რატომ მოუწია კოსტავას ქუჩაზე განთავსებული 3 ობიექტის თანამშრომლებს შლაგბაუნით თავისუფალი სარგებლობისთვის 60 ლარის გადახდა?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე ადგილები პრობლემას უკვე რამდენიმე წელია ქმნის. ამ შემთხვევაში “თაიმერმა” ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციულ შენობაზე გაამახვილა, სადაც რამდენიმე საჯარო დაწესებულებაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის უფლება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, 2016 წლის აპრილში გადაწყდა, რომ კოსტავას ქუჩის შესახვევთან შლაგბაუმი დაემონტაჟებინათ და ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის უფლება მხოლოდ იმ საჯარო მოხელეებს ჰქონოდათ, რომლებიც ამ შენობაში იყვნენ დასაქმებულები.
როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თვითნებურად გადაწყვიტა კოსტავას ქუჩის შესახვევთან, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციული შენობის გარდა კიდევ სამი სხვა კერძო დაწესებულება მდებარეობს, შლაგბაუმი დაემონტაჟებინა. ბუნებრივია, მათ გადაწყვეტილებას მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დაწესებულებების თანამშრომლებისა და კლიენტ-პაციენტების უკმაყოფილება მოჰყვა. 8 თვის შემდეგ, მაშინდელი მერი ირაკლი გოგოხია შეეცადა პროტესტანტები პულტების გადაცემით დაეშოშმინებინა. მისი გადაწყვეტილების თანახმად, კერძო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შლაგბაუმის სამართავი პულტები გადაეცა, აღნიშნული პულტის სურვილის მქონე თანამშრომლებს კი 60 ლარად შეძენა მოუწიათ.
შლაგბაუმი, რომელზეც ვსაუბრობთ, პრობლემას უქმნის, როგორც ტერიტორიაზე განთავსებულ ბიზნეს ობიექტებს, ასევე, აფერხებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანებს, რომლებსაც კლინიკაში, ხშირ შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტები მოჰყავს.
“ყოფილა შემთხვევები, როცა შლაგბაუმის გახსნის ლოდინში დაგვიანებულა კლინიკაში მძმე პაციენტის შემოყვანა. ღამის მორიგეობაში ასეთი ფაქტი რამდენჯერმე მოხდა. ჩვენ გვაქვს შლაგბაუმის გასახსნელი პულტი, მაგრამ, როგორ წარმოგიდგენიათ, დგას სასწრაფოს მანქანა და ელოდება როდის გავა კლინიკიდან ვინმე, რომ გაუხსნას ეს შლაგბაუმი და მოხდეს მძიმე ავადმყოფის შემოყვანა. ეს აფერხებს ავადმყოფისთვის დროული დახმარების აღმოჩენას. ჩვენი კლინიკის დირექტორს მაშინ ამ შლაგბაუმის გასახსნელი პულტი გადასცეს, მაგრამ მეც მჭირდებოდა და 60 ლარად შევიძინე, მაგრამ ამის შეძენის საშუალება ყველას არ აქვს და ამიტომ უმჯობესი იქნება საერთოდ გააუქმონ ეს შლაგბაუმი”, – განაცხადა კლინიკის ექიმმა თინათინ ხარჩილავამ.
აღნიშნულ ტერიტორიაზე შლაგბაუმის დამონტაჟების დღიდანვე მისი გაუქმების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტი, როსტომ ზარანდია გამოდიოდა. როგორც ის “თაიმერთან” საუბრისას აღნიშნავს, ტერიტორია, სადაც ბოლო ორი წელია “ელიტარული შლაგბაუმი” დამონტაჟდა, აფერხებს კლინიკაში ავადმყოფების შეყვანას და ასევე, საფრთხეს უქმნის კერძო ობიექტების ბიზნესმენებს. ის მიიჩნევს, რომ ტერიტორიაზე, სადაც შლაგბაუმია დამონტაჟებული ნებისმიერი მოქალაქის უფლება იზღუდება, რადგან კოსტავას ქუჩის შესასვლელი და თავად ეს ქუჩაც ყველას საკუთრებაა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დამონტაჟებული აკრძალვით მოქალაქეების უფლებები იზღუდება.
