რატომ ხვდებიან ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილი და იოსებ გოგაშვილი?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2017 18:44

რატომ ხვდებიან ერთმანეთს ირაკლი ღარიბაშვილი და იოსებ გოგაშვილი?

დაპირისპირება საპატრიარქოში, ციანიდის საქმე, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ განვითარებული მოვლენები, ბათუმის პროვოკაცია და მისი თანმდევი პროცესები ცხადყოფს, რომ ქვეყანა ვიზალიბერალიზაციის მიღების მერე ერთ დიდ ჩიხში შედის. არაოფიციალური ინფორმაციით, გაზაფხულზე აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და კონსტიტუციაში აფხაზეთის კონფედერაციის შესახებ ჩანაწერი იგეგმება. ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს.
ვიზალიბერალიზაციის ხელმოწერის მეორე დღეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა შეიკრიბა და წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება დღის ბოლოს გამოაცხადა.
ხელისუფლებას გაცნობიერებული არ ჰქონდა, რომ, დასავლეთის უპირობო მხარდაჭერის ფონზე, ტელევიზიის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნება რეაქციის გარეშე არც ქვეყნის შიგნით დარჩებოდა და არც ქვეყნის გარეთ. არც ის იყო გამორიცხული, რომ ევროპას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილებაც კი მიეღო. როგორც „ქრონიკა+“-ს კარგად ინფორმირებული წყარო ეუბნება, ბიძინა ივანიშვილს საგარეო ფრონტზე რთული დღეები უდგას. ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში ის რუსებსა და ამერიკელებს შორის ლავირებას ახერხებდა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ მუდმივად ცდილობდა, დასავლეთი დაერწმუნებინა, რომ ხელისუფლების საქმიანობაში არ ერევა, ამასვე არწმუნებდა რუსებს, მაგრამ დღეს ორივე ფლანგზე კარგად იციან, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი სწორედ ბიძინა ივანიშვილია.
კარგა ხანს ბიძინა ივანიშვილს ეგონა, რომ მის მიერ დანიშნული პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელზეც ხშირად ამბობდა, რომ შვილივით უყვარს, იმდენად მორჩილი იქნებოდა, მის უკითხავად ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მოგვიანებით, აღმოაჩინა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მის ზურგსუკან რუსებთან სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და მას ამ საქმეში არა მხოლოდ მისი სიმამრი, არამედ პუტინთან დაახლოებული ქართველებიც ეხმარებოდნენ. მოქმედი პრემიერის ალტერნატიული კავშირები ყოფილი პრემიერის გეგმებში არ შედიოდა. სწორედ ამიტომ, ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მისულ ღარიბაშვილს, ადმინისტრაციის უფროსის პირით გადასცეს, რომ მას თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. თანამდებობიდან წასვლის მერე ირაკლი ღარიბაშვილს რუსებთან კონტაქტები არ გაუწყვეტია. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე კონსპირაციული შეხვედრა ჰქონდა უცხოეთში, მათ შორის, პუტინის მარჯვენა ხელთან, ვლადიმირ სურკოვთან. პოლიტიკურ არენაზე დაბრუნების ახალი სქემა ძალიან მარტივი და მოქნილი იყო _ საკონსტიტუციო სასამართლოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების მოთხოვნით შეტანილ სარჩელს სერიოზული პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, ამ ფონზე, ყოფილი პრემიერი ოჯახის სიწმინდის დამცველად მოგვევლინებოდა, პოლიტიკურ პარტიას შექმნიდა და პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვებოდა. ამ პროცესების მომზადების პარალელურად, ღარიბაშვილის გარემოცვა „ქრონიკა+“-ის დასაშლელად და ჩემს დასაკავებლად პროვოკაციას ამზადებდა, დაიგეგმა პირადი ფირების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით კონკურენტი პროდასავლური პოლიტიკოსების დისკრედიტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, განხორციელდა კიდეც. ირაკლი ღარიბაშვილის მრჩევლების ეს გეგმა ჩაიშალა. საკონსტიტუციო სარჩელის ავტორმა გიორგი ტატიშვილმა „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში აღიარა, რომ საკონსტიტუციო სარჩელის უკან ღარიბაშვილის ახლო გარემოცვა იდგა და მას სარჩელის შეტანაში ფულიც გადაუხადეს. მიმდინარეობდა კონსულტაციები რუსებთან. მანვე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ამ სქემის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობდა სააგენტო „რეპორტიორის“ დამფუძნებელი, ნუგზარ ფოფხაძე, რომელსაც რუსებმა ავანსად 55 ათასი დოლარი გადაუხადეს და სქემის დასრულების შემდეგ, დამატებით, ასი ათასი დოლარი უნდა მიეცათ.