რატომ იდევნება ჟურნალისტი ლევან გუდაძე?!

„ოცნებისტებო, დამიბრუნეთ საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანები არა ხართ, თქვე, დალოცვილიშვილებო? რა გინდათ? არ ვითხოვ თქვენი „პადელნიკი“ ნაცნაძირლების დასჯას, მათ შორის, არც იმ ადამიანების, ვინც გასაქცევად გაგვიხადა საქმე შორეულ 2008-2009 წლებში და, არც იმ არაადამიანების, ვინც არ დაიზარა, ჩემი პერსონალური მონაცემები გააყალბა და მოქალაქეობა გამიუქმა. საერთოდ არაფერს ვითხოვ… უბრალოთ გააკეთეთ სიკეთე, დამიბრუნეთ ჩემი მოქალაქეობა“, – ეს სიტყვები ჟურნალისტ ლევან გუდაძეს ეკუთვნის. ჟურნალისტს, რომელსაც მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილმა ჩამოართვა და თან, არც მეტი არც ნაკლები, სამშობლოს მოღალატის სტატუსი ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლო სხდომებისა, სამუდამოდ „მიაკერა“, აი, ასე, უნდოდა თქვა და მორჩა!


დღს კი, დღეს, როცა ხელისუფლების ყველა შტო, სამართლიანობის აღდგენასა და კანონიერებაზე საუბრობს, ლევან გუდაძე, ისევ უშედეგოდ ელის სამართლიანობის აღდგენას! ის იძულებული (შეუქმნეს ამისთვის ყველა პირობა) გახადეს საქართველოდან გაქცეულიყო და რამდენიმე წლის შემდეგ, 2012 წელს, შემთხვევით (არაოფიციალურად) გაიგო, რომ „მგონი არაა საქართველოს მოქალაქე“. შემდეგი: მიხედავად იმისა, ვანო მერაბიშვილის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ, აგვისტოს ომის დროს, ლევან გუდაძე და მისი საინფორმაციო სააგენტო „მეხუთე კოლონად“ გამოაცხადა, გუდაძის წინააღმდეგ გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა რასაც ჰქვია, არ დაწყებულა. ზღულაძის ამ განცხადებას, შედეგად მხოლოდ ის მოჰყვა, რომ ლევანი საქართველოდან გაიქცა. ლევანს დედა ოსი ჰყავს და იქ ნათესავებს შეაფარა თავი: „მეუბნებოდნენ, თურქეთში რატომ არ გადახვედიო. ჯერ ერთი თურქეთში რომ გადავსულიყავი, იქ რა გამეკეთებინა? მეორეც, როგორ გადავსულიყავი? საზღვრამდე როგორ მივსულიყავი? მესამე, მე არც 2008 წელს მქონდა საქართველოს პასპორტი, უფრო სწორად, ვადა ჰქონდა გასული და ხომ ვერ მეტყვის ვინმე, როგორ ხდება ვადაგასული პასპორტით თურქეთში გადასვლა? მე წავედი იქ, სადაც ვიცოდი, რომ ვიღაც მაინც შემაშველებდა ხელს, წავედი არარეგალურად, გავიქეცი, სხვა გზა არ მქონდა, – აცხადებს ლევან გუდაძე:

_ 2008 წლის აპრილში დავაფუძნე საინფორმაციო-სააგენტო „აი-ტი-ენ ექსკლუზივი“. 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების დროს ჩემი რედაქცია არ დაემორჩილა იმ საინფორმაციო პოლიტიკას, რომელსაც რეჟიმი და მისადმი დაქვემდებარებული მედია-საშუალებები ავრცელებდნენ. ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვითარების ექსკალაცია არ იყო მხოლოდ ცხინვალის მიერ პროვოცირებული, რომ ვითარებას შეგნებულად ძაბავდნენ ქართული სპეცსამსახურები. დღეს უკვე ამ თემაზე მტკიცებულებითი ფორმით საუბარი შეიძლება, რადგან ქართულ მედიაში უკვე გამოჩნდა მსგავსი ინფორმაციები, მაგრამ მაშინ ეს ვერავინ გაბედა, ამიტომ რედაქცია ამოვარდა საერთო მედიასივრციდან, მოხდა ჩვენი გაუცხოება. რუსებმა ქართული შენაერთების კატარღები რომ გაიყვანეს, ეს მასალაც ჩვენ გავავრცელეთ. თემა ყველა ტელევიზიამ აიტაცა, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენი სააგენტო არ მიუთითეს. რა მინდა ამით ვთქვა? ის ინფორმაციები რომელიც რეჟიმს და მის პროპაგანდისტ მედიასაშუალებებს აწყობდა მიქონდა ჩვენგან და იყენებდნენ, ის ინფორმაციები, რომელიც არ ჯდებოდა პროპაგანდაში ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს. არადა, ჯერ კიდევ 1-2 აგვისტოს გამოვაქვეყნეთ პირველი ფოტომასალა, რომელიც ასახავდა ცხინვალში არსებულ მდგომარეობას, იქ იყვნენ დაჭრილები და დახოცილები და ჩვენ დავწერეთ, რომ ყველაფერი ომისკენ მიდიოდა და ეს ომი რომ დაწყებულიყო, საქართველო წააგებდა, დაკარგავდა ტერიტორიებს, ადამიანებს. დღეს ეს რეალობაა, მაშინაც რეალობა იყო, მაგრამ…

