რატომ გაანეიტრალეს იოსებ ოხანაშვილი და დეკანოზი გიორგი მამალაძე? ისინი ხომ პატრიარქის ყველაზე უფრო უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ

“ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი”. წმ. ტიხონ ზადონელი

სამწუხაროდ, ბოლო წლებში მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობიშვილი) პერსონა მეტად უპასუხისმგებლო, ოდიოზურ, არაკორექტულ, არასერიოზულ, დესპოტურ და არაპროგნოზირებად ნატურად ჩამოყალიბდა. ცხადია ამგვარი შთაბეჭდილებისა და შეფასების შესაძლებლობას თავად აღნიშნული პირის მხრიდან სხვადასხვა დროს დაფიქსირებული დესტრუქციული განცხადებები და დევიანტური ქმედებები იძლევა.

ჯერ კიდევ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის გარიჟრაჟიდან მოყოლებული, რეგულარულად ვისმენდით ნასვამ თუ ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ქორეპისკოპოს იაკობის მიზანტროფიულ მუქარებს, გინებასა (“მკიდია, ყველას დედებს მოვიკითხავ, მოვუვლი, ვცემ, თავს მოვაჭრი” და ა.შ.) თუ აგიტაციებს ცალკეული პოლიტიკოსებისა და პარტიული სუბიექტების მიმართ, რაზედაც სანქცირებას საპატრიარქოც და მთავრობაც საკუთარ დუმილში ავლენდნენ.

ბუნებრივია, ყველა თემას ვერ შევეხებით, თუმცა აქცენტების გამახვილება საჭიროა იმ საკითხებზე მაინც რისი უშუალო ფიგურანტი და აქტორიც სწორედ მთ.ეპ. იაკობის პიროვნება ბრძანდება.

ციანიდის საქმემდე, ცოტა ხნით ადრე მეუფე იაკობმა ბოდბის მონასტერში (4.12.2016 წ.), წირვის დასრულების შემდეგ იქადაგა:

“…ბოლო პერიოდში, ვიღაც-ვიღაცეები ცდილობენ რომ ცუდი წერონ ეკლესიაზე და ძირითადად ურტყამენ ხოლმე პატრიარქს!.. ჩავეძიე პრაიმ ტაიმში გამოქვეყნებულ სტატიის ავტორს და გავიგე ვინც იყო. ხუთშაბათს, ერთი კაცი საპატრიარქოშივე გაილახა, ჩემგან იბერტყა ის ადამიანი!”

“…ტყუილა გონიათ რომ ან სიძეობა, ან რამე – იმუნიტეტია!”

“…ეხლა ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა, ჩემი უწმინდესის წინააღმდეგ წავიდა ბრძოლა. ამ დროს ხო, მე ვიტვირთავ იმას, რომ ჩვენი ეკლესია მასეთი ხალხისაგან გავათავისუფლო…”

“ისინი ხო, სამსახურში მაინც ვერ ივლიან, ამას იმიტომ ვაცხადებ, რომ ერისთვის გაუგებარი არ იყოს…”

“…ამას იმიტომ ვამბობ, რომ თან დროც მივეცი და ისინი ვინც იცავენ (პატრიარქს) დაიცვან და იმათაც მივაყოლებ ზევიდან!”

“…ამიტომ მივხედავთ, ყველას მივხედავთ..!”

შეგახსენებთ, რომ ამ ქადაგებიდან ძალიან მალე 10.02.2017 წ. ვიღებთ ჯერ კიდევ ბურუსითმოცულ ციანიდის სკანდალს!

მოცემულ სიუჟეტს თუ გადავხედავთ, რასაკვირველია ჩნდება სავსებით რიტორიკული კითხვები. მაგალითად: რატომ გაანეიტრალეს იოსებ ოხანაშვილი და დეკ. გიორგი მამალაძე? ისინი ხომ პატრიარქის ყველაზე უფრო უახლოესი გარემოცვის წევრები იყვნენ და შემთხვევით სინამდვილე ხომ არ იცოდნენ იგივე ეკლესიის საჭეთმპყრობელის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით? ცხადია ამ ვერსიას ლოგიკა და ლეგიტიმაცია აქვს და განსჯა პირუთვნელი საზოგადოების პრეროგატივაა.

აქვე, აუცილებლად უნდა შევნიშნოთ ერთი, მეტად საგულისხმო დეტალი: ბრალდებულ გიორგი მამალაძის სასამართლო სესიების დახურვა, საქმეზე გრიფის მინიჭება და ადვოკატების მხრიდან გაუთქმელობის შესახებ პირობაზე იძულებითი ხელმოწერა. აღნიშნულს მოსამართლე შემდეგი გარემოებით ხსნიდა: “საქმეში არსებული დელიკატური საკითხები, რომ ფართო საზოგადოებამ გაიგოს, მოსახლეობა მორალურად შეირყევა და შოკირებული დარჩებაო”!

