CNN-ის ინფორმაციით, არაბული ტერმინი „აიათოლა“ („ღვთის ნიშანი“) შიიტურ ისლამში უმაღლეს სასულიერო ტიტულს წარმოადგენს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ისლამური სამართლისა და თეოლოგიის შესწავლის შემდეგ ანიჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიური წოდებაა, 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ის მჭიდროდ დაუკავშირდა ირანის პოლიტიკურ ხელისუფლებას, ვინაიდან ქვეყნის უზენაეს ლიდერს მაღალი რელიგიური კვალიფიკაცია მოეთხოვება.
ირანის სახელმწიფო ინსტიტუტები და მედია ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად მოიხსენიებდნენ მოჯთაბა ხამენეის „აიათოლად“, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, მისი რელიგიური ავტორიტეტის გაძლიერებას ემსახურებოდა. მანამდე, სანამ ის გარდაცვლილი მამის, აიათოლა ალი ხამენეის ადგილს უზენაესი ლიდერის პოსტზე დაიკავებდა, მოჯთაბა ხამენეის „ჰოჯათოლესლამის“ (აიათოლაზე დაბალი რანგი) წოდება ჰქონდა.
ირანის კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი ლიდერი უფროსი ისლამური იურისტი უნდა იყოს, ამიტომ ხამენეისთვის კლერიკალური რანგის ამაღლება მემკვიდრეობისთვის საჭირო რელიგიური ლეგიტიმაციის განმტკიცებად მიიჩნევა. ექსპერტთა განცხადებით, ეს ნაბიჯი ასევე მიანიშნებდა რადიკალური ძალაუფლების ცენტრების, მათ შორის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) მხარდაჭერაზე ძალაუფლების უწყვეტობისადმი. შეგახსენებთ, რომ ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მიმდინარე წლის 28 თებერვალს, აშშ-ისრაელისა და ირანის ომის პირველ დღეს, საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.
დასაკრძალავ ცერემონიასთან დაკავშირებით მთავარ კითხვად რჩება, გამოჩნდება თუ არა მოჯთაბა ხამენეი მამის სულისმოსახსენებელი ლოცვის წინამძღოლობისთვის. ვარაუდობენ, რომ ის მძიმედ დაიჭრა იმავე თავდასხმისას, რომელსაც მისი მეუღლე და დედა ემსხვერპლნენ. ომის დაწყების შემდეგ მოჯთაბა ხამენეი იმალება და მხარდამჭერებთან კომუნიკაციას მხოლოდ წერილობითი განცხადებებით ამყარებს.
















