რატომ დუმს თბილისი?!

საქართველოს ხელისუფლება აშკარად ღრმა ძილშია ან ფეხებზე ჰკიდია ოკუპირებული რეგიონები და ეთნოწმენდის დროს მოკლული ათასობით ქართველი. ეს ასე რომ არ იყოს, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ან მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი ლაითად მაინც შეიცხადებდა იმის გამო, რაც ერევანმა იკადრა.
მთიან ყარაბაღში არაღიარებული რესპუბლიკების ევროპის ჩემპიონატი ტარდება ფეხბურთში. ამ ჩემპიონატზე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების საფეხბურთო ნაკრებებიც მონაწილეობენ.
გასაგებია, რომ ამ ტურნირის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს იზამს. რამის თავი რომ ჰქონოდათ, მაშინ ატეხდნენ ხმაურს, არაღიარებულებმა აფხაზეთში რომ გამართეს მსოფლიოს ჩემპიონატი.
ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ აფხაზები და ოსები მთიან ყარაბაღში ერევნის გავლით ჩავიდნენ. არადა ერევანს რომ ჰკითხო, საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.
მეგობრობის და სტრატეგიული პარტნიორობისა რა გითხრათ, მაგრამ ეს ქვეყანა გარესამყაროს საქართველოს გავლით უკავშირდება. შესაბამისად, მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მედიის საშუალებით შეიტყვეს, რომ აზერბაიჯანს დავითგარეჯთან სამანქანე გზა გაჰყავდა. ეს აღიარება თავად მინისტრმა ზალკალიანმა გააკეთა.
სავარაუდოდ, მედიით გაიგებენ იმასაც, რომ ყარაბაღში არაღიარებულთა ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სხვებთან ერთად ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის მებრძოლი ჩავიდა.
ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონი ქართველების მიმართ არნახული სისასტიკით გამოირჩეოდა. ისინი არ ინდობდნენ არც მოხუცებს, არც ქალებს და არც ბავშვებს.
ერთ-ერთი ამ ბატალიონის მებრძოლთაგანი გახლავთ გალუსტ ტრაპიზონიანი. ის აფხაზებს ეროვნული გმირის წოდებით ჰყავთ დაჯილდოებული. ამ ორდენებს აფხაზები იმ ბოევიკებს აძლევდნენ, ვისაც ქართველები მრავლად ჰყავდა დახოცილი.
ბაგრამიანის ბატალიონთან არის დაკავშირებული ერევნის გავლით ყარაბაღში ჩაფრენილი ვალერი მაირომიანი, რომელიც ამჟამად აფხაზეთში როგორც საზოგადო მოღვაწე, ისე მოღვაწეობს.
საქართველოს ხელისუფლებას, წესით და რიგით, ამ მკვლელების შესახებ რაღაც ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და აქვს კიდევაც. საქართველოს პროკურატურაში უამრავი ტომი დევს, სადაც ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილ სიმხეცეებზეა საუბარი.
“ოცნებას”, ეტყობა, მხოლოდ სისხლიანი 9 წელი აინტერესებს. აფხაზეთში გაჟლეტილი ქართველი მოსახლეობა საერთოდ არ აინტერესებთ.
წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა, მიხეილ სააკაშვილი ერევანში რომ ჩაფრენილიყო. ქართველების მკვლელების ჩაფრენაზე კი რეაქცია არავის ჰქონია.
დიდი ალბათობით, არც უსაყვედურებენ ერევანს ამ სტუმართმოყვარეობის გამო და არც ისაა გასაკვირი, გალუსტ ტრაპიზონიანი მალე თბილისშიც ვიხილოთ. გამართლებას ამასაც მოუძებნიან.
სადაც 9 აპრილის სისხლიანი დარბევის შემოქმედის და აფხაზეთის ომის გმირის, გენერალ ლებედის, დაფინანსება “გააპრავეს”, იქ ტრაპიზონიანის გათეთრება რა პრობლემა იქნება.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიშვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა – IDFI-ის კვლევა
შემდეგი სტატიაქართული ოცნება ხმების მობილიზების მიზნით, ცდილობს გამოიყენოს პატიმრებისა და მათი ოჯახების მდგომარეობა- გიგა ბოკერია