რატომ „გადაიფიქრა სიკვდილი“ სააკაშვილმა

როგორც დაგიანონსეთ, გასული კვირა პარლამენტში მუშტი-კრივს დაეთმო. ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლები, ცდილობენ ამომრჩეველს დაანახონ, რომ უკან დახევას არაფერზე აპირებენ და აგერ, „ოცნების“ გასახარად, გიორგი ვაშაძემ იარაღიც ახსენა. ეს იმ სერიის გაგრძელება და დადასტურებაა ხელისუფლების ჭკუით, რომელიც სუს-მა უკვე დააანონსა და რომლის მიხედვითაც, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, ძალისმიერი მეთოდით იგეგმება. ყველაზე სამწუხარო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, ძალაუფლებისთვის, ყველაფერზე წამსვლელია. ხელისუფლებას „ღიმილიანი სახით“ მოუწოდა დანებებისკენ მიხეილ სააკაშვილმაც, რომელსაც სასამართლოზე ჩართვის დროს, აშკარად ეტყობოდა, რომ „სიკვდილი გადაიფიქრა“, თმაც დავარცხნილი ჰქონდა, წვერიც გაპარსული და წონასაც ნელ-ნელა დაიბრუნებს. მიშა საკუთარ თავს ოპოზიციის უპირობო ლიდერად თვლის და ეს იმის მიუხედავად, რომ მაგალითად „მოქალაქეები“ და „გირჩი“ (ამ უკანასკნელს ახალგაზრდებში ცოტა მხარდამჭერი ნამდვილად არ ჰყავს), სააკაშვილთან ნებისმიერ კოალიციას გამორიცხავენ.

სანამ ჩვენთან ძალაუფლების, გავლენებისა და დიდი ფულის გამო ხელჩართული ბრძოლაა, აგერ, აზერბაიჯანმა გადასარევად ისარგებლა იმით, რომ ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი ღიად გააკრიტიკა, ხმამაღლა განაცხადა,რუსეთის იმედი აღარაფერში აღარ მაქვსო და ყარაბახი მთლიანად დაიბრუნა. შეტევა, რომელსაც ალიევმა სპეცოპერაცია დაარქვა, სამ დღეს გაგრძელდა და ამ ყველაფერს რუსი სამშვიდობები და დასავლეთი მშვიდად უყურებდნენ (თუ არ ჩავთვლით, რომ ორივემ შეშფოთება გამთქვა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა). ალიევს კოვზი ნაცარში კინაღამ 20 სექტემბერს ჩაუვარდა, როცა მისმა ჯარებმა, ცეცხლი შემთხვევით რუს სამშვიდობოებს გაუხსნეს და რამდენიმე მათგანი დაიღუპა, მაგრამ მომხდარის გახამაურებისთანავე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი პუტინს ესაუბრა, მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, დამნაშავეების უმკაცრესად დასჯისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის სოლიდური ფინანსური დახმარების გაცემის პირობა დადო. რუსეთმაც აზერბაიჯანულ მხარეს შეუნდო და ამით სომხეთს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მის მხარეს აღარ არის და დასავლეთთან ურთიერთობის დათბობა ფაშინიანს ძვირი დაუჯდა. მეტიც, როგორც ამბობენ, რუსეთი როგორც კი მოიცლის, ფაშინიანს რევოლუციას მოუწყობს და სახლში გაუშვებს.

ამის ფონზე, საქართველოში სიტუაციის დაძაბვას, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ და ყველაფერს აკეთებს, რომ გაბზარული გატეხოს, ხოლო ხელისუფლებას პირიქით – ურჩევნია პარლამენტის ფოიეში ურტყას ოპოზიცონერ ლიდერებს, ვიდრე თუნდაც 200 კაცი შეიკრიბოს პარლამენტის წინ და მათი აგრესიის შესაკავებლად, სპეც-დანიშნულების რაზმის ჩარევა გახდეს საჭირო.

თუ უკვირდებით, ბოლო დროს განსაკუთრებით ოპოზიციონერი ქალბატონები გააქტიურდნენ. შიდა პარტიული გადაწყვეტილებით, ქალებმა შეურაცხყოფა უნდა მიაყენონ „ოცნების“ ლიდერებს იმის იმედად, რომ რომელიმე მათგანს ნერვები უმტყუნებს და ხელს თუ არ მოიქნევს, გვარიანად, კამერების წინაშე შეუკურთხებს მაინც. როგორც გვეუბნებიან, მთავარი აქცენტი ვიქტორ ჯაფარიძეზე გაკეთდება, აქაოდა, მესტიის დეპუტატს ფეთქებადი ხასიათი აქვს და შეიძლება რომელიმე ქალბატონი შემოელანძღს, რის შემდეგაც, მისთვის პარლამენტარის მანდატის ჩამორთმევას მოითხოვენ. ისე, პარლამენტის შემხედვარე, ჩხუბი საკრებულოშიც დაიწყო, მერე გლდანში გაგრძელდა და ზოგადად, მუშტი-კრივი მალე მთელ ქვეყანას მოედება, რადგან არჩევნები ახლოვდება და როგორც წესი, პოლიტიკოსები ხალხს თავს არა საარჩევნო პროგრამით, არამედ მოქნეული მუშტით აწონებენ.

სხვათა შორის, ოპოზიციას რეგიონში მიმდინარე ამბები ახარებს, აქაოდა, რუსეთი კავკასიაზე ხელს იღებს და რეგიონს მომავალში თურქეთი გააკონტროლებს, რაც ძალიან კარგია, რადგან თურქებთან მოლაპარაკება შესაძლებელია, რუსებთან კი არაო. ვერ ვიტყვით, პოლიტიკოსებმა საყველპურო ისტორია მაინც არ იციან თქო და რაღაც ვერ ვიხსენებთ, ისტორიულად, თურქებთან რომელიმე მოლაპარაკება წარმატებულად დასრულებულიყოს. ჰოდა, ტაშის კვრა რატომღაც ჯერ ძალიან ადრე გვგონია და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ რუსეთი კავკასიიდან გადის და აქაურობაზე ხელს იღებს. ის, რომ სომხეთს არ დაეხმარა, უფრო სადამსჯელო ღონისძიება იყო, ვიდრე ხელის აღების დემონსტრირება…

პ.ს. 22 სექტემბერს, გლდანში საკრებულოს დეპუტატზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგნლები ხმამაღლა საუბრობნდნენ, რომ საკრებულოში მმართველი გუნდის წევრების ძმაკაცები კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები არიან და მათ მეგობარს და თანაპარტიელს სწორედ ისინი გაუსწორდნენ. ბატონებო (ქალბატონებოც), თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც, მუდმივად იყვნენ საკრებულოს ისეთი წევრები, რომელთა მეგობრებიც კრიმინალურ სამყაროსთან ასოცირდებოდნენ. დღესაც არიან ასეთები, როგორც სახელისუფლებო გუნდში, ისე ოპოზიციაში. არამარტო ასეთები, არამედ ისეთებიც, რომლებიც პირდაპირ, საკრებულოს დერეფნებში „ხელზე მაზავენ“, საფეხბურთო თუ საკალათბურთ მატჩებზე „ყომარობენ“, „თავანს აბარებენ“ და ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავია. ახლა არ თქვათ, უი, არ ვიცოდითო და ხელს არავის ვაფარებთ – ასეთი ადამიანები როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შორის, ისე ოპოზიციაშიც მრავლად არიან.

პ.პ.ს. ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი-მანჩესტერის ერთიანი და მეტობა რომ დაჯდა, საკრებულოს წევრების ჟრიამული მთელ ლესელიძეს ესმოდა….

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი საზღვარგარეთ არ წარმოადგენს საქართველოს იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც კონსტიტუციაშია – ვოლსკი
შემდეგი სტატია„ჩვენ ერთად აღარ ვართ“ – ორწლიანი პაუზის შემდეგ, სანდრა რულოვსმა მიხეილ სააკაშილი მოინახულა