რატომ ისჯებიან პატარა ადამიები?

სენაკის მაღალმთიანი სოფელ ეკში, საადამიოს მთაზე მდებარე იოანე ნათლისმცემლის ათასწლოვან სამონასტრო კომპლექსთან, ყველაზე ახლოს ადამიების სამი ოჯახი ცხოვრობს, რომელთაც გარესამყაროსთან დამაკავშირებელი გზა არ გააჩნიათ.
მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ფესვების მქონე ბიზნესმენმა ეკის ნათლისმცემლის უნიკალური კომპლექსის აღდგენა დაიწყო, ეკლესიის გზა, არც თუ რიგიანად, მაგრამ შეკეთდა. სწორედ ამ გზაზე გასასვლელად, სულ რაღაც 200 -250 მეტრიანი მონაკვეთის მოხრეშვაა საჭირო, რომ უპატრონოდ მიტოვებულ 3 ოჯახს, მანქანით შეეძლოს საკუთარ სახლამდე გადაადგილება… და რაც ყველაზე მთავარია, აქ მცხოვრებ ორ მცირეწლოვან გოგონას, ლიზი და ლიკა ადამიებს, ამ გზით სკოლაში წასვლა შეეძლებათ.
ლიზი და ლიკას ბებიამ, მერი ადამიამ ,,თაიმერთან,, საუბარში განაცხადა, რომ მან არაერთხელ მიმართა რაიონის ხელმძღვანელობას კონკრეტული თხოვნით, რომ ბავშვებისათვის სკოლაში წასვლის ნორმალური პირობები შეექმნათ და ზემოაღნიშნული გზის მოკლე მონაკვეთი გაეკეთებინათ… ,,რაიონის გამგებლი პირადად დამპირდა რომ ამ გზას გაგვიკეთებდნენ, თუმცა არ შეასრულა ეს პირობა. გვინდა თქვენი მეშვეობით გავაგებინოთ ყველას, ვისაც ეს ეხება, რომ მოგვხედონ და გაგვიკეთონ ეს პატარა გზა, რომელიც ჩვენს ოჯახებს ყოველთვის დიდ პრობლემად აწვა. სხვა რომ არაფერი, პატარები არიან ძალიან ცუდ დღეში… ყველაფერი გავყიდეთ, რომ ბავშვების სატარებლად ჯიპი გვეყიდა, თუმცა, როგორც კი წამოწვიმს, ისეთი ტალახი იზილება, რომ ამ მანქანასაც აღარ შეუძლია ამ მონაკვეთის გავლა. არადა, ტრასამდე 3 კილომეტრზე მეტია… ეს მონაკვეთი ფეხით უნდა იარონ ბავშვებმა თოვლიან-წვიმიან ამინდში და ამის შემდეგ სასკოლო მიკროავტობუსით კიდევ 8-9 კილომეტრი, რაც ბავშვებს ხშირად ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის.,, განაცხადა ქალბატონმა მერიმ.

მიუხედავად, იმისა, რომ ადამიებს ჩვენთან  იმ სკოლის მიმართ პრეტნზიები არ დაუფიქსირებიათ, რომელშიც პატარა ლიზი და ლიკა დადიან, სენაკის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ნანეიშვილი თავად დაუკავშირდა ,,თაიმერს,, და აღელვებულმა გვაუწყა, რომ ნებისმიერი პრეტენზია ამ ბავშვების მშობლების მხრიდან, სასკოლო ავტობუსის უფასო სარგებლობისა, უსაფუძვლო იქნებოდა…  ,,ამ ბავშვებს სასკოლო ავტობუსით მომსახურეობა არ ეკუთვნით,, განაცხადა ჩვენთან სკოლის დირექტორმა, რომელიც წესით საკუთარი მოსწავლეების უფლებებზე უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს.

,,თაიმერის,, სახელით ვსვამთ კითხვას, თუ ამ სახელმწიფოში ბავშვებს სკოლაში სიარულის უფლება ეზღუდებათ, ვინ უნდა უზრუნველყოს ეს უფლება?

 

banner
წინა სტატიაში„გორგიას“ მფლობელის გატაცების დაგეგმვა და ჩხრეკა ბიზნესმენის ყოფილი მეუღლის ბინაში
შემდეგი სტატიამოგერინი ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდა