რატომ განადგურდა საქართველოში  ბიოგენეტიკური  რესურსები?!

„სამკურნალო, არომატული, სანელებელი, საღებავი, თაფლოვანი და შხამიანი მცენარეების გენეტიკური რესურსის ბიომრავალფეროვნება საქართველოში“, – პროექტი, რომლის შესახებაც, დარწმუნებულნი ვართ  საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არაფერი იცის. სტატიის კითხვის დაწყებისას, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი იტყვის – რა დროს ესაა. არადა, სწორედ რომ დროულია! ჯერ კიდევ არ არის გვიან! დარგს, რომელსაც შეუძლია საქართველოს მილიონები მოუტანოს, ხოლო ქართველ ხალხს ჯანმრთელობა ქიმიური პრეპარატებით კი არა, ბუნებრივი რესურსით შეუნარჩუნოს, ადამიანებს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს, შველა სჭირდება!

თამარ კაჭარავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის ა/რ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის – „ბიომრავალფეროვნება და ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევები“ – ხელმძღვანელი, ბიოტექნიკური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი:

– ტექნიკურ უნივერსიტეტში როცა აგრარული ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, ბატონი არჩილ ფრანგიშვილის დავალებით, ჩვენ გავაკეთეთ სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა – სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია. კლასიფიკატორში ეს პროგრამა ასეა შეტანილი. პროგრამამ შვიდწლიანი აკრედიტაცია გაიარა და სტუდენტებს, რომლებიც ამჟამად ამთავრებენ ბაკალავრიატის ოთხწლიან ციკლს, უკვე დახვდებათ საგანმანათლებლო-სამაგისტრო პროგრამა – სამკურნალო მცენარეების მოყვანის ტექნოლოგია. გარდა იმისა, რომ თავად ეს მიმართულება, სპეციალიზაცია არის ძალიან აქტუალური ჩვენი ქვეყნისთვის, არის მეორე მნიშვნელოვანი საკითხი – საქართველოს მდიდარ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება მოვლა, ამისთვის კი კვალიფიციური სპეციალისტებია საჭირო. სამწუხაროდ, რამდენიმე წელია ასეთი სპეციალისტების მომზადება აღარ ხდება, რადგან აგრარული უნივერსიტეტის პრივატიზირების შემდეგ, ეს სპეციალობა დაიხურა, უფრო სწორად განადგურდა!

– ახლა ხდება რეანიმაცია?

– დიახ. მე შევხვდი სტუდენტებს, რომელთაც დიდი ინტერესი გამოხატეს ამ დარგის მიმართ. ყველას ესმის, რომ 21-ე საუკუნე მწვანე მედიცინის საუკუნეა. ამ პროგრამას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. მე, ერთდროულად, წარმოვადგენ ბიოტექნოლოგიის ცენტრს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეც ვარ. ჩვენ შევძელით შემოერთებული ინსტიტუტის შერწყმა ფაკულტეტთან. პროგრამაში ჩაერთვებიან ბიოტექნოლოგიის ცენტრის თანამშრომლები, სტუდენტებისთვის კი პროფესიულ-მატერიალურ ბაზას გამოვიყენებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფუძნეთ, როგორც სადოქტორო, ასევე საბაკალავრო პროგრამა, ასე რომ,  სტუდენტებს, რომლებიც ბაკალავრიატს დაასრულებენ, ამ მიმართულებით სადოქტორო პროგრამაც დახვდებათ.

 

ანუ პირველი ნაკადი სექტემბერში შემოვა?

– დიახ, პირველ ნაკადს სექტემბერში მივიღებთ.

 

ძალიან კონკრეტული პროგრამაა.

