რატომ ეძახის კახა მიქაია ლევან შონიას “ზეციურ” გუბერნატორს

გიხაროდენ!!!

“ხანძარი ბორჯომისა და ატენის ხეობებში ფაქტიურად ლიკვიდირებულია, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან აშკარად დაგვიანებული რეაგირებისა, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე, შესაძლებელი გახდა ცეცხლის კერების ჩაქრობა და მოსახლეობის და მათი სახცოვრისის დაცვა. იმედია, ხელისუფლება მომავალში უფრო მობილიზებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთკოორდინირებისა და პრევენციული ზომების წინასწარ მიღების თვალსაზრისით.

ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანი უნდა განიმსჭვალოს სიამაყისა და მადლიერების გარძნობით იმ უბრალო ადამიანებისადმი(მეხანძრეები, მაშველები, მოხალისეები, პოლიციელები, ჯარისკაცები), რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდნენ ხანძარს. მართლაც მძიმე საყურებელია გადამწვარი ბორჯომის ულამაზესი ხეობა.ასევე აღსანიშნავია, რომ ,,მშრომელების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ უარი თქვა, ,,ჩვენი დიდი ძმისა და მეზობლის” სურვილზე, ,,დახმარებოდა” მისგან ოკუპირებულ ჩვენს სამშობლოს”-აცხადებს „დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია “თაიმერთან” ინტერვიუში.
რესპონდენტი ,,თაიმერთან “ ინტერვიუში   რუსი პრანკერებისა და საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის სატელეფონო ჩანაწერის სკანდალს შეეხეო. როგორც მიქაია აცხადებს, თუ საერთაშორისო ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ ეს ჩანაწერი „ეფ-ეს-ბე“-მ გააკეთა და შს მინისტრი არაფერშუაშია, მაშინ პრანკერების ,,რეპუტაცია“ ძალიან შეილახება

 

ე.წ. პრანკერებს „ეფ-ეს-ბე“და პირადად პუტინი კურირებს. მათ ბევრი ადამიანი გააბითურეს, მათ შორის, სააკაშვილიც. ამიტომ, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს ჩანაწერი „ფეიკს“არ წარმოადგენდეს.

– ეს გასაგებია, მაგრამ მომხდარს პოლიტიკური კუთხით როგორ აფასებთ?

– ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან მომხდარი შესაფასებელი სწორედ პოლიტიკური კუთხითაა.
პენსის, მართლაც, ისტორიული ვიზიტის გამო გაღიზიანებულმა კრემლმა, ჩვენი ხელისუფლების, კერძოდ, შს მინისტრის ,,გულწრფელობა” ,,გამოიყენა“ და მიხეილ სააკაშვილის შიშით ჩასვრილი ხელისუფლების დასვრილი საცვლები საქვეყნოდ გამოფინა.
თუ დავაკვირდებით, კრემლი უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებების წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. კრემლის ეს ავანტიურა პირდაპირი მესიჯია ამერიკელებისთვის, რომ მას შეუძლია, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბრუნვაში მოიხსენიოს და ყველა პოზაში ,,გააკეთილშობილოს”. აქედან გამომდინარე, ჩვენი დასავლელი პარტნიორები უნდა დაფიქრდნენ!
მღებრიშვილის გაბითურება იმის კიდევ ერთი მაგალითია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დაჩქარებული გაწევრიანება გარდაუვალი აუცილებლობაა.

– ბატონო კახა, როგორც ცნობილია, სამეგრელოში ე.წ. აფხაზეთის საზღვართან მავთულხლართები ივლება. ესეც პენსის ვიზიტთან კავშირშია?

– რა თქმა უნდა… საქართველოში პენსის ვიზიტი, მართლაც, ისტორიული იყო. მან გაავლო წითელი ხაზები და ამ ვიზიტმა რუსეთს დაანახა, რომ საქართველო დასავლეთისთვის, პირველ რიგში, აშშ-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამასთან, აშშ მზადაა, გააღრმავოს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. სწორედ ეს იწვევს კრემლის გაღიზიანებას და პენსის ვიზიტის პასუხად, კრემლმა საქარველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. აფხაზეთის საზღვართან მავთულხლართების გავლება დაიწყო და რომ არა აშშ-ს ასეთი მხარდაჭერა, წამოდგენაც არ მინდა, თუ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით.