პირველი მუქარა ამ წერილს მოჰყვა, ელ.ფოსტაზე მოვიდა წერილები: მოღალატევ, რას წერ! 7 აგვისტოს ომი დაიწყო, 9 აგვისტოს შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, პირდაპირ ეთერში თქვა, რედაქცია რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, არის მოღალატე და რუსეთის მიერ ფინანსდება. არადა, ორი ჟურნალისტი მუშაობდა საავადმყოფოებში, ორი თბილისის მერიასთან. პირველი აქცია დევნილებმა მერიასთან მოაწყვეს, გავესაუბრეთ მათ და მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია დავდეთ. ყველა პოლიტიკოსი დუმდა მოღალატედ არ გამოგვაცხადონო (სააკაშვილი გამოვიდა ტელევიზიით და თქვა ვინც ხმას ამოიღებს, ყველა მოღალატე იქნებაო) და ამ დროს ჩვენ დავწერეთ 2000 ადამიანის დანაკარგზე. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა შემოტევები, ამიტომ საინფორმაციო სააგენტოს კოლექტივისთვის განმარტება გავაკეთე, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფაქტიური არარსებობისა და რეჟიმის კონფრონტაციული დამოკიდებულების გამო, ნებისმიერ თანამშრომელს შეეძლო რედაქციის დატოვება ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე.

რედაქცია არავინ დატოვა. პარალელურად, იქმნებოდა ვითარება, რომ რეჟიმი ჩემს “ანკესზე წამოიგებას” ცდილობდა. მიკავშირდებოდნენ არასამთავრობო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივ აქტიურობაში ჩართვის პირობით. მქონდა საფუძვლიანი ეჭვი მევარაუდა, რომ აღნიშნული პირები რეჟიმის მითითებებისამებრ მოქმედებდნენ (რაც შემდგომში დადასტურდა კიდეც) ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამომეჩინა მათთან ურთიერთობაში. როგორც შედეგი, რეჟიმმა ვერ შეძლო ვერანაირ პროვოკაციაზე წამოგება, რაც ალბათ გახდა კიდეც მიზეზი იმის, რომ 2009 წლის აგვოსტოში საცხოვრებელ სახლში მოვიდა სპეცსამსახურის წარმომადგენელი და ღიად შემომთავაზა კორუფციული წინადადება, კონკრეტულად კი საინფორმაციო სააგენტოს ანგარიშებზე მილიონ ლარამდე თანხის “გატარება” – დაფიქსირება, გარკვეული პროცენტის სანაცვლოდ. ფაქტიურად, ან ქვეყანა უნდა დამეტოვებინა, ან რეჟიმთან უნდა გამომენახა საერთო ენა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი უსაფრთხოება გარანტირებული არ იქნებოდა. აღნიშნულ წინადადებაზე ეგრევე უარი ვთქვი, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ იმ დღიდან უსაფრთხოების არანაირი გარანტიები არ მქონდა, არც მე და არც ოჯახის წევრებს. პრინციპის ამბავი იყო და 6 თვე შევძელი „გამექაჩა“. სოცქსელებში ჩემი სახლის მისამართიც დადეს, აქ მოღალატე ცხოვრობსო. რეჟიმის მიერ სამართალდამცავი უწყებების პოლიტიკური მიზნით გამოყენების არაერთი ფაქტიან გამომდინარე და, გამომდინარე იქიდან, რომ მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო სექტორის ფაქტიურად სრული კონტროლი ხორციელდებოდა, ცხადი იყო, რომ ჩემი და ოჯახის წევრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ შევძლებდი, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ცნობადობის არანაირი ხარისხი არ მქონდა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობის არანაირი შანსი. მივიღე გადაწყვეტილება, ცხივალში გადამეყვანა ოჯახი ნათესავებთან, რაც გავაკეთე კიდეც 2009 წლის 3 სექტემბერს. იმავე 2009 წლის 11 სექტემბერს კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავღმოჩდით, ცხინვალში შექმნილი ფორს-მაჟორული სიტუაციის შედეგად. მას შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებით. განვლილი წლების მანძილზე, არაერთხელ ვცადეთ საქართველოში დაბრუნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ჩამოშორდა ხელისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ. როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოსალოდნელი საფრთხე, იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი გახლდათ ვიდრე ვვარაუდობდი.

