რატომ იცავს და ხელს აფარებს რუსულ მხარეს ბატონი ლევან აბაშიძე?!

საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”-ზე მოვუსმინე თეოლოგ, ბატონ ლევან აბაშიძის გამოსვლას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე. რესპოდენტი საკმაოდ “დავარცხნილი”, ერთი შეხედვით გაწონასწორებული პოზიციის გამოხატველად წარმოჩინდა, რიგი საკითხები საკმაოდ ნორმალურად გააშუქა, თუმცა გამოვყოფ რიგ ცდომილ აქცენტებს, რაც მიმაჩნია, რომ ობიექტურობას ამცირებს მის გამოსვლაში და მეტიც, დიდი შეცდომაა:

1. აქცენტი დასვა უკრაინის ავტოკეფალიის არასრულყოფილებაზე, არგუმენტად მოიყვანა ტომოსის მიერ საზღვარგარეთული ეპარქიების აკრძალავა და კონსტანტინოპოლის, როგორც სააპელაციო ინსტანციის წარმოჩენა შიდა საეკლესიო პრობლემების შესახებ, მაგრამ გამომსვლელმაც კარგად იცის რომ: საზღვარგარეთული ეპარქიები ავტოკეფალურ ეკლესიათა კანონიკურ საზღვრების ფარგლებს ცდება და იწვევს პოლიარქაიას (მრავალეპისკოპოსობას), რომელ პრობლემასაც თავადაც რამდენჯერმე გაუსვა ხაზი საუბარში. მაშ რას ერჩის კონსტანტინოპოლს?! მოსთქვამს, ლონდონში 10 ეპისკოპოსი ზის და არასწორიაო. და მე-11-ც (უკრაინელიც) უნდა რომ დაემატოს?! სადაა მისი პოზიციის სიმწყობრე?!

და მეორე- კონტანტინოპოლის საყდარი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სააპელაციო ინსტანციაადა გამოცხადებული ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრების მიერ. მაშ რაღას ერჩის ტომოსს?! ასევე ბატონი ლევანი გვერდს უვლის იმას, რომ უკრაინული დიასპორული ეპარქიები და სამრევლოების სრული უმეტესობა ამერიკის და დას. ევროპის კონტინენტზე 1990-1995 წლიდან ისედაც კონსტანტინოპოლს ემორჩილებიან, სწორედ ამ სამრევლოების უკრაინელი ეპისკოპოსები დანიელი და ილარიონი მიავლინა ეგზარქოსებად (ანუ დესპანებად) მსოფლიო პატრიარქმა უკრაინაში შარშან. უკრიაინის ტომოსი არაფერს ახალს არ იგონებს, რაც აქამდე არ სრულდებოდა და სრულდება მთელი რიგი ავტოკეფალური ეკლესიების მიერ: ალექსანდრიის, იერუსალიმის საპატრიარქოების, საბერძნეთის, კვიპროსის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესიების მიერ. მაშ რაღა უკრაინის ეკლესიის შემთხვევაში გაუკვირდა და შეიცხადა?! უცოდინრობის ბრალია ეს, თუ შეგნებული სიყალბეა?!

2. არასწორია იმის განცხადება, რომ კონსტანტინოპოლი არ აპროტესტებდა სამასი წელი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციას უკრაინაში. თან და ამას აცხადებ ისე, რომ არ განმარტავ საკითხის უცოდინარი აუდიტორიისათვის, რომ
700 წელი (988-1686 წწ) უკრაინის ეპარქიები კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს საკუთრება იყო და რა პირობებში და როგორ აღმოჩნდა იგი 1686 წლიდან ნელნელა მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში, უკრაინის მიწების თანდათანობითი დაპყრობის პარალელურად. ნუთუ ეს არაა მიკერძოება და რუსული ორიენტაციის დაცვა?!

3. ბატონი ლევანი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთში მოღვაწეობს ჩვენი ეპისკოპოსი და ეს ხომ უნდა დავუფასოთ რუსულ მხარესო. ჯერ ერთი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს არც ისტორიულად და არც იურიდიულად, ესაა შიდა ქართლი, ცხინვალის რეგიონი, და მეორეც: ჩვენი ეკლესია მხოლოდ ახალგორის მუნიციპალიტეტში (2008 წელს ოკუპირებული) ახორციელებს გაჭირვებით იურისდიქციას და არა ცხინვალისა და ჯავის მუნიციპალიტეტებში, და ახალგორიდანაც როდის გამოდევნიან ჩვენს სასულიეროებს, კაცმა არ იცის. არანაირი გარანტია არ აქვს საქართველოს ეკლესიას, რომ ახალგორში დატოვებენ სამომავლოდ ჩვენს მიტროპოლიტს და სასულიერო პირებს. სამაგიეროდ, ბატონი ლევანი დუმს, რომ მოსკოვის საპატრიარქო და მისი სამღვდელოება ცხინვალსა და აფხაზეთში აშენებს და არემონტებს ტაძრებს, აღასრულებს რუსულად წირვა-ლოცვას და იხსენიებენ რუსეთის პატრიარქს და რუს ეპისკოპოსებს, დაამახინჯეს აფხაზეთის ისტორიული ტაძრები და ქართული კვალი წაშალეს ილორში, ბედიაში, დრანდაში და ა.შ.

ყოველივე ამის მერე ვსვავ რიტორიკულ კითხვას: რატომ იცავს და ხელს აფარებს რუსულ მხარეს ბატონი ლევან აბაშიძე?! ნუთუ ეს არაა რუსული ინტერესების რბილი ძალით ლობირება საქართველოში?!

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიმესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში 50 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა სრულდება
შემდეგი სტატიამიმართვა ჩრ. ამერიკის ეპისკოპოს საბას!