– ყველაფერ აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება როგორია?

– „ნაცებთან“ კოჰაბიტირებული და მიშა სააკაშვილის ექსტრადირებით შეშინებული ხელისუფლების?

– თუნდაც…

– ეს კითხვა თავად ხელისუფლებას დაუსვით.

ბატონო კახა, სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს…

– სხვათა შორის, ადრე გითხარით, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას სააკაშვილი სათავისოდ გამოიყენებს-მეთქი. აქვე, აქცენტი პოროშენკოს პოლიტიკურ შეცდომაზეც უნდა გაკეთდეს.
მოკლედ, პარადოქსული ვითარება მივიღეთ: მოქალაქეობის ჩამორთმევა შეიძლება, სათავისოდ მხოლოდ სააკაშვილმა კი არა, არამედ, რუსეთმაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენოს. სწორედ ამიტომაა საჭირო ამ ორი ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაცია ნატო-სა და ევროკავშირში, რათა ორივე ქვეყანა სააკაშვილის, ასევე, რუსული პროვოკაციებისგან დაცული იქნას.

– ბატონო კახა, ამასწინათ, „ჯემ ფესტსა“ და იქ მიმდინარე მოვლენებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთეთ, ანუ ნარკოდილერები დაასახელეთ და „ჯემ ფესტიც“ საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწორედ ამის შემდეგ მოექცა, რასაც ხელისუფლების მიერ ე.წ. ტროლი ჯგუფების შექმნა და თქვენზე ტავდასხმა მოჰყვა…

– მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ანაკლიასა და განმუხურში მიმდინარე ელექტრონული ფესტივალის გაუქმების წინააღმდეგი ვარ. „ჯემ ფესტი“ ჩვენი კუთხისთვის პოზიტიური მოვლენაა არა მხოლოდ ელექტრონული მუსიკის განვითარების, არამედ, ეკონომიკური  თვალსაზირისითაც.
სამწუხაროდ, ხელისუფლებამ, „ჯემ ფესტი“ საკუთარ პოლიტიკურ პროექტად, პოლიტიკური მიზნების განხორციელების საშუალებად, კორუფციისა და ნარკოდილერების შეკრების ადგილად აიქცია. ამიტომ, ხელისუფლებამ დამნაშავეები საკუთარ რიგებში უნდა ეძიოს! „ჯემ ფესტის“ დისკრედიტაცია ხელისუფლების მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკის გამო მოხდა.

რაც შეეხება ნარკოტიკებს, არ დავმალავ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ვღებულობდი ანაკლიელებისგან, განმუხურელებისგან, „ჯემ ფესტის“ დაბალი დონის ორგანიზატორებისაგან, იქ მომუშავე პოლიციელებისა და ჟურნალისტებისგან, რომელთა ვონაობასაც, რა თქმა უნდა, არ დავასახელებ.
ხმამაღლა ის ვთქვი, რაც მთელმა ანაკლიამ, განმუხურმა, სამეგრელომ და, საერთოდ, მთელმა საქართველომ იცოდა. მოკლედ, მოხდა ის, რაც როლანდ ახალაიას და მიხეილ სააკაშვილის დროს სამეგრელოში ხდებოდა: მაშინ ორი-სამი ადამიანის გარდა ვერავინ ბედავდა ხმამაღლა იმის თქმას, თუ რა ამაზრზენ ფაქტებს ჰქონდა ადგილი.
რაც შეეხება „ჯემ ფესტის“ ეკონომიურ კრახს, ეს მოასლოდნელი იყო და თავად ბატონმა სიგუამაც აღიარა. ერთი სიტყვით, ის, რასაც ვამბობდი, უკვე თავად ხელისუფლებამაც აღიარა. ისე, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, „ჯემ ფესტის“ ორგანიზებაში ციური ბარისოვნა პირადად პრემიერ-მინისტრმა ჩართო.