2009 წლის 24 დეკემბერს, ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა გამიუქმა №947 ბრძანებულებით. საქართველოს მოქალაქეობის ანულირების მოტივად, სააკაშვილის რეჟიმმა, ჩემს მიერ თითქოს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება დაასახელა. აღნიშნული მოტივის გასამტკიცებლად კი ჩემი პერსონალური მონაცემები გაყალბდა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ, გაყალბდა (შეიქმნა) რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტიც ჩემ სახელზე. ჩემი მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით, სააკაშვილის რეჟიმის უკანონო ქმედებების დოკუმენტური მტკიცებულებები მხოლოდ 2015 წელს გახდა ხელმისაწვდომი ჩემთვის, როცა ადვოკატის მომსახურეობით სარგებლობა შევძელი. ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროდან გამოიწვია დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც შემიწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გამოწვეულ დოკუმენტაციაში აღმოჩნდა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, გ. ჯაფარიძის 2009 წლის 15 დეკემბრით დათარიღებული წერილის ასლი იუსტიციის სამინისტროს სახელზე, რომელშიც ჩემი პერსონალური მონაცემებია გაყალბებული და ნაჩვენებია, თითქოს მე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვარ 2006 წლიდან და გვარი მაქვს რუსეთის ტერიტორიაზე შეცვლილი. აღნიშნულ წერილს ახლდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის გაყალბებული პასპორტის ასლი, ჩემ სახელზეა გაყალბებული პასპორტის ასლი. იუსტიციის სამინიტრომ, კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოდან წერილის მიღებიდან 24 საათში, ანუ 2009 წლის 16 დეკემბერს გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩემთვის მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაცია, 24 დეკემბერს სააკაშვილის ბრძანებულებით მოქალაქეობა შემიწყდა. მე კი, რათამაუნდა, არ ვარ რუსეთის მოქალაქე, არც გვარი შემიცვლია და არც რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტი მქონია ოდისმე. 2006 წელს არც რუსეთის ტერიტორიაზე ვყოფილვარ! 2015 წელს ადვოკატის მიერ იუსტიციის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტაციის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანე (იმავე წელს) სარჩელი, უკანონოდ ანულირებული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით. მოპასუხე მხარე პრეზიდენტი გახლდათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი მესამე მხარედ იუსტიციის სამინისტრო დაასახელა. სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე ნინო ბუაჩიძე უძღვებოდა, 2 წელი გაგრძელდა და, არ გაითვალისწინა რა მოსამართლემ და მოპასუხე მხარემ ჩემს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც ცხადი ხდებოდა, რომ არ ვარ რუსეთის მოქალაქე და არც არასდროს მქონდა რუსეთის მოქალაქეობა, 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ჩემი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩვრე, სადაც უახლოვეს მომავალში ჩაინიშნება სხდომა, სავარაუდოდ. იმედს ვიტოვებ, სააპელაციო სასამართლოში მაინც მოხერხდება ჩემი კონსტიტუციური უფლებების დაცვა და უკანონოდ ანულირებული საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.
_ რა დოკუმენტები წარადგინეთ სასამართლოზე?
_ პირველი, რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის მოწმობა. ეს სტატუსი 2010 წელს მივიღე ოჯახის წევრებთან ერთად და მქონდა 2016 წლამდე, როცა საემიგრაციო სამსახურმა ლტოლვილის სტატუსი გაგვიუქმა და დროებითი თავშესაფარი მოგვანიჭა რუსეთის ტერიტორიაზე. ვგონებ ყურადსაღებია, რომ ლტოლვილის სტატუსის ქონა, თავისთავად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რუსეთის მოქალაქე არ ვარ, რამეთუ რუსეთისა და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ადამიანს არ ენიჭება ლტოლვილის სტატუსი იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეც არის. შესაძლოა მიენიჭოს ადამიანს იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, კიდევ რაიმე სხვა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი არ შეიძლება მიენიჭოს. რატომ მქონდა ლტოლვილის სტატუსი? იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ეს მარტივი ჭეშმარიტება, ერთობ რთული გასაგები და მისაღები აღმოჩნდა მოპასუხე მხარისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ბუაჩიძისთვის, რომელთაც არც ეს ფაქტი გაითვალისწინეს და არც არაფერი სხვა, რაც ჩემს სიმართლეს ადასტურებდა..
2. ლტოლვილის სამგზავრო დოკუმეტი. აღნიშნული მოწმობა (ჟენევის კონვენციის თანახმად) მხოლოდ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე გაიცემა. უცხოური პასპორტის ერთგვარი ანალოგია და მის მფლობელს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას აძლევს. ანუ იმ ქვეყნიდან გასვლისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობას, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო. აღნიშნული მოწმობის გამოყენებით 2015-2016 წლებში ორჯერ ვესტუმრე საქართველოს, რამდენიმე კვირით. 3. რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურის წერილი (2016 წელი), სადაც განმარტებულია, რომ საემიგრაციო სამსახურმა ლტოლვილის სტატუსი შემიჩერა. ლტოლვილის სტატუსის გაუქმების მიზეზი, როგორც შემდგომში განმიმარტეს, საქართველოში ჩემი სტუმრობა გახდა. საემიგრაციო სამსახურმა ჩათვალა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საფრთხეს არ წარმოადგენს ჩემთვის და ლტოლვილის სტატუსი დროებითი თავშესაფრის სტატუსით ჩაანაცვლა. დღეს ალბათ ხვდებიან, რომ შეცდომა დაუშვეს, რამეთუ მივაწოდე დოკუმენტური მტიკცებულებები, რომ საქართველოს მოქალაქეობა მაქვს გაუქმებული უკანონოდ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომებზე სახელმწიფოს წარმომადგენლები თავზეხელაღებით იცავდნენ სააკაშვილისა და მისი თანამზრახველების უკანონო გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს, რომ კონტრდაზვერვაში გასაიდუმლოებული ფაილი აქვთ შექმენილი ჩემ სახელზე, სადაც რთული წარმოსადგენი არ არის თუ რა სიყალბე იქნება ჩაწერილი და რუსეთის ფედერაციაში დროებითი თავშესაფარის მოწმობა. ასევე, რუსეთის ფედერაციის საემიგრაციო სამსახურის წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ არ ვარ რუსეთის მოქალაქე, არასდროს ვყოფილვარ რუსეთის მოქალაქე და რუსეთის მოქალაქეობის მიღების თხოვნითაც კი არასდროს მიმიმართავს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი უწყებისთვის. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა წარმოადგინო ადამიანმა, გნებავთ ეს წერილი ავიღოთ, გნებავთ ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (ლტოლვილის სტატუსი მქონდა 2010-2016 წლებში), გნებავთ იგივე დროებითი თავშესაფარის მოწმობა, რაც დღეს მაქვს, მაგრამ… რად გინდა..