– კლასიფიკატორში ასეა დაფიქსირებული. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ვარ და საერთაშორისო სტანდარტით მიღებული სამკურნალო-არომატული მცენარეების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვფლობ. ამ ნუსხას ჩვენ დავუმატეთ სანელებელი მცენარეები, რადგან საქართველო ძალიან მდიდარია ფიტოგენეტიკური რესურსით. სამწუხაროდ, კლასიფიკარტორში ასეა ჩადებული – „სამკურნალო მცენარეების ტექნოლოგია“. ველური გენეტიკური რესურსის დაცვისთვის საჭიროა ამ სპეციალიზაციის განვითარება. ბალანსირებისთვის აუცილებელია სამრეწველო პლანტაციების ჩამოყალიბება, რასაც კვალიფიციური კადრი სჭირდება. ასევე, უნდა მოხდეს თანხვედრა საერთაშორისო კონვენციებთან. საქართველოს 1994 წელს შეუერთდა რიო დე ჟაინეროს ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენციას და საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა სწორედ დაცვა-კონსერვაციისა და ბიომრავალფეროვნების მდგრადი გამოყენების შედეგად მიღებული სარგებლის სამართლიანად განაწილების შესახებ. ეს საკმაოდ დიდი და საპასუხისმგებლო ამოცანაა და სწორედ ამ საკითხებს მოიცავს ჩვენი პროგრამა. პროგრამაში,

ვეხებით ერთ ძალიან საინტერესო საკითხსაც, რომელიც საქართველოში მხოლოდ ახლა ყალიბდება. ეს არის უნიკალური, უძვირფასესი და უძვირესი თესლის ბანკის შექმნა.

 

– თესლის ბანკის შექმნა? საინტერესოა. ცოტა ხნის წინ ერთი ისტორია წავიკითხე. ცოტა ვრცელი კი არის, მაგრამ მინდა მოგიყვეთ და აქვე დაგისვათ კითხვა – ეს ისტორია რეალურია? რაც ეხება ისტორიას:

ლავრენტი ბერიამ თბილისის ცირკის ქვეშ უზარმაზარი საცავი ააშენებინა, სადაც მსოფლიოში არსებული ყველა მცენარის თესლი ინახებოდა. დღესდღეობით, მსოფლიოში ორი ასეთი საცავია: ერთი რუსეთში, მეორე კინორვეგიაში. 1935-1939  წლებში, ბერიას ინიციატივით, თბილიში  ცირკი აშენდა. პროექტის ავტორები, არქიტექტორები ნიკოლაი ნეპრინცევი, ვლადიმერ ურუშაძე და სერგეი საგუნეცი იყვნენ. ურუშაძის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ის დაიბარა ბერიამ და უთხრა: სულ მალე ახალი ცირკის მშენებლობას ვიწყებთ. პროექტის ავტორები ნეპრინცევი და საგუნეცი არიან. მინდა შენც ჩაერთო ამ პროექტში და ფუნდამენტთან ერთად, სანამ მთავარ შენობას ამოიყვანენ, უზარმაზარი ბუნკერი ააშენო იქ. ის უნდა იყოს სხვადასხვა მცენარის, მარცვლეულისა და მსგავსი ჯიშების საცავი, რა თქმა უნდა, მათი უსაფრთხოდ შენახვის ყველა წესის გათვალისწინებით, იცოდე, იქ შენახულმა ყველა მცენარის თესლმა მინიმუმ 1000 წელი უნდა გასძლოს“… 1937 წლისთვის 40 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული, ორსართულიანი ბუნკერი მზად იყო. ის 80 მეტრის სიღრმეზე მდებარეობდა და საკმაოდ უნიკალური ნაგებობა გამოვიდა. ჰქონდა ორი შენიღბული შესასვლელისამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გვირაბში სატვირთო მანქანა ეტეოდა. ობიექტი პირადად ბერიამ ჩაიბარა ურუშაძისგან. ცირკის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა თერმულმა ბუნკერმა ფუნქციონირება დაიწყო და მასში სატვირთო მანქანებით შეჰქონდათ სპეციალური ყუთები. თითოეულში 100 კილოგრამი საჯიშე თესლი იყო მოთავსებული. პირადი ნომერი ჰქონდა დაშტამპული და შესაბამის ადგილზე ინახებოდა. ბუნკერის ზედამხედველიჩეკასმეორე რანგის კომისარი  დომენტი სურგულაძე იყო. „დომენტი, ხომ იცი გენდობი და იცოდე ერთი მარცვალიც რომ გაგიფუჭდეს ჩემს გაბრაზებას არ ექნება საზღვარი“, – აფრთხილებდა ბერია. იმ დროს, რაც მთელ მსოფლიოში მცენარის თესლი არსებობდათბილისის ცირკის საიდუმლო ბუნკერში მოეყარა თავი. 1956 წელს კი, როცა ხრუშჩოვმა სტალინი კულტად გამოაცხადა, მაისის ერთ დილას,კაგებესოფიცრები მოვიდნენ და იქაურობა დალუქესურუშაძე კი დაკითხვაზე წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ ბუნკერის დაცლა დაიწყეს. ერთ კვირაში ყველაფერი გამოზიდეს და მოსკოვში გადაიტანესრაც თითქმის ოცი წლის განმავლობაში სათუთად გროვდებოდა. ბოლოს ბუნკერის ორივე კარი საიმედოდ ამოქოლეს და ეს ორსართულიანი, უნიკალური ნაგებობა მტკვრის წყლით აავსეს. მრავალი უნიკალური ჯიშის მცენარის თესლის დიდი ოდენობით მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანაში ჩეკისტური ოპერაციების ჩატარება გახდა საჭირო. მათ შორის ისეთ შორეულშიც, როგორიც ბრაზილია და ამერიკის შეერთებული შტატებია. სწორედ ბრაზილიიდან ჩამოიტანეს უნიკალური ლურჯი ქლიავის კურკები, რომელიც დღეს თითქმის გადაჯიშებულია და მხოლოდ მიუვალ ჯუნგლში გვხვდება. მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს და ბევრ დაავადებას კურნავს. 30-იან წლებში ამ მცენარის კურკ ოქროზე ძვირად ფასობდა, სპეციალურ აღრიცხვაზე იყო და ქვეყნიდან მისი გატანა სიკვდილით ისჯებოდა. ბერიას ჩეკისტებმა კი ბრაზილიიდან 109 კილოგრამი ლურჯი ქლიავის კურკა ჩამოიტანეს და თბილისის ცირკის ბუნკერში შეინახეს. ისეთივე ჩეკისტური მოხერხებულობით ჩამოიტანეს შშ-დან 100 კილოგრამი ყველაზე მაღალი ხისამერიკული სეკვოიას თესლი, რომლის ქვეყნიდან გატანა შშ-ის კანონმდებლობით დღესაც მკაცრად ისჯება.

– დიახ, ეს რეალური ისტორიაა, სიმართლეა. სამწუხაროდ, საქართველოში თესლის ბანკის შექმნის პროცესი ძალიან ნელა ვითარდება – ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. დიახ, თესლის ბანკი არსებობდა საქართველოში, მაგრამ… საბჭოთა ბიოლოგიაში იყო ტროფიმ ლისენკოს მიმართულება, რომელიც უარყოფდა დასავლურ მეცნიერებებს. ამით დიდი ზიანი მიადგა ბიოლოგიას, როგორც მეცნიერებას, ლისენკოს თეორიას კი „საზიანო იდეების“ წმენდა მოჰყვა – ათასობით მეცნიერის გადასახლება, დაპატიმრება, ფიზიკური განადგურება. არაფრით არ შეიძლება გრეგორ მენდელის მემკვიდრეობის კანონების უარყოფა, ერთი ჯიშის შექმნას არ ჰყოფნის ერთი ადამიანის ცხოვრება. მე  ვისმენდი დურმანოვის ლექციებს. დურმანოვი ამბობდა, რომ 300-წლიანი ვაშლი ახალგაზრდა ჯიშად ითვლება. ამიტომ, ბუნება თავად აკეთებს გადარჩევას. ყბადაღებული მიჩურინის ჯიშები, არ არსებობს.

– მაგრამ გენური ინჟინერია არსებობს…

– ეს სხვა მიმართულებაა. სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, როგორ უნდა მოხდეს გენმოდიფიცირებული პროდუქციის კლასიფიცირება. საქმე რაშია, იცით? ეს უკვე მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. პროდუქტს აუცილებლად უნდა ერთვოდეს ანოტაცია და მყიდველი თვითონ აირჩევს, შეიძენს თუ არა მას. პატარა ვიყავი, როცა გერმანიაში ვნახე, ჭიანი ვაშლი უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ფორმირებული. მამაჩემმა ამიხსნა, რომ ყველაფერი ნატურალური ძვირი ღირს. სწორედ ნატურალური ბაზრის განვითარებაა მთავარი.

 

– თქვენ ბრძანეთ, რომ ბაზა გაანადგურეს, ახლიდან ამ ყველაფრის დაწყება ძალიან ძნელი იქნება, ალბათ. სხვა რომ არაფერი, დიდ ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. აქ საჭიროა ტექნიკური ბაზა, მეურნეობა…

– ამ საკითხს სჭირდება სახელმწიფოებრივი მიდგომა, დაფინანსება. სამკურნალო მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთები ჰქონდა მიწათმოქმედების ინსტიტუტს, რომელიც სოფლის მეურნეობის აკადემიაში შედიოდა. ერთ მშვენიერ დღეს, სამსახურში მისულებს დაგვხვდა ტრაქტორები, ამწეები. ახლა იმ ტერიტორიაზე დევნილების სოფლებია განლაგებული – წეროვანში. არც მთავრობის და, განსაკუთრებით, დევნილების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეც სოხუმიდან დევნილი ვარ. მაგრამ, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან დარგს ანადგურებ, ეს ძალიან მძიმეა ამ დარგის სპეციალისტებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ჩემს პროგრამას აფინანსებდა მეცენატი, ბიზნესმენი ბატონი გოგი ცომაია, რომელიც გარდაიცვალა და დაფინანსებაც აღარ გვაქვს. იცით, განადგურდა ეს ყველაფერი, ინსტიტუტიც განადგურდა, რადგან მისი პრივატიზება მოხდა. ახალ მეპატრონეს აღარ მოუნდა გენეტიკური ცენტრი. ზოგადად, გენეტიკური რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაში უნდა იყოს, არ უნდა იყოს კერძო პირის საკუთრებაში!

 

– მზადაა ამ ყველაფრისთვის სახელმწიფო?

– ვწერთ, დავდივართ, ვლაპარაკობთ ამ თემაზე, მაგრამ…

 

– ეს დარგი არც ერთ ქვეყანაში არაა, ასე ვთქვათ, მკვდარი დარგი. ამ დარგს, როგორც ვიცი, ქვეყნისთვის მილიონების მოტანა შეუძლია.

– შეიძლება გსმენიათ, გენეტიკური რესურსების ევროპული კორპორაციის შესახებ. მე ამ კორპორაციის წევრი ვარ. კორპორაციაში სამკურნალო მცენარეების ჯგუფია და ამ ჯგუფის წარმომადგენელი ვარ საქართველოში. შარშან ათმა ქვეყანამ მოიგო გრანტი, მათ შორის ჩვენც.

 

– რა გრანტია ეს?

– გრანტი გამოიყო იმ მიზნით, რომ მოწესრიგებულიყო დოკუმენტაცია, ანუ მონიტორინგი ჩატარებულიყო. ჩვენთან მონიტორინგიც კი არ არის ჩატარებული. მივიღე ფინანსური კომისრის წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ მოგვეხსნა ეს მოგებული გრანტი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო არ იხდის საწევროს. მე პიროვნულად ვარ ამ კორპორაციის წევრი, მიწვევენ, ვესწრები კონფერენციებს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ისინი გამოყოფენ თანხას დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და ქვეყანამ ხომ უნდა გადაიხადოს საწევრო?

 

– დიდი თანხაა?

– წელიწადში 2,500 ევრო. რამდენიმე წელია არ გადაუხდია საქართველოს საწევრო. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ბატონმა უჯმაჯურიძემ მითხრა, რომ ბიუჯეტში შეიტანა ეს თანხა და ნელ-ნელა გადავიხდით. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება ჩავერთოთ საგრანტო პროექტებში.

 

– არადა, მონიტორინგი აუცილებელია…

– დიახ, ქვეყანამ უკვე აღარ იცის, რა გააჩნია. მე გახლდით აფხაზეთის ნიადაგების რესურსების რაციონალური გამოყენების ცენტრის დირექტორი. 1992 წელს ჩვენ გავაკეთეთ აფხაზეთის ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების ანალიზი ბოლო 50 წლის განმავლობაში. არაჩვეულებრივი მონაცემები იყო, გამოვეცით წიგნი. ეს უნიკალური წიგნია, რომელიც 1986 წლამდე პერიოდს მოიცავს. მაშინ ბატონი ოთარ ეზუგბაია იყო აკადემიის ვიცეპრეზიდენტი. მისი და ბატონი ალბერტ თავხელიძის (აკადემიის პრეზიდენტი) თხოვნით უნდა დაგვეწყო მუშაობა, რომ მსგავსი კვლევა საქართველოს მასშტაბით ჩაგვეტარებინა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით – საქართველო გამოეყო კონვეციას და ამ დროს ქვეყანაში დაიწყო ომი, დაინგრა ყველაფერი… საქართველოში არ ჩატარებულა მონიტორინგი. როცა მინისტრები იცვლებიან, ყველას ვწერ წერილებს, პასუხებიც მაქვს, მაგრამ…

– რა ეშველება ამ დარგს?

