რატომ განაახლა პროკურატურამ ქუმსიშვილის და ალავიძის საქმის გამოძიება

პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის შემდეგ, კიდევ უფრო ცხელი პოლიტიკური შემოდგომა გველოდება – მმართველ პარტიაში უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ხმაურიან დაჭერებს გეგმავს.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ოპონენტებთან გაასწორებს ანგარიშს, მთავარი მეოცნებე თავისიანებს ააწიოკებს. ზოგიერთს კი იმის გამო დააბარებინებს პროკურატურაში, რომ ოპოზიციისკენ არ გაიხედონ.
დღეის მდგომარეობით დაჭერის ყველაზე მეტი შანსები დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს აქვთ.
სააგენტო “თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, “ოცნებაში” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, დაკავების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
“თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, გამოკითხვაც.
პროკურატურა დიმიტრი ქუმსიშვილსა და რეგიონების განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ალავიძეს, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება. როგორც ამბობენ, ამ საქმეში წილში ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც იჯდა.
“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში აცხადებს, რომ ალავიძის წინააღმდეგ ინფორმაცია გამოძიებამ ზუგდიდის ყოფილი მერისგან, ლაშა გოგიასგანაც, მიიღო. ლაშა გოგია და ზურაბ ალავიძე ძმაკაცობდნენ და ბევრ საქმეში ერთად იყვნენ ჩართული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თაროზე შემოდებული საქმეების ჩამოღება ივანიშვილს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურმა ამბიციებმა და გიორგი კვირიკაშვილის გააქტიურებამ გადააწყვეტინა.
მამუკა ხაზარაძემ თავად დააანონსა, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნას აპირებდა. რამდენიმე თვით ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი კვირიკაშვილი შექმნიდა თავის პარტიას.
თავის დროზე პოლიტიკაში ხაზარაძის შემოყვანა ყოფილმა პრემიერმა გადაწყვიტა. დიდი ალბათობით, ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ. მათ გუნდში მოიაზრებოდნენ ალავიძე და ქუმსიშვილიც.
ამ ადამიანებმა, როგორც ამბობენ, კვირიკაშვილთან და სხვა “პადელნიკებთან” ერთად, ბიუჯეტიდან, ტენდერების ხარჯზე, რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი მოტეხეს. შესაბამისად, ბევრი ფული დააგროვეს.
მათი და ხაზარაძის კაპიტალის გაერთიანების შემთხვევაში ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურად ძალიან ძლიერები პოლიტიკური ძალა გამოვიდოდა.
სხვა შემთხვევაში ეს ივანიშვილს არ შეაშინებდა, მაგრამ ახლა მისი და “ოცნების” რეიტინგი ძალიან არის დაცემული და ნებისმიერი ახალი მოთამაშის გამოჩენა ოლიგარქისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ივანიშვილი ხაზარაძეს და კვირიკაშვილს სიამოვნებით მიაირაკლიოქრუაშვილებდა, მაგრამ მათ დაჭერას დიდი საერთაშორისო სკანდალი მოჰყვება.
ორივე მათგანი ანაკლიის პორტთანაა დაკავშირებული. “ოცნების” ლიდერს საერთაშორისო თანამეგობრობა ისედაც ამ მნიშვნელოვანი პროექტის მტრად აღიქვამს, მათი დაჭერის შემთხვევაში ყველა იტყვის, რომ ანაკლიის პორტს უკავშირდება ეს დაკავება.
ამიტომ კვირიკაშვილს პატიმრობა არ ემუქრება. ის უკვე გააფრთხილეს, რომ მამუკა ხაზარაძეს არ უნდა გაეკაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავისი საფირმო გინების დახვეწა მატროსოვის ციხეში მოუწევს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, იგივე გაფრთხილება მიიღო ქუმსიშვილმაც. მას ისიც უთხრეს, რომ ახალი პარტიის დაფინანსება არ უნდა გაბედოს, თუმცა, ყოფილი პრემიერისგან განსხვავებით, მან შეიძლება რამდენიმე თვე მაინც გაატაროს საკანში.
საკანში გამომწყვდევით დაემუქრნენ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასაც.
რამდენიმე დღის წინ “ახალ თაობაში” გამოქვეყნდა მასალა, რომლის თანახმადაც, ქობულია ხაზარაძის პარტიაში აპირებდა შესვლას. გაზეთის გამოსვლის შემდეგ, ნამინისტრალი დაიბარეს და ლამის დააფიცეს, რომ ბანკირს არ გაეკარებოდა.
“ახალი თაობა” იმასაც წერდა, რომ ხაზარაძის პარტიაში გაწევრიანებას “ოცნების” რიგითი წევრებიც გეგმავდნენ. ხელისუფლებამ ისინიც სასტიკად გააფრთხილა.
პოლიტიკური ცელქობის შემთხვევაში მათაც სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
“ახალი თაობის” წყაროს ინფორმაციით, ქუმსიშვილის და ალავიძის გარდა, ივანიშვილს სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის დაპატიმრებაც აქვს გუმანში.
მის შესაძლო დატუსაღებაზე მედიაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, თუმცა გოგაშვილი დღემდე თავისუფლად დადის. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ამ ჯერზე ივანიშვილმა მყარი გადაწყვეტილება მიიღო.
მთავარი მეოცნებე ვიღაცებმა დაარწმუნეს, რომ გოგაშვილმა შესაძლოა ოპოზიციასთან ითანამშრომლოს. ეს უკანასკნელი ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას ფლობს “ოცნების” კულუარებიდან და ივანიშვილისთვის ისიც სახიფათო ხდება.
დაჭერების და გაფრთხილებების პარალელურად, სამთავრობო ცვლილებებსაც ვიხილავთ. შეიცვლება ბიზნესომბუდსმენიც. ამ პოსტზე, შესაძლოა, სამეგრელოს გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ვიხილოთ.
ამ ინფორმაციას მასთან დაახლოებული მედია და ადამიანები ავრცელებენ. არადა რამდენიმე დღით ადრე, მან “ახალ თაობას” ლამის ომი გამოუცხადა, როცა ჩვენ დავწერეთ, რომ მოწერელია გუბერნატორის პოსტის დატოვებას აპირებდა.

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმაია ცქიტიშვილი -თუ კონსორციუმი ვერ აღმოჩნდება წარმატებული ამ პროექტის განხორციელებაში, მაშინ ჩვენ ან უნდა მოვძებნოთ სხვა ინვესტორი
შემდეგი სტატიასაერთაშორისო დიდოსტატი კონსტანტინე შანავა თურქეთის ქალაქ ჩუბუკში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია