასულ კვირას. ჯონ ჰერბსტი კი გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ელჩი ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს.

“ვესაუბრე ამერიკაში საქართველოს ელჩს, სატელეფონო საუბარი იყო. როგორც ჩანს ის შეხვედრებს გამართავს [ბაიდენის] ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, რასაც მე ველოდები,”- გვეუბნება ჰერბსტი, თუმცა საქართველოს ელჩთან საუბრის დეტალებზე “ამერიკის ხმის” კითხვებს დამატებით აღარ პასუხობს. “ამერიკის ხმა” პასუხების მიღებას საქართველოს საელჩოსგანაც შეეცადა, თუმცა მათგან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რატომ არის მნიშვნელოვანი “ქართველ ჩინოვნიკებთან” საუბარი?
ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებს ვკითხეთ, ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის გამართული და დაგეგმილი შეხვედრების შესახებ – თუ რა მნიშვნელობას ატარებს სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების ფონზე, ასეთი ტიპის საუბრები.

“ერთის მხრივ, სანქციები დაუწესო იმ ჩინოვნიკებს, რომლებიც დამნაშავეები არიან საქართველოს ანტიდემოკრატიულ სვლაში და მეორეს მხრივ, გააგრძელო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის თუ ფინანსთა მინისტრთან, შესაძლებელია. ეს ორი რამ ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის… როგორც მე, ისე ბევრი სხვა ადამიანიც ფიქრობს, რომ სანქციებს აქვს აზრი, მაგრამ აქვე ვფიქრობ, რომ ქართველ ჩინოვნიკებთან საუბარსაც აქვს აზრი. ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ მათ იმის გაგებაში, რომ ავტორიტარული მიმართულებით მოძრაობა კარგი არ არის საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, არ არის კარგი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობისთვის,”- ეუბნება “ამერიკის ხმას” ჯონ ჰერბსტი.

ირაკლი კობახიძე და “შემხვედრი ნაბიჯები”
მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები “ქართული ოცნების” ანტიდასავლური, ანტიამერიკული რიტორიკისა და “არადემოკრატიული ნაბიჯების” საპასუხო ზომებზე მუშაობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატებისგან “შემხვედრ ნაბიჯებს” ელოდება, რათა ურთიერთობები გადაიტვირთოს. ანალიტიკოსებს ვკითხეთ, რა ვითარებაშია შესაძლებელი ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება.

„თავდასსმები კონგრესმენებზე, ყოფილ ელჩზე უნდა შეწყდეს, უნდა დასრულდეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკა. აგენტების კანონის გაუქმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს კანონი შექმნილია იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას და საბოლოოდ შეარყიოს პოლიტიკური ოპოზიცია. ამ კანონის მიღებით [ქართული ოცნება] ეწინააღმდეგება სულისკვეთებას, რომელზეც მე მიმაჩნია, რომ ქართულ ამერიკული ურთიერთობებია აგებული,”- ამბობს ლუკ კოფი.

ჯონ ჰერბსტს აქვე შევეკითხეთ, რამდენად არის “ქართული ოცნება” მზად, რომ ამერიკასთან ახლო კავშირები შეინარჩუნოს.

“ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნებას“ სურს უკეთესი ურთიერთობა ვაშინგტონთან. აქ გაუგებარი არის ის, არიან თუ არა ისინი მზად მოიქცნენ ისე, რომ ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი ეხება ქართული ოცნების მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილ განცხადებებს, რომლებიც ჟღერდება საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის წევრებისა და მთავრობის ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ. ყველაფერი ეს უნდა დასრულდეს,”- ამბობს ჰერბსტი.

ბაიდენის ადმინისტრაციაში და ამერიკის კონგრესში დანანებით ამბობენ, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს “დემოკრატიის შუქურა” იყო, დღეს ავტორიტარიზმისკენ მიდის. ნაბიჯები კი რომელიც ვაშინგტონმა გადადგა, სწორედ ამ პროცესების შეჩერებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსთა ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნორმალურ ფაზას დაუბრუნდება და მომავალში გაღრმავდება კიდეც.

“ამერიკა საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე ერთი პარტია… ვიმედოვნებ, რომ როდესმე ჩვენ შევძლებთ ქართველებისთვის ვიზების გაუქმებას და სპეციალურ პროგრამაში ჩასმას, ისე როგორც თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებას. სინამდვილეში ეს არის ის ორი საკითხი, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ ბოლო ათი წლის განმავლობაში. მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ურთიერთობების იმ ეტაპზე, სადაც ეს შესაძლებელია,”- ამბობს “ამერიკის ხმასთან” ლუკ კოფი.

უკვე ერთი თვეა, რაც “ქართული ოცნების” წევრთა ნაწილისთვის ვაშინგტონმა სავიზო შეზღუდვები დააწესა, თუმცა, ამ დრომდე საქართველოს მმართველი პარტია ამბობს, რომ სანქციები დაწესებული არ არის და არც სანქცირების მიზეზი არსებობს. ჯონ ჰერბსტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება რეალობას უარყოფს.

“მე მესმის, რატომ უარყოფს ქართული ოცნების ხელისუფლება სანქციების არსებობას, რადგან ეს ქართველი ხალხის თვალში მათ წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ ისინი რეალობას უარყოფენ,”- ამბობს ჰერბსტი “ამერიკის ხმასთან”.

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ფინანსური და ეკონომიკური სანქციების შემოღება “ქართული ოცნების” წევრების მიმართ დიდწილად დამოკიდებულია ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გადადგამს. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რამდენად სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდება შემოდგომაზე, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები.

წყარო: ამერიკის ხმა

banner
წინა სტატიაშიდონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული მოიერიშე თვითმფრინავი, სუ-25 ჩამოაგდეს
შემდეგი სტატიაბუჩამდე იყო აფხაზეთი!