– უნდა აღორძინდეს.

 

– რას ვთავაზობთ მომავალ სპეციალისტებს?

– მე დამისვეს შეკითხვა – სად უნდა ვიმუშაოთ? თვითონ უნდა შექმნან სამუშაო ადგილები. ძალიან ბევრი გავაკეთე ყოველგვარი დახმარების გარეშე. მონდომება და მიზანი თუ იქნება, საქმეც გაკეთდება. მივმართე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს და, აი, რატომ? თურქმენეთის პრეზიდენტმა – იმ ქვეყნისამ, რომლის ტერიტორიის 95% უდაბნოა – თავისი ავტორობით გამოსცა 5 ტომი სამკურნალო მცენარეების შესახებ. ის ყოველ წელს აწყობს კონფერენციებს. სამი წლის მანძილზე მეც მიწვევდნენ და ვესწრებოდი თურქმენეთის პრეზიდენტის საპატიო სტუმრის სტატუსით. ამჯერადაც მიმიწვიეს, მაგრამ ვერ წავედი. მართალია, ფინანსურ საკითხებს ისინი აგვარებენ, მაგრამ საჩუქარი მაინც ხომ უნდა წამეღო? ამის საშუალება კი არ მქონდა. მოკლედ, მივმართე ბატონ მარგველაშვილს, აღვნიშნე, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი ხელს უწყობს დარგის განვითარებას, სამკურნალო მცენარეების ინსტიტუტიც აქვს (კიდევ ვიმეორებ ქვეყნის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უდაბნოა) და ჩვენს ქვეყანაში, რომელიც მდიდარია ამ მხრივ, დარგი ჩაკვდა. პასუხი არ მიმიღია.

 

– სამწუხაროა…

– აგრარულ უნივერსიტეტში ამ მიმართულებით იყო სპეციალიზაცია, რომელსაც ვხელმძღვანელობდი, იყო მიწათმოქმედების ინსტიტუტი. ბაზის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ფინანსები, ამიტომაც არსებობდა შპს, პროდუქცია კი გერმანიაში გაგვქონდა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ განვსაზღვრეთ კატაბალახას ხარისხობრივი მაჩვენებელი, ევროსტანდარტით 15%-ია, ჩვენს კატაბალახაში 27-28%-ია. გერმანელები გაგიჟდნენ! დიახ, უნიკალურია ჩვენი ნიადაგი და კლიმატური პირობები.

 

– ანტიბიოტიკებზეა ახლა სერიოზული საუბარი…

– დღეს, განვითარებულ ქვეყნებში ანტიბიოტიკების მოხმარება აკრძალულია, როგორც ბავშვთა, ისე  ცხოველთა კვებაში. საქართველოში გვაქვს ისეთი მცენარეები, რომელიც ბუნებრივი ანტიბიოტიკებია. თქვენ იცით, რაოდენ დიდი რესურსი აქვს ამ მხრივ ინდოეთს, იცით, რომ უძლიერესი სკოლა აქვს სამკურნალო მცენარეების მიმართულებით… აზია-ოკეანეთის ქვეყნების ფიტოგენეტიკური რესურსების კორპორაციის წევრიც ვარ და შევხვდი კიდეც ინდოეთის წარმომადგენლებს. ისინი დიაბეტის მკურნალობის მიმართულებებით არიან დაინტერესებულნი, ჩვენ კი, საქართველოში, ამ მხრივ ძალიან დიდი ბაზა გვაქვს.

 

– გაიტანენ ინდოეთში და შემოვა საქართველოში, რაც ძალიან ძვირი იქნება.

– იცით რა, ყველას აინტერესებს ჩვენ გარდა…

 

 

 

მასალა მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

banner
წინა სტატიაშიგახარია : ჩვენი მიზანია საპოლიციო სერვისების განვითარება, რათა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის კავშირი იყოს უფრო ეფექტური
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : აფგან მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად დიდი სამუშაოა გაწეული