რატომ წუწუნებს „მამა მოდა“

მას რამდენიმე სახელი აქვს, ანუ მრევლისთვის მამა პეტრეა, პოეზიის მოყვარულებისთვის – პეტრე კოლხი, მოდასაყოლილებისთვის კი – „მამა მოდა“. სინამდვილეში კი წალენჯიხელი პეტრე კვარაცხელიაა, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ სუპერმოდური და ძვირადღირებული ანაფორებით იმოსება.

ჩვენში დარჩეს და, ეშმაკთან გარიგებულები იმასაც ამბობენ, „მამა მოდა“ „დოლჩე-გაბანას“ და მსოფლიოში ცნობილ მოდის სხვა სახლებს ანაფორებს ექსკლუზიურად აკერინებს და თითო შესამოსელში ძალიან დიდ, ზოგჯერ ოთხნიშნა თანხასაც იხდის, რაღა თქმა უნდა, დოლარებსა და ევროებშიო.
ისე, მამა პეტრეს, ანაფორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ავტომობილიც ძვირადღირებული აქვს. ყველაფერი ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ სასულიერო პირს ოდანავდაც არ უჭირს, მაგრამ „მამა მოდა“ მაინც წუწუნებს, წუწუნებს, წუწუნებს დაუსრულებლად.

რატომ წუწუნებს „მამა  მოდა“? – ალბათ, იმიტომ, რომ ჰგონია, ამით ღმერთს თვალებს აუხვევს და სამოთხეში მოხვდება. აქვე, მეორე ვერსიაც არსებობს, მრევლს გაჭირვებული „გლამურული მამაო“ შეეცდოება და „მწვანეებს“ თუ არ უფეშქაშებს, კომუნალურებს მაინც დაუფარავს.

დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ახალი წლის დღეებში, „მამა მოდამ“ ერთი ამბავი ატეხა, დენისა და გაზის იმხელა გადასახადი მომივიდა, ვერ გადავიხდი, სიცივით გავიყინები და იძულებული გავხდები, ჩემი შვილები და შვილიშვილები თბილისის მერს შინ მივუყვანოო.

ახლა, ეს განცხადება მანიპულირება რომ იყო, იმთავითვე ეტყობოდა, თუმცა ზოგმა შესაძლოა, თქვას, მანიპულაცია რა შუაშიაო? ჯერ ერთი, მამამ პეტრე, როგორც ხმა დადის, შემთხვევით არასოდეს არაფერს ამბობს, ანუ მისი ამ განცხადების უკან შესაძლოა, გარკვეული პოლიტმოტივი იმალებოდეს.
მეორეც, კაცო, თუ ასე გიჭირს და არსებობს საშიშროება, რომ შვილები და შვილიშვილები გაგეყინებიან და შიმშილის საფრთხეც რეალურია, მაშინ ადექი და, სულ მცირე, ერთი ძვირადღირებული ანაფორა გაყიდე, ამ გზით მიღებული შემოსავალი კი მხოლოდ კომუნალურების დასაფარად კი არ გეყოფა, არამედ, შიმშილის პრობლემაც მოგეხსენება, მაგრამ ძვირადღირებული ანაფორით შემოსილი ღმერთთან კავშირს, ალბათ, უფრო ადვილად ამყარებს.

ზოგადად, შეუცნობელია გზანი უფლისანი კი არა, მამა პეტრესი…

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია: ძალიან ეჩქარება, გამოვიდეს იქიდან ბოლოს და ბოლოს და იყოს თავისუფალი
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი: NATO-რუსეთის შეხვედრამდე კონსულტაციებს ვმართავთ პარტნიორებთან, საქართველოსთანაც