რომ წარმოვიდგინოთ, რა უნდა იყოს ისეთი, რაც “საზოგადოებას მორალურად შეარყევს”? ნუთუ კორუფციის თემა, რომელიც უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა ქართული სახელმწიფოებრიობის გამოცდილებაში?! ცხადია, რომ ეს არა! ნუთუ ნარკომანიის საკითხი, რომელიც იმდენად მასობრივია ერში, რომ აღარც კი აღიქმება სირცხვილად და მარტოოდენ სიბრალულს იწვევს?! ცხადია, რომ არც ეს! ნუთუ ალკოჰოლიზმის პრობლემა, რომელიც აბსოლუტურად არ აღიქმება შოკისმომგვრელ მოვლენად ჩვენს რეალობაში?! ცხადია, არც ეს! და მაშ რა ცოდვა შეიძლება იყოს ისეთი, რაც მოსამართლის აზრით ქართულ სოციუმს (რომელიც ძალზე კონსერვატიული და ტრადიციულია) მორალურად გაანადგურებს და საზოგადოებრივ ფრუსტრაციაში ჩააგდებს? განსჯა ნეიტრალური და წესიერი ადამიანების კეთილგონიერებისათვის მიმინდვია!

რაც შეეხება მთ.ეპისკოპოს იაკობის განცხადებას, რომელიც გუშინ საღამოს (24.11.2019) ტელეკომპანია იმედის ეთერით გაშუქდა, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ყოვლადამაზრზენი და შემაშფოთებელი მოვლენა, როცა მოქმედი მღვდელმთავარი ურცხვად ტრაბახობდა საკუთარი აღმკვეცი და მღვდლად მაკურთხეველი მღვდელმთავრის მისამართით ფიზიკური შეურაცხყოფით, რომელიც მისი მხრიდან გამოვლინდა.

მინდა საეკლესიო სამართლის საყოველთაო ძეგლიდან – წმინდა დიდი სჯულის კანონოდან შეგახსენოთ მოციქულთა 27-ე კანონი: “ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, რომელიც გალახავს, დაჩაგრავს და ამ გზით მოინდომებს დამნაშავის დაშინებას, ასეთი პირის სასულიერო წოდებიდან განკვეთას ვბრძანებთ, რამეთუ ეს უფალს ჩვენთვის სრულებითაც არ უსწავლებია, პირიქით, სცემდნენ და იგი არ პასუხობდა დარტყმებით, “…ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა…” (I პეტ. 2,23).

ზემორე საეკლესიო განწესებიდან და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, რომელიც ღვთივსულიერია და აღსასრულებლად სავალდებულოა ყველა ადგილობრივი ეკლესიისათვის, აუცილებელია დაუცხრომელი და თავშეუკავებელი თავდამსხმელის, ამ შემთხვევაში მეუფე იაკობის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა და შეუფერებელი საქციელისათვის მღვდელმთავრული პატივის დათმობა, რომელსაც “ბრძენკაცად მოჰქონდა თავი და შლეგად იქცა”. რომ. 1, 22. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავინდებურად შერჩევით სამართალს ექნება ადგილი!

გასათვალისწინებელია, რომ დაუსჯელობის სინდრომი, შეუვალობის იმპერატივი და რეალურ დამნაშავეთა მიმართ არსებული კლანური ლობისტობა პირდაპირ აზიანებს დედა-ეკლესიის ღირსებას, მის პრესტიჟს, რეპუტაციასა და ავტორიტეტს საზოგადოებაში. ამიტომ, საჭიროა დროული რეაგირება, რადგან დიდია საფრთხე, რომ – “ბევრი გაჰყვება მათ თავაშვებულობას და მათი წყალობით დაიგმობა ჭეშმარიტების გზა” (II პეტრ. 2,2).

აქვე დავძენ, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია და წინამდებარე წერილის მიზანი გახლავთ წმინდად პროფესიული პრიზმიდან გაკეთებული სავალდებულო დასკვნა, იმისათვის -“რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან – ბნელში მსხდომარენი”(ესაია 42,7) – წერს გიორგი ტიგინაშვილი .

banner
წინა სტატიაში“თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, ფოჩები მაინც შეფუთონ” – უსუფაშვილი კალაძეს პასუხობს
შემდეგი სტატია“საუბარი, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ვიღაც მოატყუა, არის ტყუილი”