– ციური ბარისოვნა ვინ არის, ბატონო კახა?

– კომუნისტების დროს, ე.წ. კომბინატის დასახლების პირველ უბანში ზუგდიდში ცნობილი „წამლის ბარიგა“, ქალბატონი ციური ცხოვრობდა, რომლის შესახებაც ბავშვმაც კი იცოდა და რომელსაც თავად ხელისუფლება მფარველობდა. ზუგდიდის დღევანდელი მერის, ირაკლი გოგოხიას თაოსნობით, მისმა მომხრეებმა და ნარკომანმა მეგობრებმა, იმით გაბრაზებულებმა, რომ ხელისუფლებამ და კერძოდ, ლევან შონიამ ბატონი გოგოხია მომავალ ადგილობრივ არჩევნებში ზუგდიდის მერობის კანდიდატად არ წარადგინა და მას ცნობილი ორლარიანი მექრთამე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, წარსულში როლანდ ახალაიას მეეზოვე ლაშა გოგია არჩია, გოგოხიას ჯგუფმა ლევან ბორისის ძე შონიას ზედმეტსახელად „ციური ბარისოვნა“ შეარქვა. ასე რომ, ზუგდიდელებს ბატონი გოგოხიას სახით,,ღვთისმშობლის ქალაქის მერი“ გვყავს, ბატონი შონიას სახით კი, მეგრელებს და სვანებს გვყავს ,,ზე-ციური“ გუბერნატორი.

– ბატონო კახა, აქვე, სამეგრელოში წელს არსებულ თხილის ხარისხიანობის პრობლემასაც შევეხები. საერთოდ, თხილი სამეგრელოს მოსახლეობის შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელიც დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია.

– სამეგრელოში თხილის ბიზნესს სრულად ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს, ანუ ის ადგენს თხილის ფასს. მისთვის მთავარი თხილის ფასის დადგენაა და არა – ხარისხი, არადა, თხილის ფასი უნდა დაადგინოს ბაზარმა. ხელისუფლება კი, თხილის ხარისხის გაუმჯობესებით, მისი დროული შეწამლვით უნდა იყოს დაკავებული და იმ საქმეში, რაც მისი კომპეტენცია არაა, არ უნდა ერეოდეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება, ცენტრალური ხელისუფლების დასტურისა და მითითებების გარეშე, ამ კორუფციულ ჭაობში არ ჩაეფლობოდა.

– ბატონო კახა, ამ მძიმე ეკონომიური და სოციალური პრობლემების ფონზე, სამეგრელოში ადგილობრივი არჩევნები როგორ ჩატარდება?

– „ქართული ოცნებისგან“ ბიძინა ივანიშვილის დისტანცირებამ ამ პარტიის დეზორიენტირება და ბრინჯივით დაბნევა გამოიწვია.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებს დღეს სრულად რომ აკონტროლებდეს, პარტია ასეთ ბრიყვულ მდგომაეობაში არ აღმოჩნდებოდა.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, შემიძლია, წინასწარ გითხრა, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან ბრინჯივით დაბნეული და დეზორიენტირებული „ქართული ოცნების“ ალტერნატივა და მთავარი კონკურენტი, სხვა პოლიტიკური პარტიებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მარტივ მამრავლებად დაყოფილი „ქართულ ოცნებაზე“ ბანძი ნაციონალური მოძრაობაა!
ისე საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანს ასეთი პოლიტიკური ვითარება საქართველოში და ჩაჰყვება თუ არა ბიძინა ივანიშვილი „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში?!

– ბატონო კახა, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც თავის დროზე სამეგრელოში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას შეუწყო ხელი. დღეს თქვენს თავს სად ხედავთ?

– ჩემს თავს ვერც „ქართულ ოცნებაში“ ვხედავ და ვერც – სხვა პარტიებში.

– არც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას?

– ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადაკავება რკინიგზის დეპარტამენტთან