რატომ შეწყდა 876-მილიონიანი სტადიონის ტენდერი, რომელიც თბილისის აეროპორტის მახლობლად უნდა აშენებულიყო?!

თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 000 მაყურებელზე გათვლილი, ახალი სტადიონის მშენებლობის 876 მილიონ ლარიანი ტენდერი შეწყდა.

ირკვევა, რომ სტადიონის მშენებლობაზე წინადადებები წარადგინეს შემდეგმა კომპანიებმა:

ანაგმა (საქართველო) — 850 მილიონი ლარი;
მაქრო ქონსთრაქშენმა და შპს ინშაათჩმა 3 (საქართველო და აზერბაიჯანი) — 789.4 მილიონი ლარი;
YDA İNŞAAT-მა (თურქეთი) – 744.9 მილიონი ლარი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მაქრო ქონსთრაქშენმა“ და „ინშაათჩმა“ და YDA İNŞAAT-მა დისკვალიფიკაცია მიიღეს, რადგან ვერ დააკმაყოფილეს სატენდერო დოკუმენტით მოთხოვნილი საკვალიფიკაციო პირობები. ერთადერთ მონაწილედ „ანაგი“ რჩებოდა, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, იმის გამო, რომ მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

„სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება“, – ნათქვამია კომისიის დასკვნაში.

“იმის გამო, რომ ტენდერის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი აკმაყოფილებდა და მისი შეთავაზება, სხვა მონაწილეთა ფასებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მაღალი იყო, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა და საჭიროდ მიიჩნია პირობების ხელახალი შეფასება და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

სატენდერო კომისიამ იმსჯელა და დაადგინა სატენდერო დოკუმენტის დამკვეთის მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროება. სატენდერო დოკუმენტის ინსტრუქციები პრეტენდენტთათვის (იპ) 39.1 პუნქტის შესაბამისად, სატენდერო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ანულირდეს ტენდერის პროცედურება”, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულ 270,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ახალი სტადიონის აშენებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნებოდა, შესაბამისად თუკი გამარჯვებული გამოვლინდებოდა, მისი მშენებლობა 2029-2030 წლებში უნდა დასრულებულიყო.

banner
წინა სტატიაშიგორში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრისთვის პოლიციამ 20 წლის ბიჭი დააკავა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” პასუხი ნიკა მელიას