“შლაგბაუმი თავდაპირველად 2016 წელს, თუ არ ვცდები, აპრილის ბოლოს, ან მაისის დასაწყისში გაჩნდა, რათა იქ დასაქმებულთა ტრანსპორტის გარდა უცხო არ შესულიყო მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ მიზნით მითვისებულ იქნა ადმინისტრაციული შენობის გვერდით არსებული ფართიც და უგულვებელყვეს იქ არსებული კერძო ბიზნესები. შეეძლოთ თავიანთი საკადასტრო კოდის გასწვრივ განელაგებინათ შლაგბაუმი და ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზს უცხო ვერ მოხვდებოდა, თან, მოქალაქეებს არ შეეზღუდებოდათ კერძო ბიზნესის სერვისების მიღება. რა საოცარიც არ უნდა იყოს, იქ სამედიცინო კლინიკაცაა, სადაც სასწრაფო მანქანებით გადაყავთ ხოლმე ხშირად პაციენტები, არაერთხელ შევსწრებივარ ფაქტს, როცა სასწრაფო იცდის შლაგბაუმთან. განცხადებებით მივმართე საკრებულოს, თუ ვინ გასცა ნებართვა-თქვეს, რომ ნებართვა მათ არ გაუციათ. მერიას მივმართე, მათ თქვეს, რომ მსგავსი ტიპის ზღუდისთვის ნებართვა არ სჭირდებოდათ. შემდეგ პირად საუბრებში დავიწყე საჯარო მოხელეების დამუნათება. ზეპირ საუბრებში ყველა თანხმდება, რომ კერძო ბიზნესს ხელს არ უნდა უშლიდეს შლაგბაუმი. მედია ჩაერთო, ყველა საჯარო შეხვედრაზე ვახმოვანებდი და ბოლოს დეკემბერში, ანუ, რვა თვის შემდეგ გადაიფორმეს ეს მიწაც, ანუ უკვე თავიანთ ტერიტორიაზე მოაწყვეს პარკინგი, დანაშაულის დაფარვის მცდელობა იყო. ამასობაში თვითმმართველობის კასტრაციით მუნიციპალიტეტები გააერთიანეს და თავად იმდროინდელმა მერიამაც ამოწურა ვადა, არჩევნებამდე მცირე ინციდენტი მოხდა შლაგბაუმთან, მას შემდეგ ღია იყო, აღარ კეტავდნენ, მიილია არჩევნები, დალაგდნენ და გარემონტებულ ტეროტორიაზე ახალი შლაგბაუმი დაამონტაჟეს. დაკეტეს და ადრინდელივით პულტები დაურიგეს იქ კლინიკას, რესტორანს და ყვავილების მაღაზიას, ხოლო ჩვენ, უბრალო მოკვდავებს პაციენტების ხელში აყვანილი ტარება გვიწევს კლინიკამდე. მე პირადად ორი სიცხიანი ბავშვი მიმყავდა ექიმთან, შლაგბაუმთან დავტოვე მანქანა, ჩავხერგე შეგნებულად და ხელში აყვანილმა წავიყვანე ბავშვები. ჩემს უკან ორ მამაკაცს მოხუცი ბაბუ მოყავდათ ხელით. ღიად აფიქსირებენ ასევე პროტესტს იქ მდებარე ბიზნესის წარმომადგენლები, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავდა, სანამ გასულ კვირას სასწრაფომ ავადმყოფი ვერ შეიყვანა ღამე კლინიკაში, მეორე დილითვე კლინიკის მხრიდან ცხარე პროტესტის შემდეგ გახსნეს შლაგბაუმი სამუშაო საათების შემდეგ. ხოლო დღის განმავლობაში დაკეტილია ისევ. დღემდე ვერ მიხვდნენ პრობლემის არსს, ხვდებიან მაგრამ გვაიგნორებენ. მე პირადად ყველა ფორმას გამოვიყენებ რომ ეს თემა გავაშუქო და საზოგადოებამ შეიტყოს თუ რა თვალსაჩინო ფრონტია ბიუროკრატიულ სიბნელესა და სამოქალაქო თვითშეგნებას შორის”, – განმარტა ზარანდიამ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკვე მეორე წელია ხმაურიანი შეხვედრები იმართება. სამოქალაქო აქტივისტებისა და კერძო ობიექტების წარმომადგენლების ბრძოლამ ის შედეგი გამოიღო, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე შლაგბაუმს აღარ კეტავდნენ, თუმცა, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შლაგბაუმმა ფუნქცია დაიბრუნა და ჩვეულ რეჟიმში ამუშავდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია პროტესტანტებს კონკრეტულ პასუხს ვერ სცემს. ერთი კვირის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ “შლაგბაუმი ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობას აქვს და მისი გასახსნელი პულტი, ყველა ობიექტის წარმომადგენელს გადაეცა, ასევე დაცვასაც და დაბრკოლება ამის გამო არავის არ ექმნება. ასევე, 18:30 დან 08:00 მდე შლაგბაუმი არის ღია”.
სამოქალაქო აქტივისტები და კერძო ობიექტებში დასაქმებული პირები შლაგბაუმის გაუქმებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში ისინი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებიან.

 

მზეკო ჟვანია

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიელიკო წიკლაური-ლამიხი:“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამდენად, ვალდებულია, გააკონტროლოს ნარკოტიკები“
შემდეგი სტატიამშობლები 30 წლის ვაჟს სასამართლოში უჩივიან იმის გამო, რომ მას მშობლიური სახლიდან წასვლა არ სურს