9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

რატომ შეწყდა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობის არქიტექტურული ტენდერი

bm.ge-ს ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის.

როგორც სატენდერო კომისიის ოქმში არის აღნიშნული, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას.

ტენდერის შეწყვეტისას, ექვს საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიას საკუთარი წინადადება და პროექტის რენდერები უკვე წარდგენილი ჰქონდა. შეთავაზებების ღირებულება 3.3-4.4 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:

პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²

მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²

ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²

ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²

რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
7,600 მ²

კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²

თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
7,000 მ²

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²

სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის შესახებ განცხადება 2025 წლის დეკემბერში გააკეთა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი საოფისე შენობების აშენების შემდეგ მთავრობა სამინისტროების ძველ შენობებს გაყიდდა.

ტენდერში ყველა კომპანიას დეტალური რენდერები არ ჰქონდა ატვირთული, თუმცა ერთ-ერთ კომპანია – შპს “მიდამოს” პროექტის განვითარების უფრო დეტალური რენდერები ჰქონდა წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი: ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასაჰაერო განგაში ისრაელში