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ბათუმში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანია უძღოდა წინ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და ქვეყანას მისი ხელი მოაკლდა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებს მეორე დილითვე ოპერატიულად გამოეხმაურა ექსპრემიერი ღარიბაშვილი. თანამდებობიდან წასვლის მერე ეს მისი პირველი პოლიტიკური განაცხადი იყო. აქამდე სოციალური ქსელის მეშვეობით მხოლოდ დღესასწაულებს თუ ულოცავდა მეგობრებს.
რატომ შეიძლება ბათუმში დაგეგმილი პროვოკაციის კვალი სწორედ ღარიბაშვილის გარემოცვამდე მიდიოდეს და პროცესების უკან რუსული სპეცსამსახურები იდგნენ?
აჭარის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით მამულაშვილი, ზვიად ჯანყარაშვილის მიერ დანიშნული კადრია. აჭარაში გადაყვანამდე ის ქუთაისში მუშაობდა და სწორედ მისი მეშვეობით აპირებდა ზვიად ჯანყარაშვილი ჩემი შვილის დაკავებას და მისთვის ნარკოტიკების ჩადებას. აჭარაში მამულაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას მერაბ ღოღობერიძეს, რომელსაც, ასევე, ღარიბაშვილის გარემოცვა მართავდა, „ლამაზოს“ წინააღმდეგ არც ერთი საპროტესტო განცხადება არ გაუკეთებია. მას შემდეგ, რაც გორის საპატრულოს უფროსი აჭარაში გადაიყვანეს, მერაბ ღოღობერიძემ ჯერ ხმების გავრცელება დაიწყო, რომ ახალი უფროსი აჭარლებს თათრებს ეძახის, მერე _ აქციების გამართვა, მოგვიანებით კი მძღოლების მობილიზაცია დაიწყო. პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქცია მშვიდობიანი პროტესტის ფორმით მიმდინარეობდა, მოსახლეობა დაკავებული პირების განთავისუფლებას ითხოვდა. სრულიად მოულოდნელად, მშვიდობიან მომიტინგეებს შორის, აგრესიული პირები გამოჩნდნენ, რომლებმაც პოლიციის სამმართველოს ეზოში ქვების სროლა დაიწყეს, რასაც სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოყვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ აჭარის მთავრობის მეთაურის თხოვნით, მან გადაწყვეტილება მიიღო და დაკავებული პირები განთავისუფლდებიან. მშვიდობიანი აქცია ნელ-ნელა დაიშალა, მაგრამ ბათუმის ქუჩებში სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ „მოლოტოვის კოქტეილებით“ შეიარაღებული ახალგაზრდები, რომლებმაც ავტომანქანების დაწვა და ქუჩების დარბევა დაიწყეს. დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში ეს აგრესიული ჯგუფი წინააღმდეგობის გარეშე მოქმედებდა, შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს, ამტვრევდა მაღაზიების ვიტრინებს, ანგრევდა ინფრასტრუქტურას და წვავდა პოლიციის ავტომანქანებს. შინაგან საქმეთა მინისტრი აჭარაში ჩადის, მაგრამ, როგორც ჩანს, ის გადამწყვეტი ზომების მიღებას ვერ ბედავს, _ მთავრობის ხელმძღვანელის მითითებას ელოდება, რომელსაც, ამ დროისთვის, უბრალოდ, სძინავს და მხოლოდ გამთენიისას აღვიძებენ. ფაქტია, რომ ძალოვანი უწყება რეაგირებას აგვიანებს და სპეცდანიშნულების რაზმი ბათუმის ქუჩებში მაშინ გადის, როცა ის, თითქმის, ცარიელია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ორმოცამდე პირი. არ კონკრეტდება, დაკავებულთა შორის არიან თუ არა ის პირები, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ამ წუთის მონაცემებით, დაკავებულთა უმეტესობა განთავისუფლებულია, 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი შვიდი დაკავებული კი სასამართლოს მოლოდინშია. მსგავსი მსუბუქი სასჯელი ვანდალიზმში მონაწილე პირების მიმართ ვერ დადგებოდა, რომ არა სასამართლოზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ზემოქმედება.
სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია. გამორიცხულია, რომ მან ივანიშვილის საწინააღმდეგო პარტია ითამაშოს. ასევე პირადი ერთგულების ნიშნითაა დანიშნული თანამდებობაზე დაცვის სახელმწიფო სპეცსამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ინტრიგების წყალობით თანამდებობას ჩამოაშორეს, მაგრამ მალევე უკან დააბრუნეს. ზუსტად ორი კვირის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში უცნობმა იუზერმა ანზორ ჩუბინიძეზე კომპრომატები გაუგზავნა, რომ მის წინააღმდეგ გარკვეული სკანდალი აგორებულიყო, მაგრამ პოლიტიკური და ჟურნალისტური სიმწიფე ყველას ეყო. ანონიმურად გაგზავნილი მასალები არ გასაჯაროებულა.
რჩება მხოლოდ ერთი პირი, _ სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი. „ანტრიკოტამ“ უკვე იცის, რომ მისი გავლენები მინიმუმამდე შემცირდა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სუს-ის უფროსის მოადგილედ ალეკო ტაბატაძე დანიშნეს. მართალია, მას ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, ძველებურად, წყალობის თვალით უყურებს, მაგრამ გოგაშვილმა ისიც იცის, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგა, უჩა მამაცაშვილი მის დასაცავად თავს არ გამოიდებს, _ მამაცაშვილმა ისედაც ორი თვე ითხოვა გოგაშვილის პოსტზე შენარჩუნება. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ თუ საპატრიარქოს ამბები წარმატებით დასრულდებოდა და გოგაშვილი პატრიარქის ტახტზე მეუფე იაკობის დასმას შეძლებდა, მაშინ მას უკვე ზურგი გამაგრებული ექნებოდა და თანამდებობის შენარჩუნებასაც შეეცდებოდა, მაგრამ უწმინდესი გადარჩა. მართალია, მას დაცვის უფროსი ჩამოაშორეს, დეკანოზი მამალაძე ციხეში ჩასვეს და მის ძმისშვილს, მეუფე დიმიტრის, ამ და სხვა ზეწოლების გამო საჯაროდ ათქმევინეს უარი პატრიარქის ტახტზე, მეუფე იაკობის პატრიარქობა, ამ ეტაპზე, გამოირიცხა, ისევე როგორც მეუფე სერაფიმეს დისკრედიტაციის მერე გოგაშვილმა ვერ შეძლო მის ნაცვლად საკუთარი ცოლის ბიძაშვილის დანიშვნა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე ახალი პატრონის ძიებაშია, _ ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ზურგსუკან მას უკვე ჰქონდა კონტაქტის მცდელობა რუსულ სპეცსამსახურებთან, მეორე მხრივ, ჩვენი წყაროს ცნობით, რამდენჯერმე დაფიქსირდა სოსო გოგაშვილის შეხვედრა ზვიად ჯანყარაშვილთან და პირადად, ირაკლი ღარიბაშვილთან.
რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამ ორ დაპირისპირებულ ფრთას, მაშინ როცა, ჯერ კიდევ, ორი წლის წინათ, ისინი ერთმანეთს მოსისხლე მტრებად მიიჩნევდნენ, რადგან გოგაშვილი გენინსპექციაში სამუშაოდ სწორედ ზვიად ჯანყარაშვილმა მოიყვანა. მას შემდეგ, რაც ჯანყარაშვილი გადააყენეს, სოსო გოგაშვილი ჯერ კახი კალაძესთან გადაპორტირდა, მერე _ უჩა მამაცაშვილთან და ღარიბაშვილის გარემოცვის ყველა ფინანსური სქემა და პოლიტიკური კავშირების შესახებ ინფორმაცია უჩა მამაცაშვილს მიაწოდა.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ გაზაფხულზე რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში საკუთარი გეგმები აქვთ, _ ჯერ აფხაზეთის რკინიგზა უნდა გაიხსნას, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს, სომხეთში გიუმრის ბაზა სახმელეთო გზით იარაღით მოამარაგოს, მოგვიანებით კი საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას შესთავაზებენ. ის, რაც ბათუმში მოხდა, პირდაპირი რეპეტიცია იყო ამ სცენარის განხორციელების წინ. რუსულმა სპეცსამსახურებმა ყველას მკაფიოდ დაანახეს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსაც, რომ ქვეყნის არევა რამდენიმე საათში შეიძლება და მათ საამისო რესურსი ადგილზე უკვე აქვთ.
ის, რომ რუსების ახალი ფავორიტი ირაკლი ღარიბაშვილია, არავისთვის უცხო არ არის. სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური, მას ამ საქმეში მოკავშირედ არ გამოადგება _ ეს ფაქტია. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ სოსო გოგაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ტანდემში რუსული სპეცსამსახურებისთვის საინტერესო კომბინაციაა. მართალია, გრიფით საიდუმლო მასალები ძალოვან უწყებაში თითქმის აღარ დარჩა და რუსული სპეცსამსახურები საკუთარი გავლენის აგენტების მეშვეობით სახელმწიფო კანცელარიასა და თავდაცვის სამინისტროსაც აკონტროლებენ, მაგრამ თუ ხელისუფლებამ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა გაზაფხულზე ვერ მოახერხა, მაშინ სარეზერვო ვარიანტად ჯავახეთში სიტუაციის არევა რჩება, ამ საქმეში კი სუს-ის უფროსის მოადგილე ნამდვილად გამოსაყენებელი ფიგურაა. გოგაშვილსაც ურჩევნია, სათადარიგო აეროდრომი გამზადებული ჰქონდეს, ვიდრე დაჯდეს და ელოდოს, როდის მოისვრის მას სანაგვეზე ბიძინა ივანიშვილი. დასახული სამი ამოცანიდან „ანტრიკოტამ“ ვერც ერთი შეასრულა: საპატრიარქოს ამბები სერიოზულ სკანდალად იქცა და ხელისუფლებას დაუკავშირდა, „რუსთავი 2“-ის თემა ისევ მოუგვარებელია და დიმა ობოლაძის გარდა, ერთი ჟურნალისტიც ვერ გადაიბირა, ჩემი შვილი კი ნარკოტიკების ჩადებით იმდენად უაზროდ დააკავა, სამი პოლიციელი ჰყავს მოწმედ და არც ერთი მყარი მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში.

P. S. ეს წერილი 13 მარტს დაიწერა, მაგრამ გამოქვეყნება ვეღარ მოვასწარი, რადგან შუადღისას ჩემი შვილი დააკავეს.
ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. როგორც ჩანს, ამ ვიზიტის კულუარები ოფიციალურზე საინტერესო იქნება. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გომელაური შეერთებული შტატებიდან სერიოზული მესიჯებით დაბრუნდება.

ელისო კილაძე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 30, 2017 18:44