_ გასაგებია, მაგრამ აქ ბევრი ისეთი დეტალია…
_ მესმის თქვენი, მაგრამ იმხანად განვითარებული მოვლენების მიხედვით, რომ ყველაფერს დასაპიარებლად გამოიყენებდნენ და დაგვიჭერდნენ, ამიტომ ჩვენ გადავედით ნათესავების დახმარებით ნატესავებთან, სოფელ არცევში. მოკლედ გეტყვით, სამხედროები, „ფეესბე“ და ათასი ვინმე დაგვდევდა, მთალი ოჯახი მოგვიტაცა სპეცრაზმმა, მოკლედ გზა არ დაგვიტოვეს გინდა არ გინდა თავშესაფარი მოითხოვეო და თავად ჩამოგვიყვანეს ვლადიკავკაზში. მიუხედავად ყველაფრისა, რამდენჯერმე ოფიციალურად მოვითხოვეთ დეპორტაცია, უკვე გაუსაძლისი იყო ჩვენი ყოფა, ბოლოსდაბოლოს, სააკაშვილის რეჟიმი დამიჭერდა მე და ეგებ ოჯახი გადამერჩინა. ჩავედი მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში იყო საქართველოს სექცია, ხუთი დღე ვიშიმშილე იქ, მითხრეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და საქართველოში პერსონა ნონ გრატა (არასასურველი პირი) ხარო. ამის შემდეგ მივედი მოსკოვში საემიგრაციო სამსახურში, ვუთხარი არალეგალი რომ ვიყავი და დეპორტაცია მოვითხოვე, მითხრეს – მთელს ოჯახს დაგაპატიმრებთ და ბავშვებს თავშესაფარში ჩავაბარებთო. ბევრი წვალების შემდეგ ჩამოვედით ვლადიკავკაზში, აქ კიდევ ერთხელ მოვითხოვე დეპორტაცია, მითხრეს „ფეესბე“ საზღვარზე არ გაგიშვებსო. რა უნდა მექნა? დავრჩით აქ. მე საქართველოსთან არ მქონდა პრობლემა, პრობლემა მქონდა სააკაშვილთან. ვის რაში აინტერესებს საქართველოში სიმართლის მთქმელი ჟურნალისტის ბედი? ჩემს მიმართ არც გამოძიება იყო ოდესმე დაწყებული და არც კრიმინალი არ ვარ. ერთი სასაცილო ფაქტი მახსენდება, საქართველოში ერთ-ერთ რადიოში გადმოსცეს, რომ მე შეიარაღებულ აჯანყებას ვაწყობ აქედან მანდ. ამის შემდეგ „მაესტოს“ ეთერში დაჯდა ექსპერტი და განიხილა „თემა“, როგორ ვაწყობ აჯანყებას. ეს ყველაფერი რას მოჰყვა, იცით? ფეისბუქში დავდე სტატუსი დაახლოებით ასეთი შინაარსისა: აჯანყება გამომიყვანს პახმელიიდან-მეთქი და „თარიღი დავთქვი“, ისეთ ხალხს დამაკავშირეს, საერთოდ რომ არ ვიცნობ, ამ ერთი სტატუსის გამო! კაი, მე თუ აჯანყებას ვაწყობ, დედაჩემმა და ჩემმა ცოლ-შვილმა რა დააშავეს?
_ კიდევ ერთხელ ვთქვათ ხაზგასმით, როგორ გააკეთე რედაქცია?
_ სახლი გავყიდე და ვიდრე მქონდა საშუალება მანამ შევინახე სააგენტო, აგვისტოს ტრაგედიის სემდეგ სანამ შეგვეძლო მანამ ვაგრძელებდით მუსაობას და ვიდრე გვქონდა საშუალება მართლა დამოუკიდებლად ვახერხებდით მუშაობას. კიდევ ვიმეორებ, მე ვიყავი რედაქციის დამფინანსებელი. ახლა არც სახლი მაქვს და არც ის ვიცი რატომ არა ვარ საქართველოს მოქალაქე. მე ჩემს საქმეში ყველაფერი ჩავდე, მიუხედავად იმისა უკვე ვიცოდი რომ პერსპექტივა აღარ გვქონდა, უკვე პრინციპის საქმე იყო…

banner
წინა სტატიაშიN11 დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა
შემდეგი სტატიამოსკოვში ქართველი და რუსი დეპუტატების სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